Facebook Twitter

საქმე №ას-557-516-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – კ.ტ. (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ქ. (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის რაიონული განყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კ.ტ. (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, მამა ან კასატორი) და ლ.ქ. (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, დედა ან აპელანტი) 2005 წლიდან 2008 წლის თებერვლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. 2008 წლის 13 ოქტომბერს შეეძინათ შვილი, ნ.ქ. (შემდეგში: შვილი, ბავშვი, არასრულწლოვანი; პირადი №…..; იხ. ტ.1,ს.ფ.51).

2. სსიპ ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლის 2015 წლის 1 ივლისის ცნობის თანახმად, არასრულწლოვანი სწავლობს ამავე სკოლის პირველ კლასში (ტ.1,ს.ფ.35).

3. გ.მ–ის მიერ 2015 წლის 18 ივლისს გაცემული ცნობის თანახმად, არასრულწლოვანი 2013 წლის ოქტომბრიდან შეისწავლის ჭადრაკის თამაშს და კვირაში სამჯერ რეგულარულად დადის ჭადრაკის წრეზე (ტ.1,ს.ფ.76).

4. პედაგოგ ნ.ა–ის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, არასრულწლოვანი 2014 წლის ნოემბრიდან შეისწავლის რუსულ ენას და კვირაში სამჯერ რეგულარულად დადის რუსული ენის წრეზე (ტ.1,ს.ფ.78).

5. ქორეოგრაფიული სტუდია „შ–ის“ დირექტორის ფ.გ–ის მიერ 2015 წლის 24 ივლისს გაცემული №133 ცნობის თანახმად, არასრულწლოვანი სწავლობს კავშირ „შ–თან“ არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში (ტ.1,ს.ფ.79).

6. თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის 2015 წლის 6 ივლისის №1402 ცნობის თანახმად, არასრულწლოვანი 2013 წლის 25 თებერვალს ერთი დღით მოთავსებულ იქნა დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებაში, დიაგნოზით: ზ.ს.გ სხვა მწვავე ინფექციები მრავლ. ლოკალიზაცია, თანმხლები ფიბსილური გულყრა (ტ.1,ს.ფ.70-72).

7. სს „ი–ას“ მიერ 2015 წლის 10 ივლისს, გაცემული №242 ცნობის თანახმად, ბავშვს, 2013 წლის 12 სექტემბერს სს „ი–აში“ ჩაუტარდა ამბულატორიული კონსულტაცია. დიაგნოზი: მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი (ტ.1,ს.ფ.73).

8. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ 2015 წლის 3 ივლისს გაცემული ცნობის თანახმად, ნ.ქ–ს ჩაუტარდა იმუნოფერმენტული გამოკვლევა (ტ.1,ს.ფ.74).

9. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 3 ივნისის №12237 დასკვნის თანახმად, მოსარჩელე ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, სადაც ყოველთვიურად იხდის 220 ლარს. საცხოვრებელი წარმოადგენს ერთ ოთახს, სადაც დაცულია სანიტარული ნორმები, ასევე ადეკვატურადაა მოწესრიგებული სამზარეულო და სველი წერტილები (ტ.1,ს.ფ.113-116).

10. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 3 მაისის №54/1 მიმართვის თანახმად, კ.ტ–ი მუშაობს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 630 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხა 504 ლარია (ტ.1,ს.ფ.112).

11. შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2016 წლის 6 ივნისის №2322 დასკვნის თანახმად, ბავშვი შპს „გ–ში“ სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფება, რომელსაც ასაკის შესაბამისი აცრები ჩაუტარდა. ის არის ალერგიული, თუმცა ალერგიის გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის. ბავშვის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი იღებს ზოგად განათლებას, რა დროსაც სასკოლო მასალას კარგად ითვისებს. დამატებით რუსულ ენასა და მათემათიკაში ემზადება, ხოლო თავისუფალ დროს დადის ჭადრაკის, ფორტეპიანოს, ცეკვის, ფანდურისა და სალამურის წრეებზე. ოჯახი ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას დიდი ყურადღებით ექცევა, შესაბამისად, არასრულწლოვანი სათანადო მოვლითა და ზედამხედველობით უზრუნველყოფილია, შექმნილი აქვს უსაფრთხო გარემო. ბავშვის მიმართ ოჯახის წევრები სიყვარულსა და სითბოს გამოხატავენ. ბავშვი ადვილად შედის კონტაქტში, განსაკუთრებული მიჯაჭვულობის გრძნობა აქვს დედისადმი. აღნიშნული დასკვნითვე ირკვევა, რომ ოჯახს ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი გააჩნია 2 000 ლარზე მეტი ოდენობით, ამასთან, ბავშვს შექმნილი აქვს მისთვის შესაფერისი საცხოვრებელი გარემო (ტ.1,ს.ფ.115-116).

12. მოპასუხისაგან, 2015 წლის 1 იანვარს, შესული შეტყობინების საფუძველზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე №077010115001, ქ. გორში, …. მდებარე „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზე მოსარჩელის მიერ ზ.ხ–ის ცემის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიმდინარეობს გამოძიება. ზ.ხ–ი არის მოპასუხის დის მეუღლე.

13. სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები

13.1 მამამ 2015 წლის 22 ივნისს სარჩელი აღძრა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ, მოითხოვა:

13.1.1 ბავშვის მამად აღიარება;

13.1.2 ბავშვისათვის მისი გვარის „ტ–ის“ მინიჭება;

13.1.3 შვილთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა:

13.1.3.1 ყოველი კვირის პარასკევის 16:00 საათიდან კვირა დღის 16:00 საათამდე;

13.1.3.2 ზაფხულის არდადაგების პერიოდში ერთი თვე;

13.1.3.3 ზამთრის არდადაგების პერიოდში - 28 დეკემბრიდან 8 იანვრამდე, ბავშვის წაყვანის უფლებით;

13.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მისი არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოპასუხე არც დახმარებას იღებდა მისგან და არც შვილს აჩვენებდა, ამასთან, უარს აცხადებდა, როგორც მამობის ფაქტის დადგენაზე, ასევე - შვილის ნახვის უფლების მინიჭებაზე.

14. მოპასუხის პოზიცია

14.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ თანახმაა მოსარჩელე აღიარებულ იქნეს ბავშვის მამად, თუმცამ გვარის მინიჭების ნაწილში სარჩელს არ დაეთანხმა.

14.1.1 მოპასუხის განმარტებით, ბავშვმა დაბადებიდან იცის, რომ გვარად „ქ–ია“, ამავე გვარით იცნობენ სკოლაში, შესაბამისად, არ იქნებოდა სწორი გვარის შეცვლაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება.

14.2 მოსარჩელის მითითებით, იგი თანახმაა, რომ მამამ სკოლაში, სამშაბათსა და ხუთშაბათს 10 სთ-დან 13 სთ-მდე ინახულოს ბავშვი წაყვანის უფლების გარეშე. მამისათვის შვილის წაყვანის უფლების მინიჭებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა, მოტივად კი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მამის მუდმივი საცხოვრებლის არქონა დაასახელა.

15. მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები

15.1 შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მამისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის - 200 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.

15.2 ბავშვის დედის განმარტებით, ბავშვთან ურთიერთობის ყველა მცდელობა ძალადობაში გადაიდიოდა, რის გამოც უწევდა პოლიციის გამოძახება. შეგებებული მოსარჩელე უთითებს, რომ ალიმენტის განსაზღვრისას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ბავშვის საჭიროებებით.

16. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე

არასრულწოვანის ს მამამ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბავშვის ნახვისა და მასზე ზრუნვის საშუალებას დედა არასდროს აძლევდა. ამასთან, მოსარჩელემ განმარტა, რომ მამობის დადგენაზე სარჩელის წარდგენით გამოხატა ნება, იზრუნოს ბავშვზე, თუმცა, ალიმენტის სახით ყოველთვიურად მხოლოდ 100 ლარის გადახდა შეუძლია და ასევე, შესაძლებლობების ფარგლებში, ბავშვის საჭიროებების მიხედვით მასზე იზრუნებს კიდეც.

17. მესამე პირის (სოციალური მომსახურების სააგენტოს) პოზიცია

17.1 სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვი დედასთან იზრდება დამაკმაყოფილებელ პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი მიჯაჭვულია დედაზე, საჭიროა ეტაპობრივად აღდგეს ურთიერთობა ორივე მშობელთან. აღნიშნულისათვის საჭიროა თავიდან ნახვის საათები დაწესდეს, ხოლო შემდგომ, გადაწყდეს ბავშვის წაყვანისა და მამასთან დარჩენის საკითხი.

18. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

18.1 გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბავშვის მამის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

18.1.1 მოსარჩელე აღიარებულ იქნა 2008 წლის 13 ოქტომბერს დაბადებული ნ.ქ–ის მამად;

18.1.2 მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი კვირის პარასკევს 17:00 სთ-დან კვირას 12:00 სთ-მდე ბავშვის წაყვანისა და დაბრუნების უფლებით, მისი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

18.1.3 მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ზაფხულის არდადეგების დროს 1 აგვისტოდან 21 აგვისტომდე პერიოდი ბავშვის წაყვანისა და დაბრუნების უფლებით, მისი სრულწლოვანების მიღწევამდე, ან სხვა გარემოებების შეცვლამდე, არასრულწლოვანის წაყვანისა და დაბრუნების უზრუნველყოფით;

18.1.4 ზამთრის არდადეგების დროს მამას განესაზღვრა 3 იანვრიდან 8 იანვრამდე პერიოდი ბავშვის წაყვანისა და დაბრუნების უფლებით, მისი სრულწლოვანების მიღწევამდე, ან სხვა გარემოებების შეცვლამდე, არასრულწლოვანის წაყვანისა და დაბრუნების უზრუნველყოფით;

18.1.5 მოსარჩელის მოთხოვნა გვარის მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

18.2 ბავშვის დედის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

18.2.1 ბავშვის მამას, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა,დაეკისრა, სარჩელის აღძვრიდან სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

18.3 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1190-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1195-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებით და განმარტა, რომ შვილების მიმართ მშობლების უფლებებისა და მოვალეობების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, ცალკე მცხოვრები მშობლის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინება.

18.4 სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 1190-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.

18.4.1 სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 208-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვაში მოპასუხემ (ბავშვის დედამ) სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის ნაწილში ცნო.

18.4.2 სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 1197-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს, ხოლო 1202-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები და ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ მშობლისათვის შვილთან ურთიერთობა წარმოადგენს არა მხოლოდ უფლებას, არამედ ვალდებულებას, რომლის განხორციელების მიზნით სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს მშობელი, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი, საშუალება მისცეს ცალკე მცხოვრებ მშობელს ურთიერთობა იქონიოს მასთან, რისთვისაც განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს.

18.4.3 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი ცხოვრობდა დედასთან. სოციალური სააგენტოს დასკვნაში ასახული მოპასუხის განმარტების თანახმად, მოსარჩელე შვილს ჯერ საბავშვო ბაღში, ხოლო შემდეგ სკოლაში ნახულობდა, ამდენად, ბავშვის ურთიერთობა მამასთან უცხო არ იყო. სოციალური სააგენტოს წარმომადგენლის განმარტების შესაბამისად, მამას თავის საცხოვრებელ ადგილზე ყველანაირი პირობები გააჩნდა ბავშვის უსაფრთხოებისათვის, შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლების უფლებების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა მისცემოდა შვილის ნახვისა და წაყვანის უფლება, ვინაიდან, მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ არსებობდა.

18.5 არასრულწოვანის დედის შეგებებული სარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

18.5.1 მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავი იყო ასევე ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვები. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხის(ბავშვის მამის) განმარტება, რომლის თანახმადაც მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა 504 ლარს, საიდანაც თბილისში ბინის დაქირავებისათვისიხდიდა 220 ლარს. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა უნდა ყოფილიყო გონივრულ შესაბამისობაში, როგორც არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებთან, ისე თავად მამის კეთილდღეობის ინტერესებთან, იმ თვალსაზრისით, რომ ერთი უფლების დაცვის ხარჯზე დაუშვებელი იყო გაუმართლებლად შეზღუდულიყო სხვა დანარჩენის უფლება.

19. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

19.1 გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველი სარჩელის მოპასუხემ (ბავშვის დედამ), გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

19.2 აპელანტის პრეტენზია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2, 1.3 და 1.4 პუნქტებს ეხებოდა (იხ. წინამდებარე განჩინების 18.1.2-18.1.4 ქვეპუნქტები).

19.3 აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს დასკვნა ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში შეუსაბამოა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მამა (შეგებებული მოსარჩელე) სარჩელის აღძვრამდე საერთოდ არ იცნობა თავის შვილს. შესაბამისად, თავიდან უნდა დადგენილიყო მხოლოდ ნახვის საათები, მაგალითად სკოლაში ყოფნის პერიოდში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მამას შეეგუებოდა, გაზრდილიყო ნახვის საათები.

19.4 აპელანტის განმარტებით, ბავშვის მამის სამუშაო გრაფიკი და მისი არასტაბილური საცხოვრებელი გარემო ვერ იქნება ბავშვისთვის შესაბამის გარემოდ მიჩნეული. ამასთან, საქმეში არსებული სოციალური სააგენტოს დასკვნები არ შეიცავენ ინფორმაციას ახლად გაცნობილი მამა-შვილის ურთიერთობაზე, კერძოდ, რამდენად შეძლებენ ისინი ერთად ყოფნას.

20. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

20.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ბავშვის დედის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2, 1.3 და 1.4 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

20.1.1 არასრულწოვანის მამას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში განესაზღვრა შვილთან ურთიერთობისათვის ყოველი კვირის პარასკევი დღე - 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ყოველი კვირის შაბათი დღე - 10:00 საათიდან 20:00 საათამდე და ყოველი კვირის კვირა დღე - 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, წაყვანის უფლებითა და უკან დაბრუნების ვალდებულებით.

20.1.2 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, ბავშვის თანხმობის შემთხვევაში, მამას განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის ყოველი კვირის პარასკევი - დღის 17:00 საათიდან კვირა დღის 12:00 საათამდე პერიოდი, ასევე, ზაფხულის არდადეგების დროს - 01 აგვისტოდან 21 აგვისტომდე, ხოლო ზამთრის არდადეგების დროს - 03 იანვრიდან 08 იანვრამდე პერიოდი, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, ან სხვა გარემოებების შეცვლამდე, არასრულწლოვანის წაყვანისა და დაბრუნების უზრუნველყოფით.

20.2 სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

20.2.1 სადავოს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ 2005 წლიდან 2008 წლის თებერვლამდე, მხარეები (მოსარჩელე და მოპასუხე) იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. აღნიშნულ პერიოდში შეეძინათ შვილი.

20.2.2.საქმის მასალებშია ცნობები ბავშვის სასწავლებელი ადგილისა და განვითარება-შემეცნებისათვის სხვადასხვა წრეებში ჩართულობის შესახებ (იხ. წინამდებარე განჩინების 2-5 პუნქტები)

20.2.3.ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ იგი 2013 წლის 25 თებერვალს ერთი დღით მოათავსეს თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, დიაგნოზით - ზ.ს.გ სხვა მწვავე ინფექციები მრავლ. ლოკალიზაცია, თანმხლები ფიბსილური გულყრა. 2013 წლის 12 სექტემბერს სს „ი–აში“ ჩაუტარდა ამბულატორიული კონსულტაცია, დიაგნოზით - მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი, ჩაუტარდა იმუნოფერმენტული გამოკვლევა.

20.2.4.შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2016 წლის 6 ივნისის №2322 დასკვნის თანახმად, ბავშვი შპს „გ–ში“ სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფება, რომელსაც ასაკის შესაბამისი აცრები ჩაუტარდა. ბავშვი არის ალერგიული, თუმცა, ალერგიის გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის. ბავშვის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი იღებს ზოგად განათლებას, რა დროსაც სასკოლო მასალას კარგად ითვისებს. დამატებით, რუსულსა და მათემათიკაში ემზადება, ხოლო თავისუფალ დროს დადის ჭადრაკის, ფორტეპიანოს, ცეკვის, ფანდურისა და სალამურის წრეებზე. ოჯახი ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას დიდი ყურადღებით ეკიდება. ბავშვი უზრუნველყოფილია სათანადო მოვლითა და ზედამხედველობით. შექმნილი აქვს უსაფრთხო გარემო. ოჯახის წევრები მის მიმართ სიყვარულსა და სითბოს გამოხატავენ, ადვილად შედის კონტაქტში. განსაკუთრებული მიჯაჭვულობის გრძნობა აქვს დედის მიმართ. ოჯახი ოთხი წევრისგან შედგება: დედა - ლ.ქ., ბებია - ც. ქ., პაპა - გ.ქ. და თვითონ. ოჯახის უფროსი წევრები დასაქმებულები არიან, ხოლო მათი ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია. ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 2000 ლარზე მეტია და მავნე ნივთიერებებზე არც ერთი წევრი დამოკიდებული არ არის. მათ ერთმანეთის მიმართ კარგი ურთიერთობა აქვთ. ისინი ოთხ ოთახიან ბინაში ცხოვრობენ. საცხოვრებელი სახლი გარემონტებულია, სადაც განლაგებულია ახალი, თანამედროვე ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ნ–ს აქვს ცალკე ოთახი, სადაც დედასთან ერთად სძინავს. ოთახში საბავშვო ავეჯი, ასაკის შესაბამისი სათამაშოები და წიგნები აწყვია. სამზარეულო და სველი წერტილი მოწესრიგებულია. სახლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა სანიმუშოა. ბავშვის პოზიცია მამასთან ურთიერთობის შესახებ უცნობია.

20.2.5.იმავე დასკვნის მიხედვით, მამობის დადგენის შემთხვევაში აუცილებელია ორივე მშობელი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს შვილის აღზრდას, მასთან ურთიერთობას, კარგად გაითავისონ მშობლის მოვალეობები. ამასთან, ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს რეგულარული და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, თუნდაც მათი განქორწინების შემთხვევაში. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბავშვი ბაღში დადიოდა, როდესაც მშობლებს შორის ბავშვის ნახვასთან დაკავშირებით დაიდო სიტყვიერი შეთანხმება. მამა-შვილი ერთმანეთს ხვდებოდა, თუმცა, მამის მხრიდან მალევე დაირღვა შეთანხმება, ვინაიდან მამამ ბავშვის ღამით დატოვება მოითხოვა

20.2.6.მოპასუხისაგან (ბავშვის დედისაგან), 2015 წლის 1 იანვარს შესული შეტყობინების საფუძველზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე №077010115001, ქ. გორში, ..... მდებარე „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზე მოსარჩელის მიერ ზ.ხ–ის ცემის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიმდინარეობს გამოძიება. ზ.ხ–ი არის მოპასუხის დის მეუღლე.

20.3. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე, რაც წინამდებარე განჩინების 9-10 პუნქტებშია ასახული.

20.3.1 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ არასრულწოვანის მამის საცხოვრებელი წარმოადგენს ერთ ოთახს, სადაც დაცულია სანიტარული ნორმები, ასევე ადეკვატურადაა მოწესრიგებული სამზარეულო და სველი წერტილები. ბავშვის მამის გადმოცემით, მას შემდეგ, რაც შეიტყო შვილის დაბადების ამბავი, იგი შესაძლებლობიდან გამომდინარე ზრუნავს მასზე, თუმცა, ყოფილი მეუღლე სისტემატურად უშლის ხელს შვილთან ურთიერთობაში. მამას სურს შვილთან სათანადო ურთიერთობა ჰქონდეს, კერძოდ, განსაზღვრულ დღეებში ნახოს ბავშვი, რათა მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდის პროცესში.

20.3.2.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავენ და მიუთითებენ ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებზე ბავშვთან მიმართებით. სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

20.4. ამდენად, მშობლების შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებით იხელმძღვანელა, გაითვალისწინა მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირადი დამოკიდებულება მშობლებისადმი, ის სოციალური თუ ყოფითი გარემო, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი ცხოვრების წესი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მცირეწლოვანს არ ჰქონია და არც ამჟამად აქვს მამასთან სტაბილური ურთიერთობა, კერძოდ, მათი ურთიერთობა შემოიფარგლება ბაღში და სკოლაში რამდენიმე შეხვედრით, შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ბავშვი კარგად არ იცნობს მამას. აღნიშნული დასტურდება მხარეთა და მესამე პირის განმარტებებითაც.

20.5. სასამართლოს შეფასებით, მამის მიერ შვილთან ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია მოხდეს ეტაპობრივად, მშობლის მხრიდან ბავშვის ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მოსარჩელეს უნდა განესაზღვროს გარკვეული პერიოდი (მიჩვევის პერიოდი), რა დროსაც მამას მიეცემა საშუალება, ჰყავდეს შვილი დღის განმავლობაში, ხოლო, მიჩვევის პერიოდის გასვლის შემდეგ, ბავშვის სურვილის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი დარჩეს მამასთან ღამითაც. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი და მისი ინტერესები, ასევე, მისი დღის რეჟიმი, მამისა და შვილის ურთიერთდამოკიდებულება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ბავშვი ძლიერ მიჯაჭვულობას გამოხატავს დედისადმი, რის გამოც მისგან დიდი ხნით მოწყვეტა და მამასთან ყოფნა, სავარაუდოდ, უარყოფით ემოციებს გამოიწვევს.

21. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

21.1 მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

21.2 კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, თუმცა, არასწორად განმარტა იგი. აგრეთვე არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი გარემოებები. სასამართლოს დასკვნა, რომ მამასთან ბავშვის დატოვების უფლებით შეიძლება შეილახოს მისი ინტერესები, არასწორია, ვინაიდან ბავშვის ინტერესის საწინააღმდეგოდ კასატორი თავისთან არ დაიტოვებს შვილს. ამასთან, მშობელს აკისრია ვალდებულება, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველოს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

22. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

22.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით

26. შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილი მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება და იმავე კოდექსის 1202-ე მუხლი მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

26.1 საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე დადგენილ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 20.2.1-20.2.8 ქვეპუნქტები) მიუთითებს და განმარტავს, რომ განქორწინების შემთხვევაში ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ევალება კიდეც. აღნიშნული გულისხმობს, მშობლის ვალდებულებას, შეძლებისდაგვარად, რეგულარულად იზრუნოს ბავშვზე, მისივე საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

26.2 საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სსკ-ის 1199-ე მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს მუხლის არასწორ განმარტებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესი, რომლითაც დადგინდა მამა-შვილს შორის ურთიერთობა, შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მოცემულ შემთხვევაში და არც მომავალში ქმნის რაიმე დაბრკოლებას მამა-შვილის ურთიერთობისა და ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვის თვალსაზრისით.

26.3 საკასაციო სასამართლო ზემოხსენებულთან დაკავშირებით დამატებით მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე და ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ გარკვეული მიზეზების გამო მამას ბავშვთან ურთიერთობა არ ჰქონია. ამასთან, საქმეში არსებული სოციალური სააგენტოს დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ბავშვს გააჩნია მისთვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემო დედასთან, სადაც უზრუნველყოფილია როგორც საჭირო მოვლით, აგრეთვე - სათანადო მატერიალური რესურსით, აღნიშნულის საპირწონედ, კი საქმის მასალებით დადგენილი გარემოება, რომ მამას არ აქვს სტაბილური საცხოვრებელი გარემო, ქმნის იმ ვარაუდის საფუძველს, რომ ბავშვი ვერ იქნება მისთვის საჭირო და კომფორტული გარემოთი უზრუნველყოფილი მამასთან.

26.4 საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზეც (იხ. წინამდებარე განჩინების 20.1.1 და 20.1.2 ქვეპუნქტები), კერძოდ, აღნიშნულის მიხედვით, ირკვევა, რომ მხოლოდ კონკრეტული, გონივრული პერიოდით არის გადაწყვეტილი მამის ბავშვთან ურთიერთობის წესი, წაყვანის უფლების გარეშე, ხოლო აღნიშნული პერიოდის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი წინააღმდეგი არ იქნება, შესაძლებელია მისი დატოვება მამასთან, უკვე იმ ურთიერთობის გათვალისწინებით რომელიც განსაზღვრული დროის განმავლობაში ჩამოყალიბდება მშობელსა და შვილს შორის (აღნიშნულ მსჯელობას, კასატორიც იზიარებს, რაც ნათლად ჩანს მისი საკასაციო საჩივრიდან, კერძოდ ის უთითებს, რომ „თუ ბავშვი არ გამოთქვამს მამასთან დარჩენის სურვილს იძულებით არ აპირებს ბავშვის დატოვებას“). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესატყვისება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დავის მხარეები არიან არასრულწლოვანის მშობლები, მოცემული დავის გადაწყვეტის სამართლებრივი შედეგი არ უნდა ქმნიდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის რაიმე საფრთხეს.

26.5 საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული სოციალური სააგენტოს დასკვნის საფუძველზე და საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის მიერ დადგენილ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მამა-შვილის ურთიერთობა დადგენილ ფარგლებში (მასთან დარჩენის უფლების გარეშე), იმ წინაპირობის გათვალისწინებით, რომ მამას საერთოდ არ ჰქონია კონტაქტი შვილთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელად დარჩა საკასაციო სასამართლოს მიერ, იქნება წინაპირობა იმისა, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთობა, ფსიქოემოციური და ინტელექტუალური კავშირი განვითარდეს და გამყარდეს, რაც, ცხადია, შეესატყვისება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და არ ხელყოფს მამის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს შვილთან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მზრუნველი, ოჯახური და კომფორტული გარემოს შექმნა ორივე მშობლის ვალდებულებაა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში თითოეულ მშობელს, რადგან ისინი განცალკევებით ცხოვრობენ, ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის ევალება შვილთან ურთიერთობისათვის ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება, რაც არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ კანონისმიერი ვალდებულებაცაა, აღნიშნული კი არასრულწლოვანის ორივე მშობელთან შეძლებისდაგვარად თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობას გულისხმობს.

26.6 სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ #ას-967-916-2015, 25.02.2016წ).

26.7 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს (შდრ. სუსგ # ას-1449-1369-2017, 20.04.2017).

27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.ტ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კ.ტ–ის (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვარა ბერუაშვილის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება 13127215, გადახდის თარიღი 2017 წლის 24 აპრილი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე