საქმე №ა-2787-შ-63-2013 11 თებერვალი, 2019 წელი
№ა-2787-შ-63-2013 უსწორობა ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ლ. მ-იძე
მოწინააღმდეგე მხარე – 1. ტ. კ-ოვა
2. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების მომრიგებელი მოსამართლე
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – ალიმენტისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ტ. კ-ოვასა და რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობები რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა; ცნობილ იქნა და აღსასრულებლად მიექცა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც 1979 წლის 24 მარტს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე მ-იძე ლ. ტ. კ-ოვას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის – 2012 წლის 17 აგვისტოს დაბადებული ს. მ-იძის სარჩენად შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით 2012 წლის 17 აგვისტოდან შვილის სრულწლოვანებამდე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 100 რუბლის გადახდა.
2. საკასაციო პალატას 2019 წლის 7 თებერვალს განცხადებით მომართა ლ. მ-იძემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ განჩინების აღწერილობით და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული ს. მ-იძის დაბადების თარიღის - „2012 წლის 17 აგვისტოს“ ნაცვლად „2001 წლის 6 აპრილის“ მითითება.
3. საკასაციო პალატამ შეისწავლა განცხადების საფუძვლიანობა, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქმის მასალებით დგინდება, რომ ს. მ-იძის დაბადების თარიღი არის 2001 წლის 6 აპრილი, ხოლო საკასაციო პალატის 30.12.2013წ. განჩინების აღწერილობით და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში, მის ნაცვლად მითითებულია 2012 წლის 17 აგვისტო.
5. საკასაციო პალატა დამატებით აღიშნავს, რომ აღნიშნული უსწორობა გარდა მხარის მიერ განცხადებაში მითითებული აღწერილობითი და სარეზოლუციო ნაწილისა დაშვებულია განჩინების სამოტივაციო ნაწილშიც და შესაბამისად, პალატა საკუთარი ინიციატივით გაასწორებს მას.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი ეროვნული საპროცესო კანონმდებლობაა, შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეებზე, სპეციალური კანონით დადგენილ შეზღუდვათა გათვალისწინებით, ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია, როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე, ზეპირი მოსმენის გარეშე.
8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
9. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს და ს. მ-იძის დაბადების თარიღი - „2012 წლის 17 აგვისტო“ შეიცვალოს „2001 წლის 6 აპრილით“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 260-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. მ-იძის განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის №ა-2787-შ-63-2013 განჩინების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა:
2.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის №ა-2787-შ-63-2013 განჩინების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული ს. მ-იძის დაბადების თარიღი - „2012 წლის 17 აგვისტო“ გასწორდეს: „2001 წლის 6 აპრილით“.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე