Facebook Twitter

საქმე №ას-133-125-2017 31 ივლისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა.ა. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ტ.ბ." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ტ.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია ან მენარდე) და ა.ა–ს (შემდეგში: შემკვეთი, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) შორის ზეპირსიტყვიერად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის პირობების შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო მოპასუხის კუთვნილ 318 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე (მდებარე, ქ. თბილისში, ........ და ....... საცხოვრებელ სახლებს შორის, იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 2, ს/ფ 15-16) აეშენებინა მრავალბინიანი სახლი, ასევე უზრუნველეყო მშენებლობის პროექტის შედგენა და გაეწია მშენებლობისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები (იხ. სარჩელი და შესაგებელი, ტ. 2, ს/ფ 2-7, 103-106).

2. მოსარჩელესა და შპს ,,ნ. +”-ს (შემდეგში: პირველი ქვემენარდე) შორის, 2010 წლის 2 მარტს, დაიდო ხელშეკრულება საპროექტო სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად პირველ ქვემენარდეს კომპანიის სასარგებლოდ მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი სახლის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შეედგინა, კერძოდ, უნდა დაემზადებინა: პროექტის არქიტექტურული ნაწილი; პროექტის კონსტრუქციული ნაწილი; მშენებარე სახლის ელექტროობისა და ვენტილაციის პროექტი. შესასრულებელი სამუშაოების საერთო ღირებულება 28 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით განისაზღვრა (იხ. ხელშეკრულება, ტ. 2, ს/ფ 17-19).

3. პირველმა ქვემენარდემ 2010 წლის 2 მარტს გაფორმებული საპროექტო სამუშაოების შესრულების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღო მენარდისაგან (იხ. 2010 წლის 1 აგვისტოს შედგენილი №01/08/10/02 მიღება-ჩაბარების აქტი და №69231 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ტ. 2, ს/ფ 20, 24).

4. კომპანიასა და შპს ,,ს–ოს” (შემდეგში: მეორე ქვემენარდე) შორის დადებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, 2010 წლის 10 აპრილს დადებული №9 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მეორე ქვემენარდემ ჩააბარა, ხოლო მოსარჩელემ მიიღო ობიექტზე ,,თბილისში, ...... ბიზნეს ცენტრის მშენებლობის საინჟინრო-გეოლოგიური საექსპერტო დასკვნა”. სამუშაოების მთლიანი ღირებულება დ.ღ.გ.-ს ჩათვლით 500 ლარით განისაზღვრა (იხ. ტ. 2, ს/ფ 23, 26).

5. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2010 წლის 24 აპრილს გაცემული №ნ/873-1 მშენებლობის ნებართვის მოწმობის მიხედვით მოპასუხის (შემკვეთის) კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის ნებართვა გაიცა 2011 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით. ამასთან, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის არქიტექტურის სამსახურის №695081 ბრძანებით, მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ახალი ნებართვა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა გაიცა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 20 მაისიდან 2014 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით (იხ. ტ. 2, ს/ფ 111-114).

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. მოსარჩელემ (მენარდემ), მის მიერ გაწეული ხარჯის 28 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და 29 595.86 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, 2014 წლის 29 დეკემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის (შემკვეთის) წინააღმდეგ.

6.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-5 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და დამატებით აღნიშნა, რომ მის მიერ სრულდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მან უზრუნველყო მშენებლობისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, განხორციელდა ხიმინჯების ბურღვის სამუშაოები, რაშიც 16 501 ლარი გადაიხადა, მოპასუხემ დაარღვია არსებული შეთანხმება, ხოლო მოსარჩელის მიერ მომზადებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით მშენებლობა მესამე პირს დაუკვეთა.

6.3. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი არამიზნობრივი ხარჯის გაწევის გამო შემოსავლების სამსახურმა დააჯარიმა 10 427 ლარით, რასაც დაემატა საურავი - 2667.86 ლარი.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მან არ უარყო რომ არსებობდა სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა აშენებულიყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, თუმცა, განმარტა, რომ ურთიერთობა დამყარებული იყო არა მოსარჩელესთან, არამედ - გ.ზ–თან.

7.2. მოპასუხის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები არ განხორციელებულა, ამოთხრილი იყო მხოლოდ წრიული ორმოები. მოპასუხის მოსაზრებით ურთიერთობა გ.ზ–ძის ბრალით შეწყდა და სწორედ მან უნდა აანაზღაუროს კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები.

7.3. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. შემოსავლების სამსახურის მიერ მოსარჩელის (კომპანიის), დაჯარიმების ფაქტს კი მოპასუხესთან არავითარი კავშირი არ აქვს.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით მენარდის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხეს 28 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

8.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 103-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 408-ე, 394-ე, 976-ე, 991-ე, 982-ე, 128-ე მუხლებით; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით; „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების მე-20, 90-ე მუხლებით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების დადებაზე არ შეთანხმებულან, ხოლო მოპასუხის მხრიდან არ განხორციელებულა ისეთი სახის ბრალეული ქმედება, რომლის გამოც ზიანი შეიძლება მიდგომოდა მოსარჩელეს. ამდენად, ამ უკანასკნელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლო იყო.

8.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდის ხარჯით მომზადებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით სარგებლობაში ვლინდება შემკვეთის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი.

8.4. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე მითითებით აღნიშნა, რამდენადაც სარჩელი კმაყოფილდება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე, მოთხოვნა განხორციელებადია და მასზე ვრცელდება ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებით მოპასუხემ მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არ შეთანხმებულან ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების დადებაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების დადებისას კომპანიის დირექტორი ანუ საზოგადოების ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო გ.გ. და არა - გ.ზ–ძე, თუმცა, იქვე დასძინა, რომ 2014 წლის 14 იანვარს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მართალია, კომპანიის დირექტორად მითითებულია გ.ზ–ძე, თუმცა, 2010 წლის 2 მარტს და 2010 წლის 1 აგვისტოს პირველ და მეორე ქვემენარდეებთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ე.ი. სარჩელში მითითებული ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების დადებისას კომპანიის დირექტორი, ანუ საზოგადოების ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გ.გ. იყო;

9.3. აპელანტსა და გ.ზ–ძეს შორის ზეპირი ფორმით დაიდო ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე გ.ზ–ძეს უნდა აეშენებინა მრავალფუნქციური შენობა შემკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, ხელშეკრულების დადებისას გ.ზ–ძე იყო მოსარჩელე კომპანიის თანამშრომელი, ხოლო 2013 წლის 26 თებერვლიდან ამავე კომპანიის დირექტორი. მოსარჩელის მხრიდან მოწონებულ იქნა გ.ზ–ძის მიერ მოპასუხესთან დადებული ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებების გაფორმება: 2010 წლის 2 მარტს პირველ ქვემენარდესთან და 2010 წლის 1 აგვისტოს - მეორე ქვემენარდესთან სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით;

9.4. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელემ თავად არ შეასრულა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მშენებლობასთან დაკავშირებით, რის გამოც მოპასუხეს ზიანი მიადგა. მენარდემ მხოლოდ რამდენიმე წრიული ორმო ამოთხარა და მიატოვა მშენებლობა იმის გამო, რომ ვეღარ აგრძელებდა მშენებლობას, ხოლო პროექტი შემკვეთს გადასცა. 2011 წლის 24 აგვისტოს მშენებლობის ნებართვას გაუვიდა ვადა. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, აპელანტს მშენებლობა ორი წლით შეუჩერდა. მოპასუხე იძულებული გახდა, აეღო მშენებლობის ნებართვა და ახალი ინვესტორი მოეძებნა;

9.5. აპელანტის განმარტებით, მენარდემ შემკვეთს საკომპენსაციოდ სამშენებლო პროექტი გადასცა, ვინაიდან მის მიმართ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის ვალდებულება არ შეასრულა. მოსარჩელეს სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის პერიოდიდან, 2011 წლის 24 აგვისტოდან, სარჩელის აღძვრამდე, 2014 წლის 29 დეკემბრამდე, სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნით აპელანტისათვის არ მიუმართავს;

9.6. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ მომზადებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით სარგებლობაში ვლინდება მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 129-ე და 130-ე მუხლები, რომელთა თანახმადაც მოსარჩელისათვის მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება ვადა, როდესაც მშენებლობის სანებართვო მოწმობას გაუვიდა მოქმედების ვადა, ანუ 2011 წლის 24 აგვისტო; შესაბამისად, ამ დღიდან დაიწყო ხანდაზმულობის ვადის დენა. კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გავიდა 2014 წლის 24 აგვისტოს, მოსარჩელემ კი სასამართლოს სარჩელით 2014 წლის 29 დეკემბერს მიმართა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

10.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 976-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

10.4. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 8.3-8.4 ქვეპუნქტები).

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

11.2. კასატორი იმეორებს თავის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ პრეტენზიებს (იხ. ამ განჩინების 8.2-8.6 ქვეპუნქტები).

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

12.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ ის შესაბამის დასაბუთებას არ შეიცავს.

17. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

18. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის მიღწევა და ამის შემდეგ შეამოწმებს სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს.

19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მხარეთა განმარტებას, რომ მათ შორის ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება გაფორმდა და აღნიშნავს, რომ სსკ-ის 930-ე მუხლის თანახმად ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამხანაგობის ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს მონაცემებს საერთო მიზნისა და იმ მოქმედებების შესახებ, რომლებსაც ამხანაგობის წევრები კისრულობენ ამხანაგობის საერთო მიზნის მისაღწევად (შდრ. სსკ-ის 930-ე მუხლის კომენტარი, www.gccc.ge, ბოლო დამუშავება: 02.08.2016 წ.). აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულებაში მხარეთათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შეფასების თვალსაზრისითაც, არ ვლინდება ამხანაგობისათვის დამახასიათებელი არსებითი პირობა - მხარეებმა ერთობლივად იმოქმედონ საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი სხვა ურთიერთობისაგან განსხვავებით, როდესაც მხარეთა უფლება-მოვალეობები ორმხრივად მავალდებულებელია (სინალაგმატურია), ერთობლივი საქმიანობის მონაწილე ორი ან რამდენიმე პირი საერთო მიზნებისათვის იღვწის და თითოეული მათგანის როლი და ფუნქცია შესაძლოა ამხანაგობაში სხვადასხვა შესატანის შეტანას - განსხვავებული მოცულობის სამუშაოს (მომსახურებას) მოიცავდეს (შდრ. სსკ-ის 930-ე მუხლის კომენტარი, 27-ე ველი, www.gccc.ge, ბოლო დამუშავება: 02.08.2016 წ.).

20. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეზე არც სსკ-ის 976.1-ე მუხლით გათვალისწინებული უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევა იკვეთება, რადგან ნათელია, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა და სარჩელის საფუძვლიანობაც სწორედ სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შემოწმდეს. კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა მასსა და მოპასუხეს შორის დამყარებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას ეფუძნება (სსკ-ის 317.1-ე მუხლი). მოპასუხის მტკიცებით, მან გ.ზ–ძესთან, როგორც კომპანიის წარმომადგენელთან, მიაღწია შეთანხმებას - მის (მოპასუხის) კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს სახლი აეშენებინა, რაც ამ უკანასკნელმა მოიწონა. მოსარჩელე მის მიერ წარდგენილ სარჩელში უთითებს, რომ მასსა და მოპასუხეს შორის ზეპირი შეთანხმება შედგა მშენებლობის განსახორციელებლად, რასაც მოპასუხეც ადასტურებს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება, რის საფუძველზეც მენარდეს შემკვეთის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სახლი უნდა აეშენებინა. სწორედ ამიტომ, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის სსკ-ის 976.1-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა. სარჩელსა და შესაგებელში მოცემული განმარტებებით თავიდანვე ნათლად ირკვეოდა, თუ რა მიზანს ისახავდნენ მხარეები მათ შორის შეთანხმების მიღწევისას.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეში იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რაც მოსარჩელეს სურს (მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის - 28 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება) იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 629.1-ე, 636-ე მუხლებიდან გამომდინარე წინაპირობებს ეფუძნება. სწორედ ამ ნორმების საფუძველზე შეამოწმებს საკასაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის გამართულობას.

21.1. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მოხმობილი ნორმის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მენარდეა, რომელსაც მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა, რისთვისაც ქვეკონტრაქტორები უნდა დაექირავებინა, შემკვეთი კი შესაბამის ანაზღაურებას გადაიხდიდა (იხ. ამ განჩინების 1-4 პუნქტები).

21.2. სსკ-ის 636-ე მუხლის თანახმად შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესი სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება (იხ. სუსგ-ები: # ას-697-663-2015, 15.12.2015წ; # ას-901-851-2015, 05.02.2016წ; # ას-981-926-2015, 11.03.2016წ.).

21.3. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (იხ. სუსგ ას-697-663-2015, 15.12.2015წ.).

21.4. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მენარდემ გარკვეული სამუშაოები განახორციელა და შესაბამისი ხარჯიც გასწია (იხ. ამ განჩინების 2-4 პუნქტები), თუმცა, მას მოპასუხის წინაშე ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია. საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ რა ღონისძიებას მიმართა შემკვეთმა მენარდის მიერ სამუშაოთა არაჯეროვანი შესრულების გამო. მოპასუხე მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის ვადას ემთხვეოდა (24.08.2011 წ.), თუმცა, ამგვარი დასკვნის საშუალებას მოსარჩელის განმარტება და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა. იქედან გამომდინარე, რომ მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულება გაფორმდა (სსკ-ის 68-ე მუხლი) და მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმის მასალებით არ ირკვევა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მენარდისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის ვადად შემკვეთის მიერ ახალი ინვესტორის მოძიება და ახალი სამშენებლო ნებართვის აღება უნდა იქნეს მიჩნეული, ეს თარიღი კი 2013 წლის 20 მაისია, რის გამოც მენარდის მიერ 2014 წლის 29 დეკემბერს წარდგენილი სარჩელი ხანდაზმულად არ მიიჩნევა (სსკ-ის 129-ე მუხლი).

21.5. სსკ-ის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი ვალდებულია მენარდეს შესრულებული სამუშაო აუნაზღაუროს. უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ პირველი ქვემენარდისათვის სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენისათვის გადახდილი 28 000 აშშ დოლარი შემკვეთის მიმართ შესასრულებელი სამუშაოს ფარგლებში გადახდილი თანხაა და მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს ეს ხარჯი აუნაზღაუროს. სააპელაციო სასამართლოს უდავოდ აქვს დადგენილი, რომ მოპასუხესა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობა განხორციელდა სწორედ მენარდე კომპანიის (მოსარჩელის) ხარჯით მომზადებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მიხედვით (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, -ტ. 3, ს.ფ.78, 4.4 ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გამოკვეთილია სსკ-ის 636-ე მუხლის წინაპირობა, რომლითაც დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია მენარდეს შესრულებული სამუშაო აუნაზღაუროს.

22. საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სარჩელი დაუსაბუთებლად მიეჩნია, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

23. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში (სსსკ-ის 55.2-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ა–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე