საქმე №ას-371-345-2017 28 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.მ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჰ.მ. (შემდეგში: მამკვიდრებელი) 2010 წლის 21 ოქტომბერს გარდაიცვალა (იხ. სამკვიდრო მოწმობა, ტ. 2, ს/ფ 21-23).
2. ა.მ. (შემდეგში: მოსარჩელე) და გ.მ. (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები (შვილები) არიან.
3. მამკვიდრებლის ქონებაზე სამკვიდრო 2010 წლის 21 ოქტომბერს გაიხსნა. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა სახლთმფლობელობა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, მდებარე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....
4. მოსარჩელესა და მოპასუხეს სამკვიდროს გახსნიდან კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სანოტარო ორგანოში განცხადება, სამკვიდროს მიღების შესახებ, არ შეუტანიათ.
5. მოპასუხე მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მას მემკვიდრეობა მიღებული აქვს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით.
6. მოპასუხემ 2011 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სანოტარო ორგანოს და მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოითხოვა. მან განცხადებაში მიუთითა, რომ პირველი რიგის სხვა მემკვიდრეები არ არსებობდნენ (იხ. განცხადება, ტ. 2, ს/ფ 20).
7. მოპასუხის სახელზე 2011 წლის 13 ოქტომბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა №111118252 (შემდეგში: სამკვიდრო მოწმობა), რომლითაც მან საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები და პასივები. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოპასუხის საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 3170 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე 303,1 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და ამ ქონების მიმდებარედ, სოფელ ..... არსებული 4492 კვ.მ მიწის ნაკვეთი (იხ. ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ტ. 2, ს/ფ 28-33).
8. სარჩელის საფუძვლები
8.1. მოსარჩელემ 2014 წლის 15 იანვარს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონებაში შემავალი 4492 კვ.მ მიწის ნაკვეთის /ს/კ 20.38.03.019/ (შემდეგში: სადავო მიწის ნაკვეთი) ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.
8.2. მოსარჩელის განმარტებით, მას ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს სამკვიდრო, რადგანაც იგი მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ფლობდა და მის შემდეგაც ფლობს და სარგებლობს სამკვიდრო მასაში შემავალი სოფელ ..... მდებარე სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილით.
9. მოპასუხის შესაგებელი
9.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ შეიძლება ჩაითვალოს მემკვიდრედ, რადგან მას ფაქტობრივად არ მიუღია, არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას, არ იყო ჩაწერილი მამკვიდრებლის საკომლო წიგნში, ასევე, მისი გარდაცვალების შემდეგ 6 თვის ვადაში ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
10.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1306-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე,1433-ე, 1421-ე, 1424-ე, 1499-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მოსარჩელე მამკვიდრებლის სამკვიდროთი მისი გახსნიდან დღემდე სარგებლობს და უვლის როგორც საკუთარს, რაც უდავოდ მოწმობს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას.
11. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
11.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
13. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
13.1. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
14. საკასაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
14.2. საკასაციო სასამართლოს მითითებით მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელეს სანოტარო ორგანოში განცხადება არ შეუტანია, მაგრამ იგი ამტკიცებდა, რომ მან სამკვიდრო მისი ნაწილის ფლობითა და მართვით მიიღო. ამის დასადასტურებლად ის მიუთითებდა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ა) სამკვიდრო მასაში შემავალი სადავო 4492 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საგვარეულო (20 000 კვ.მ) მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს. მასზე გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები;
ბ) საკარმიდამო მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდით ..... და ........ (სადავო ნაკვეთი) ერთმანეთისაგან გამიჯნული არ არის. კასატორის საცხოვრებელ სახლსა და სადავო მიწის ნაკვეთს შორის მიჯნა (ღობე) არ არსებობს;
გ) ორივე მემეკვიდრე საერთო შესასვლელით სარგებლობს და, შესაბამისად, ფლობს სადავო ნაკვეთს.ამ გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებდა მიწის ნაკვეთის ტოპო-გადაღებაზე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 27) და მოწმეთა ჩვენებებზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა სამკვიდროს მიღების სამართლებრივი ბუნება. ამ დროს მემკვიდრე ისეთ მოქმედებებს უნდა ახორციელებდეს, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მის მიერ სამკვიდროს მიღებასა და მესაკუთრის სტატუსის მოპოვების განზრახვას. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მამკვიდრებლის სიცოცხლეში მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობდა, არ შეაფასა სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და მისი გაუმიჯნაობა, აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ამ ნაკვეთზე მოსარჩელე პრეტენზიას მამის სიცოცხლეშივე აცხადებდა (იხ. მოწმე გულთამზე მოწყობილის ჩვენება).
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
15.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება.
15.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
15.3. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ამავე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის №004103416 დასკვნის შემდგენმა ექსპერტმა, განმარტა და აპელანტის მიერ წარდგენილი სიტუაციური გეგმა - ნახაზებით, ასევე, მხარეთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთების ფოტოსურათების შეფასების საფუძველზე დგინდება, რომ ..... საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთი წარმოადგენს აპელანტის საკარმიდამოს, რომელიც მამკვიდრებლის სამკვიდროს სახით აქვს მიღებული და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი ორსართულიანია, ხოლო ..... საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთი - მოსარჩელის საკარმიდამო მიწის ნაკვეთია, რომელზეც განთავსებულია ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. მხარეები საავტომობილო საჯარო გზიდან თავიანთ საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელად საერთო შესასვლელით სარგებლობენ, სადაც ჩადგმულია საერთო ჭიშკარი. საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზის ნაწილი ორივე მხრიდან გამოყოფილია ბეტონის ბორდიურით და მასზედ აღმართული მავთულბადის ღობით, ხოლო ნაწილი გამიჯნული არ არის. მხარეთა საცხოვრებელი სახლების წინ მდებარე ეზოს ნაწილი ერთმანეთისაგან გამიჯნული არ არის და ამ მიწის ნაკვეთით ორივე მხარე სარგებლობს (იხ. ტ. 2, ს/ფ 306-307, 345, 346, 350).
15.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა: ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია .... და იგი მდებარეობს მხარეთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისგან მოშორებით. მიწის ნაკვეთი შემოღობილია მავთულბადის ღობით. მიწის ნაწილზე გაშენებულია თხილი, ასევე - სხვა ნარგავები, ნაწილი კი ნარგავების გარეშეა. ეს მიწის ნაკვეთი ემიჯნება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც ასევე გაშენებულია თხილის ნარგავები და რომელსაც ფლობს მოდავე მხარე. ამ მიწის ნაკვეთზე შეინიშნება სახელმწიფო მიწის ნაკვეთისგან გამყოფი ღობის კვალი, რომელიც მოშლილია. მოწმის ჩვენების თანახმად, მხარეთა შორის დავა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში არსებობდა და ამ დრომდე გრძელდება.
15.5. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 54-ე, 170-172-ე, 1336-ე, 1421-ე, 1433-ე, 1424-ე მუხლებით, სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მოსარჩელემ მამკვიდრებლის გარდაცვალებისთანავე გამოხატა ნება სამკვიდრო ქონების დაუფლების თაობაზე, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში აცხადებდა პრეტენზიას სადავო მიწის ნაკვეთზე და მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მოპასუხის წინააღმდეგობის მიუხედავად, ფაქტობრივად დაეუფლა ამ მიწის ნაკვეთის ნაწილს, რაც მხარეთა შორის მუდმივ დავას იწვევდა და რაზედაც მიუთითეს მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა. ასევე, ის ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის საკარმიდამო ეზოს ნაწილს, რომელიც გამიჯნული არ არის თავისივე საკუთრებაში რეგისტრირებული საკარმიდამო მიწის საეზოვე ნაკვეთისგან და რომლითაც, ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში სარგებლობდა.
15.6. სასამართლომ განმარტა, რომ რადგან მოსარჩელემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდროდან ½ წილი, იგი გახდა ქობულეთში, სოფელ ... მდებარე №...... საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე, ხოლო აპელანტის სახელზე მთელ ამ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა არასწორია.
16. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
16.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებით აპელანტმა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
16.2. კასატორის განმარტებით, საკომლო წიგნის ჩანაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახი ცხოვრობს ქალაქ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ვინაიდან საკომლო წიგნით მის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა არ არის საცხოვრებელი სახლი და ის გამოიყენება საწყობად, მას არ გააჩნია ფანჯრები, ასევე - სხვა აუცილებელი საჭირო ატრიბუტები.
16.3. კასატორმა აღნიშნა, რომ ჭიშკარი წარმოადგენს მხოლოდ მის საკუთრებას და მისასვლელი გზა მხოლოდ მის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზაა, ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მამკვიდრებელთან სიცოცხლეშიც უთანხმოება ჰქონდა და ის მოსარჩელეს სადავო გზითა და სადავო მიწით სარგებლობის უფლებას არ აძლევდა.
16.4. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არ აქვს იმის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება, რომ მან სამკვიდროს ნაწილი მისი ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
20. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
22. განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების დაუფლება ფაქტობრივი ფლობით. იმის დასადგენად საფუძვლიანია თუ არა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, უნდა შემოწმდეს მისი სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1421-ე და 1424-ე მუხლების საფუძველზე.
23. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა დავის საგნის გამოსაკვლევად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი (იხ. ამ განჩინების 15.3-15.6 ქვეპუნქტები), შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა არაკვალიფიციური შედავების ფარგლებში ვერ დასძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები.
24. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „მემკვიდრეობის უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება: სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება (მართვა), ან სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენა. აღნიშნული მოქმედებები განხორციელებულ უნდა იქნას სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ ანუ სამკვიდროს მიღებულად მიჩნევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრის ნებას, სურვილს, მიიღოს სამკვიდრო“ (იხ. სუსგ # ას-482-455-2012, 31.05.2012წ).
25. საკასაციო სასამართლო მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლებასთან დაკავშირებით არაერთ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) უთითებს, რომ: „სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა)“, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან და არც ამ თვალსაზრისით არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დაშვების საპროცესო კოდექსით დადგენილი წინაპირობა (იხ. სუსგ-ები: N ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; N ას-203-193-2016, 02.06.2016; N ას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას-482-455-2012, 31.05.2012წ);
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამემკვიდრეო დავაში, როდესაც მემკვიდრე სამკვიდროს ნაწილის ფაქტობრივი გზით დაუფლების ფაქტის დამტკიცებას ცდილობს, მოწმეთა ჩვენება არსებითი და ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულებაა. განსახილველ საქმეში მოპასუხის მოთხოვნით დაკითხულმა მოსარჩელისა და მოპასუხის დამ, გ.მ–მა განმარტა, რომ მოსარჩელე მამის სიცოცხლეშიც და მამის გარდაცვალების შემდეგაც პრეტენზიას აცხადებდა სამკვიდროში შემავალ სადავო მიწის ნაკვეთზე. მან დაადასტურა, რომ იცის კონკრეტულად რომელ მიწის ნაკვეთზე დავობს მოსარჩელე. მოწმის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგაც მოსარჩელე ამუშავებდა, თუმცა მას მიწის ნაკვეთი „გაფორმებული“ არ აქვს (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის სხდომის ოქმი, 16:21:58-16:25:30).
27. განსახილველ შემთხვევაში იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელემ მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდროდან კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო უძრავი ქონება, რის გამოც მას წარმოეშვა სამკვიდროს ½ წილზე საკუთრების უფლება, მოსარჩელემ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზება, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს ჰქონდა სამკვიდროს მიღების სურვილი და მან ის სამკვიდროს გახსნისთანავე გამოხატა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას დაედო საფუძვლად.
28. ზემოხსენებული მოტივაციით არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველია სსსკ-ის 391.5 -ე მუხლის თანახმად.
29. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.მ–ს (პ/ნ.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის (საგადასახადო დავალება N1, გადახდის თარიღი 2017 წლის 16 მაისი), 70% – 350 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე