Facebook Twitter

საქმე №ას-1268-2018 25 იანვარი, 2019 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ე.პ.ჯ." (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სარჩოს დაკისრება, მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ.ბ–ძე (შემდგომში - გარდაცვლილი), 2015 წლის 2 ივლისს, ელექტროდენით მიღებული ტრავმით გარდაიცვალა (ტ.1, ს.ფ. 21, 22-34 ).

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დამდგარ შედეგზე, სს ,,ე.პ.ჯ–ას“ (შემდეგში – მოპასუხე, საწარმო, მოწინააღმდეგე მხარე), თ.კ–ისა და ბ.თ–ძის ბრალეულობა და პასუხისმგებლობა დადგენილია. ამავდროულად დადგენილია, რომ უბედური შემთხვევა მხოლოდ მათ უმოქმედობას არ გამოუწვევია. ზიანის წარმოშობას თავად გარდაცვლილის მოქმედებამაც შეუწყო ხელი და მხარეთა პასუხისმგებლობა დაახლოებით 2/3:1/3-ზე შეფარდებით განისაზღვრა (ტ.1, ს.ფ. 22-34).

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით დადგენილია, რომ ნ.ბ–ძეს (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი), ბ.თ–ძესა და თ.კ–ს შორის მორიგება დამტკიცდა. ყოველთვიური სარჩოს და მორალური ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების სანაცვლოდ, მოსარჩელემ მათგან მიიღო საზღაური - 28000 ლარი, ერთჯერადად, ხოლო საწარმოს მიმართ მოთხოვნა დარჩა განუხილველად (ტ.1, ს.ფ. 66-68).

4. სარჩელის საფუძვლები

4.1 მოსარჩელემ 2017 წლის 23 მაისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ყოველთვიური სარჩო - 300 ლარი და მორალური ზიანი - 6000 ლარი დაკისრებოდა.

4.2 მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ 50 წლიდან პენსიონერია უვადოდ, ინვალიდობის გამო. 15 წელია მეუღლესთან განქორწინებულია, ამიტომ მოსარჩელე მუდმივად იმყოფებოდა გარდაცვლილი შვილის კმაყოფაზე, რომელიც მას ყოველთვიურად 300 ლარს ხელზე აძლევდა, რადგან ინვალიდობის პენსია ფასების ზრდის პირობებში, ვერ უზრუნველყოფდა აუციელებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას (კვებას, წამლების შეძენას, გადასახადების გადახდას და სხვა). მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ შვილის გარდაცვალებით უმძიმესი სულიერი ტრავმა მიიღო და დღემდე ტანჯვას განიცდის, როგორც მატერიალურად, ისე მორალურ-ფსიქოლოგიურს და სავალალო მდგომარეობაშია.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის ერთადერთი შვილი და მარჩენალი სწორედ გარდაცვლილი იყო და მისგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებდა.

5.2. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც დაუსაბუთებელია, რადგან მისი დაკისრების კანონით განსაზღვრული საფუძვლები არ არსებობს.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 105-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 408-ე, 413-ე, 415-ე, 465-ე, 469-ე, 992-ე, 1006-ე, 1183-ე მუხლებით და დაადგინა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებიდან გამომდინარე (მორიგების შედეგად ბ.თ–ძისა და თ.კ–ისგან მოსარჩელემ ერთჯერადი კომპენსაცია მიიღო; იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი), ვინაიდან მოპასუხე სოლიდარულ მოვალეს წარმოადგენდა, ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაჰკისრებოდა სარჩოს - 100 ლარის გადახდა ყოველთვიურად.

6.3 სასამართლომ სსკ-ის 413-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე ,,მორალური ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება იმ პირს გააჩნია, ვისაც უშუალოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიადგა ზიანი“ მითითებით, განმარტა, რომ „დაზარალებული“ ამ შემთხვევაში არის უშუალო მსხვერპლი და არა მისი ოჯახის წევრი. მორალური (არაქონებრივი) ზიანი პიროვნული უფლებების ხელყოფით გამოწვეული ზიანია, რომლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ამ უფლებათა სუბიექტს, სხვა პირის მიერ ანაზღაურების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია. ეს კონცეფცია ეფუძნება სსკ-ის მე-19 მუხლით დადგენილ წესს. აღნიშნული ნორმა აწესებს გარდაცვალების შემდეგ პირადი უფლებების დაცვის შესაძლებლობას, მაგრამ ამავე მუხლით აკრძალულია გარდაცვალების შემდეგ მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა (იხ. სუსგ №ას-113-108-2014; 01.05.2015).

6.4 სასამართლოს დასკვნით, იმ მოცემულობაში, როდესაც მოსარჩელე პენსიონერი, ინვალიდი და შრომისუუნაროა 2002 წლიდან გადატანილი ოპერაციების გამო, ამასთან, უშუალოდ მონაწილეობდა საქმის განხილვაშიც, წარდგენილი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი მტკიცებულება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის ადეკვატური მიზეზობრივი კავშირის დასადასტურებლად, რის გამოც მოსარჩელის სარჩელი მორალური ზიანის დაკისრების ნაწილი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

7.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7.2 აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ ჯეროვნად არ შეაფასა და მართებულად არ გამოიყენა შპს „ქ.ფ.ჯ.ც–ის“ მიერ აპელანტის ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) 19.12.2017 წელს გაცემული №1130 ცნობა. რომლის თანახმად, აპელანტის დიაგნოზია: „32 დეპრესიული ეპიზოდი“, ხოლო მოკლე ისტორიაში მითითებულია: „თავს ავად გრძნობს შვილის გარდაცვალების შემდეგ, შეიცვალა, დაეწყო უძილობები, უსიამოვნო შინაარსის სუიციდური ხასიათის აზრები, ერთეული ხმები გარდაცვლილი შვილის, თვალცრემლიანობა“. ავადმყოფობის მიმდინარეობა ცნობაში შემდეგნაირადაა გადმოცემული: „კონტაქტში შემოდის თვალცრემლიანი, უხალისოდ, სუბიექტური განცდებიდან გამომდინარე პასუხობს შეკითხვებს, გარდაცვლილი შვილის ერთეული „ხმების“ არსებობას აღნიშნავს, გუნება-განწყობა და თვითგრძნობა დაქვეითებული, „აღარ ღირს ჩემი სიცოცხლე“, იოლად აღგზნებადი, ემოციურად ლაბილური“.

7.3 აპელანტის განმარტებით, ერთობლივად შრომისუუნარო, ინვალიდი და სხვადასხვა ავადმყოფობების გამო, ისედაც დასუსტებულ-დაუძლურებულია აპელანტის ჯანმრთელობა, რაც კიდევ უფრო გააუარესა, ახალგაზრდა, ერთადერთი შვილის გარდაცვალებამ. ამგვარი გაუარესება გამოიხატა არა მხოლოდ დარდით, სულიერი ცვლილებით, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევით, ტანჯვითა და გლოვით, არამედ ისეთი ფსიქიკური დაავადების წარმოშობასა და განვითარებაში, როგორიცაა, აფექტური აშლილობა, ანუ განწყობის დარღვევები. „ეს დარღვევები რეციდიული ხასიათისაა და დაკავშირებულია სტრესთან. ის მოიცავს დეპრესიას, ბიპოლარულ, აფექტურ აშლილობას, სეზონურ აფექტურ აშლილობას და მშობიარობის შემდგომ დეპრესიას. განწყობის დარღვევები ქმნის მძიმე სოციალურ დაბრკოლებებს და ადამიანი შესაძლოა თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს“ (იხ. უნივერსალური სამედიცინო ენციკლოპენდია, ინგლისური გამოცემის ქართული თარგმანი, მთ. რეცენზენტი: ფროფ. ერიკ ფილიპი, თბილისი გამომცემლობა პალიტრა L, 2013წ. გვ 179).

7.4 ამასთან, აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, ასევე - მე-19 მუხლი; სასამართლომ ცალმხრივად მოიშველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს რამდენიმე პრეცედენტი (№ას-113-108-2014; 01.05.2015წ; №ას-593-568-2016; 14.07.2017; №ას-1156-1176-2011; 20.01.2012) და საერთოდ გამორიცხა მსგავსი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა გარდაცვლილის ახლო ნათესავების მიმართ.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.2 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები.

8.3 სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა აპელანტის მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები წარმოშვა თუ არა დანაშაულის შედეგად შვილის გარდაცვალებამ.

8.4 სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართვა, შპს ,,ქ.ფ.ჯ.ც–ის“ მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს გაცემული #100/ა სამედიცინო დოკუმენტაცია, 2018 წლის 11 იანვარს გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, სპეციალისტის სახით დაკითხული აპელანტის მკურნალი ექიმის ჩვენება და დაასკვნა, რომ, მართალია, აპელანტი საკუთარი შვილის გარდაცვალების გამო უსაზღვრო დარდს, გულისტკივილს და ღრმა დეპრესიას განიცდის, თუმცა, მისი ჯანმრთელობა იმგვარად არ შერყეულა, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, ემსჯელა დანაშაულის შედეგად მიყენებული სულიერი ტკივილით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. საქმეში არ იყო წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მიზეზობრივი კავშირის არსებობას მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის.

8.5 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიზეზობრივი კავშირის დადგენა 2015 წლის 2 ივლისს მომხდარ უბედურ შემთხვევასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის მართლაც იყო განმსაზღვრელი და ერთ-ერთი უმთავრესი გარემოება სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.2 საკასაციო საჩივრის პრეტენზიები სააპელაციო საჩივრის იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი). ამასთან, კასატორმა დამატებით მიუთითა, რომ ერთ-ერთ საქმეზე, რომლის თანახმად მოსარჩელის შვილის სხეულის განზრახ დაზიანებისა და სიცოცხლის უფლების გაუფრთხილებელი ხელყოფის გამო, რამაც განაპირობა მამის ტანჯვა და მძიმე ემოცია, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს მიერ, ხოლო განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის მოტივით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დატოვა განუხილველი. კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზეც (Nას-979-940-2014).

9.3 კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების მე-40 პუნქტში არასწორად არის გადმოცემული სასამართლოს სხდომაზე სპეციალისტის სახით დაკითხული, ორივე სამედიცინო ცნობის გამცემი ექიმ-ფსიქიატრის ჩვენება, კერძოდ, მოსამართლის შეკითხვაზე სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ,,მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევა - სულ სხვა დარღვევაა, ვიდრე დეპრესიული ეპიზოდი. ფსიქოპათოლოგიური დარღვევის დროს ვლინდება ფსიქოზი, ჰალუცინაციები, პაციენტი ვერ მშვიდდება და საჭირო ხდება მისი სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსება. რაც კასატორის შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს - ეს სულ სხვა დაავადებაა“. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, იმავე ექიმმა სააპელაციო სასამართლოს დამაჯერებლად განუმარტა, რომ კასატორის, როგორც ფსიქიატრიული პაციენტის, გამოკვლევისას და მისთვის დიაგნოზის დასმისას, ფსიქიკურ ავადმყოფთა საერთაშორისო კლასიფიკაციის სტანდარტებით იხელმძღვანელეს. მას ჯერ დეპრესიული ეპიზოდი დაუდგინდა, შემდგომ, მოგვიანებით - ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი. იგი არის დეპრესიული ეპიზოდის გაგრძელება, რომელიც გულისხმობს დეპრესიისათვის დამახასიათებელი ოთხიან მეტი სიმპტომის არსებობას კლინიკურ სურათში, რაც პაციენტს უქმნის არა ჩვეულებრივ, არამედ მნიშვნელოვან სირთულეებს საკუთარი სოციალური ვალდებულებებისა და ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში, მარტივად რომ ითქვას, როგორც დეპრესიული, ისე ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი, ორივე მძიმე ფსიქოპათოლოგიური დაავადებაა, მაგრამ ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი უფრო მძიმე ფსიქოპათოლოგიური დაავადებაა, რაც მიუთითებს პაციენტის აღქმის, აზროვნების, ემოციური და ნებელობითი სფეროს მნიშვნელოვან ფსიქოპათოლოგიურ დარღვევაზე, ეს კი საჭიროებს ხანგრძლივ და კვალიფიციურ მკურნალობას. მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიულ ფაზაში ძირითადად ინიციატივის დაცემა აღინიშნება, ინტელექტუალური და ფსიქომოტორული პროცესების შეკავება, ადვილი შესაძლებელია, ამ ფაზაში დამახასიათებელი სიმპტომების გამო, ავადმყოფები ჩავარდნენ აფექტის მდგომარეობაში, აგრესიული გახდნენ და ასოციალური ქმედება ჩაიდინონ, მათ შორის - სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრონ.

9.4 კასატორი ასევე განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პრაქტიკა, რომელიც მიუთითებს, რომ მსგავს შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დასაშვებია გამონაკლისის სახით, მხოლოდ მაშინ, როდესაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს მძიმე ფსიქოპათიური დარღვევები, რომელიც არსებითად სცილდება, უბედური შემთხვევის გამო, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიმართ სულიერი ტკივილით მიყენებულ ზიანს და ამის გამო შეიძლება, გაიგივდეს სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1 საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ.წინამდებარე განჩინების ქვემეორე პუნქტები).

14.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის ძირითადი პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ცნობა მისი ჯანმრთელობის შესახებ და სპეციალისტის განმარტება არასწორად შეაფასა. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დაუდასტურებელი ფაქტობრივი გარემოებაა, მოწინააღმდეგე მხარის ბრალებულმა ქმედებამ კასატორის ჯანმრთელობა იმგვარად შეარყია თუ არა, რომელსაც შეეძლო ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაზარალებულის მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევები გამოეწვია.

17. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, ყურადღებას ამახვილებს, რომ კასატორს 2002 წლიდან ვადიანი, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო 27.10.2005 წლიდან იგივე სტატუსი უვადოდ, ითვალისწინებს მის მიერ გადატანილ არაერთ ოპერაციას, საპენსიო ასაკს და მიიჩნევს, რომ უტყუარად არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის.

18. საკასაციო სასამართლო, იზიარებს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის ადეკვატური, მიზეზობრივი კავშირის არსებობის დამადასტურებელი სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება.

19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ ექიმ-ფსიქიატრისათვის პირველად მიმართვის თარიღზე (2017 წლის დეკემბერი), ასევე, შპს ,,ქ.ფ.ჯ.ც–ის“ მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს გაცემულ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმაში #100/ა მითითებულ ავადმყოფობის ისტორიაზე, რომლის თანახმად, კასატორს ,,ამჟამად ჰყავს სამი შვილი, ერთი გარდაიცვალა 2 წლის წინ..“ და განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაშვები საგამონაკლისო სახე, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან კასატორის დეპრესიული ეპიზოდების არსებობის შესახებ, მტკიცებულებებით, მხოლოდ 2017 წლის დეკემბრიდან არის ცნობილი, ანუ შვილის გარდაცვალებიდან 2 (ორი) წლის შემდეგ. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ 2018 წლის 11 ივლისს გაცემული ცნობის თანახმად, კასატორს დაესვა უფრო მძიმე დიაგნოზი - ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი, რაც მიუთითებს ამ დაავადების ეტაპების სწრაფად განვითარებაზე და კიდევ უფრო ამყარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მოწინააღმდეგე მხარის ბრალეული ქმედებისა და კასატორის ავადმყოფობას შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობასთან დაკავშირებით.

20. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც მისი მტკიცებით სპეციალისტის ჩვენების არასწორ სასამართლოსეულ განმარტებას ეხება, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სპეციალისტმა ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ კასატორის ჩივილები (უძილობა, თვალცრემლიანობა, აღგზნებულობა, ტირილი, შრომისუნარიანობის დაქვეითება და ა.შ) არ შეესაბამება მძიმე ფსიქოპათოლოგიურ დარღვევას.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი ,,არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება, დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (შდრ.სუსგ-ებს: #3კ-242-01, 06.04.2001; #3კ-1218-01, 24.04.2002; #ას-14-466-05, 09.11.2006; #ას-1156-1176-2011, 20.01.2012). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1006-ე მუხლით ,,დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა..“ პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ პირებს, ამ ნორმის საფუძველზე, არ შეუძლიათ, მოითხოვონ მორალური ზიანის ანაზღაურება ოჯახის ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული სულიერი ტკივილისათვის (შდრ.. სუსგ #3კ-1218-01, 24.04.2002).

22. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს, ასევე სსკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით ,,სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც“ მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ამ ნორმით დაცული სიკეთე, რომლის ხელყოფის შემთხვევაში დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება, არის ადამიანის ჯანმრთელობა, შესაბამისად, მითითებული მუხლით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის სულიერ ტანჯვას, ფსიქიკურ სტრესს. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში კი, უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს დაზარალებულის სხეულს ან მისი ორგანიზმის შინაგან პროცესებს (შდრ.სუსგ, #ას-1156-1176-2011,20.01.2012). განსახილველ შემთხვევაში, ხელყოფილია მოსარჩელის შვილის სიცოცხლე და არა უშუალოდ მოსარჩელის ჯანმრთელობა. უდავოა, რომ მოსარჩელე მძიმე ფსიქოემოციურ განცდებშია შვილის გარდაცვალების გამო, თუმცა, სამართლებრივი შეფასების კონტექსტში დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მისთვის მოპასუხის მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა, გლოვა და დეპრესია, საკმარისი წინაპირობა არაა გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ადამიანებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მსგავს შემთხვევებში, მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დასაშვებია გამონაკლისის სახით, მხოლოდ მაშინ, როდესაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევები, რომლებიც არსებითად სცილდება, უბედური შემთხვევის გამო, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიმართ სულიერი ტკივილით მიყენებულ ზიანს (ვნებებს) და, რომელიც, ამის გამო, შეიძლება, გავაიგივოთ სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან (იხ. ას-593-568-2016, 14.07.2016).

24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის პრეტენზიებში მითითებულ საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაზე (Nას-979-940-2014, 10.09.2015წ.) და მიიჩნევს, რომ მასში განვითარებული მსჯელობა არ ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს.

24.1 საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები - საქართველოში დამკვიდრებული მიცვალებულის უკანასკნელ გზაზე სათანადო პატივით გაცილების, ასევე, დედის მიერ შვილის ცხედრის პირველად ნახვასთან დაკავშირებული სულიერი ტკივილის თაობაზე, კონკრეტულ შემთხვევაში იძლეოდა იმგვარი პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ ავიაკომპანიის მხრიდან ვალდებულების დარღვევით განცდილი ნეგატიური ფაქტორებიდან გამომდინარე, მოსარჩელის ჯანმრთელობას მიადგა იმგვარი ზიანი, რასაც შედეგად პირის სულიერი ტანჯვა, ძლიერი ემოციური სტრესი მოჰყვა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კი, არსებითად განსხვავდება მოცემული შემთხვევისგან.

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე