Facebook Twitter

საქმე №ას-1392-2018 14 დეკემბერი, 2018 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – რ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ''ს.რ–ა'' (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს ,,ს.რ–ის“ ლიანდაგის სარემონტო სამშენებლო სამმართველოს უფროსის მიერ 2016 წლის 28 აპრილს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ რ.ბ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, დასაქმებული, დაზარალებული ან კასატორი) მუშაობდა სს „ს.რ–ში“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, ან დამსაქმებელი) სალიანდაგო სამანქანო 189-ე სადგურში ექსკავატორის მემანქანედ (ტ.1,ს.ფ. 21).

2. მოსარჩელემ (დაბ. 09.03.1939 წელს) საწარმოო ტრავმა 1993 წელს მიიღო და დაუდგინდა პროფესიული შრომის უნარის დაკარგვა 80%-ით, უვადოდ. დაზარალებული 1993 წლიდან საწარმოდან სარჩოს - 118 ლარს იღებს (იხ. ტ.1, ს.ფ. 22; 24).

3. 2013 წლის ივლისიდან (სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის საწყისი მომენტი), საწარმოში სალიანდაგო დეპარტამენტის ლიანდაგის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში დასაქმებული ექსკავატორის მემანქანის ხელფასი - 750 ლარია (ტ.1, ს.ფ. 23).

4. სარჩელის საფუძვლები

4.1 დასაქმებულმა 2016 წლის 10 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2016 წლის 01 ივლისიდან ყოველთვიური სარჩოს 600 ლარის და ერთობლივად მიუღებელი სარჩოს სხვაობის - 17352 ლარის გადახდა დაკისრებოდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

4.2 მოსარჩელის მითითებით, იგი სს ,,ს.რ–ში’’ სალიანდაგო სამანქანო 189-ე სადგურში ექსკავატორის მემანქანედ მუშაობდა. მან 1993 წელს სხეულის დაზიანება მიიღო, რის გამოც დაკარგა შრომის უნარი 80%-ით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებული წარმოებიდან ყოველთვიურ სარჩოს - 118 ლარს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო იმავე თანამდებობაზე დასაქმებული მუშაკის ხელფასი გაიზარდა, მოპასუხე მოსარჩლეს სარჩოს უცვლელად უნაზღაურებს. საწარმოში 2013 წლის ივლისიდან სალიანდაგო დეპარტამენტის ლიანდაგის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში დასაქმებული ექსკავატორის მემანქანის ხელფასი - 750 ლარია.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რ.ბ–ძის სარჩელი მოპასუხე სს „ს.რ–ის“ მიმართ საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

6.2 საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ მემანქანე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა და რაც მოსარჩელეს 2004 წელს შეუსრულდა. სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულთან ერთად გასათვალისწინებელია, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე დადგენილი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ექსკავატორის მემანქანედ მომუშავე პირთა ფიზიკურ მონაცემებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, რომლის პერიოდული გადამოწმებც, ასევე, სავალდებულო წინაპირობაა შესაბამისი სამუშაოს შესრულებისათვის.

6.3 საქალაქო სასამართლომდაასკვნა, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის ვარაუდი, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის პირობებში, მოსარჩელე ამჟამადაც იმუშავებდა მოპასუხე საწარმოში იმავე თანამდებობაზე და დადგენილი დამატებითი შეღავათი მასზეც გავრცელდებოდა, უსაფუძვლოა.

7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

7.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7.2 აპელანტის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 992-ე და 408-ე მუხლებთან დაკავშირებით სწორი ინტერპრეტაცია არ გაუკეთებია. დასაქმებულს საწარმოო ტრამვის შედეგად სასიცოცხლო ფუნქციები დარღვეული აქვს, რაც განაპირობებს შრომის უნარის სრულ დაკარგვას, ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას, რასაც ქმედუნარიანობის შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე მიჰყავს. საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დელიქტურ ვალდებულებას წარმოადგენს, რომელიც წარმოშობილია დაზარალებულის აბსოლუტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და არაქონებრივი სიკეთისთვის ზიანის ანაზღაურებას ისახავს მიზნად, რაც განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით დაზარალებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

8.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საწარმოს მიერ აღებული ვალდებულება ზიანის ანაზღაურების ნაწილში სრულდება მიუხედავად იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, ცხადია, რომ ამ ასაკში, რა პერიოდიდანაც ითხოვს 1939 წელს დაბადებული მოსარჩელე სარჩოს გადაანგარიშებას, იგი ექსკავატორის მემანქანედ ვერ იმუშავებდა. ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში, კვლავაც ეკისრება საწარმოს, თუმცა, 2016 წლის შემდგომ გაზრდილ ხელფასებზე მისადაგებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული (შდრ. სუსგ №ას- 789-746-2015, 2016 წლის 22 იანვარი).

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1 აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.2 საკასაციო საჩივრის პრეტენზიები სააპელაციო საჩივრის იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების 7.2 ქვეპუნქტი). ამასთან, კასატორმა დამატებით მიუთითა, რომ სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზას, დასაქმებულისათვის ზოგადად შრომის უნარის და ჯანმრთელობის დაკარგვის პერიოდი 65 (სამოცდახუთი) წლამდე არ დაუდგენია.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დასაქმებულის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ#ას-789-746-2015, 22.02.16წ.; #ას-1220-1145-2015, 03.06.2016წ; იხ., სუსგ №ას-424-397-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი, სუსგ Nას-1180-1141-2016, 31.03.2017წ; Nას-637-608-2016, 23.09.2016წ.; Nას-1220-1145-2015, 03.06.2016წ.; Nას-1216-1141-2015 03.06.2016წ.; Nას- 742-710-2016, 25.11.2016წ.)

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ საწარმოს ბრალით დამდგარი შემთხვევა, რომლის შედეგადაც მოსარჩელის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, მოხდა 1993 წელს. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ მემანქანე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა, ზემოაღნიშნულთან ერთად გასათვალისწინებელია, სამუშაოს სპეციფიკა და საქმის წარმოების დროისათვის არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის პერიოდული შემოწმებაც სავალდებულო წინაპირობაა შესაბამისი სამუშაოს შესრულებისათვის. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო კასატორმა დაკარგა შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, არ წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა გაზრდილ ხელფასს, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საწარმოს დირექტორთა საბჭოს #35/1 დადგენილების მე-6 მუხლის საფუძველზე. ამასთან, ვარაუდი, რომ მემანქანე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

16. საკასაციო სასამართლო აღარ ავითარებს მსჯელობას, გარკვეული კატეგორიის მუშაკთა შესაძლო ასაკობრივ შეზღუდვაზე, შესასრულებელი სამუშაოს სპეფიციკიდან გამომდინარე, რადგან ამ ფაქტზე რელევანტური შედავება კასატორს სასამართლო განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია, იგი შემოიფარგლა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით და აღნიშნა, რომ ექსპერტიზას შრომის უნარის და ჯანმრთელობის დაკარგვის პერიოდი არ დაუდგენია 65 (სამოცდახუთი) წლამდე.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე