Facebook Twitter

საქმე №ას-1522-1442-2017 16 მაისი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.დ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჟ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის და 15 დეკემბრის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.ჟ–ას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი ი.დ–ის (შემდეგში: მოპასუხე, განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე, კერძოდ, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 3 300 აშშ დოლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 14 დეკემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ.2, ს.ფ. 83).

4. მოპასუხემ 2017 წლის 27 აპრილს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომაზე, 2016 წლის 8 იანვრიდან იმყოფებოდა აშშ-ში სამკურნალოდ და საქართველოში დაბრუნდა 2017 წლის 26 აპრილს, კვლავ გადიოდა მკურნალობის კურსს (იხ. განცხადება - ტ.2, ს.ფ.87). მოპასუხემ იმავე წლის 8 მაისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და დამატებით წარადგინა მტკიცებულებები, რომლებითაც, მისი მტკიცებით, დასტურდებოდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი (ტ.2, ს.ფ. 92-95).

5. მოპასუხემ 2017 წლის 23 მაისს კერძო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს (იხ. ტ.2, ს.ფ. 98-99), რომელშიც აღნიშნა, რომ 27 აპრილს ჩაიბარა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის თაობაზე 27.04.2017წ. წარდგენილ განცხადებაში (იხ. მე-4 პუნქტი) ასახულ მოთხოვნას აზუსტებდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას ითხოვდა. მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სამკურნალოდ ამერიკაში ყოფნით. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წარმომადგენელს, არ ჰქონდა უფლება წარმოედგინა მოპასუხის ინტერესები სააპელაციო ინსტანციაში სამართალწარმოების ეტაპზე, რის გამოც მხარემ სასამართლოს ვერ მიაწოდა სათანადო დოკუმენტები. მოპასუხემ სადავო გახადა ის გარემოებაც, რომ სასამართლოს გზავნილი/უწყება გაიგზავნა არასათანადო მისამართზე, ....., რაც მის ყოფილ მეუღლეს - ო.ლ–ძეს ჩაბარდა, რომელთანაც 2006 წლიდან განქორწინებულია, რის შემდეგაც აღნიშნულ მისამართზე მხარე არ ყოფილა. ამავე განცხადებით მოპასუხემ მოითხოვა 2016 წლის 14 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განჩინებით მოპასუხის განცხადებაზე ხარვეზი დადგინდა, რომლითაც მხარეს მოეთხოვა, მიეთითებინა იმ საფუძვლებზე, რომელთა გამო უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის წარმოების განახლება, ან უნდა დაკონკრეტებულიყო, რა საფუძვლით (სსსკ-ის 422-ე მუხლით ან 423-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით) უნდა განახლებულიყო საქმის წარმოება; ასევე, მოპასუხის მიერ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრის მიხედვით, განმცხადებელს მიეთითა მის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობისა და სასამართლოსათვის მისი წარდგენის ვალდებულების შესახებ (იხ. ტ.2, ს.ფ.113-116).

7. მოპასუხემ 19.06.2017წ. ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით (იხ. ტ. 2, ს.ფ.123-124) მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 27.10.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება სსსკ-ის 422-ე მუხლის „ბ“ [ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე] და „გ“ [პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე] ქვეპუნქტების შესაბამისად, ასევე, 423.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით [მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას] ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 27.10.2016წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი, ბოლო წინადადება ) არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.2, ს.ფ.130-132).

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით, მოპასუხის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი) მიღებული იქნა განსახილველად და იმავდროულად მითითებული განცხადების განხილვა შეჩერდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2016 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვამდე (იხ. ტ.2, ს.ფ. 133-134).

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით, მოპასუხის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2016 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად(იხ. ტ.2, ს.ფ. 135-136) .

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმის მიხედვით, რომელზედაც იხილებოდა განმცხადებლის მოთხოვნა ამავე სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე, მხარეთა შორის შესაძლო მორიგების მიზნით გადაიდო და მორიგი სხდომა განისაზღვრა იმავე წლის 24 ნოემბერს (იხ. ტ.2, ს.ფ.153-161).

12. მოპასუხემ (განმცხადებელმა) 2017 წლის 17 ნოემბერს კვლავ მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა აღსრულების საქმის წარმოებისა და მის უძრავ ქონებაზე დანიშნული აუქციონის /#51546/ შეჩერება. მოპასუხემ, დამატებით, 2017 წლის 20 ნოემბერს, მოწინააღმდეგე მხარისათვის მოსალოდნელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით წარადგინა 567 აშშ დოლარის ეკვივალენტი 1581,54 ლარის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი ქვითარი (ტ.2, ს.ფ. 167-172).

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობა 2016 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და იმავე განჩინებით მოპასუხეს დაუბრუნდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 1581, 54 ლარი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე გამოცხადებულია საჯარო აუქციონი, რაც უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, აუქციონის შეჩერების გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენდა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება სააპელაციო სასამართლოს 27.20.2016 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 და მე-5 პუნქტები; ასევე - ტ.2, ს.ფ. 193-198).

15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს უწყება, განჩინება და სააპელაციო საჩივარი გაეგზავნა მისამართზე: თბილისი, ..... და 31.05.2016წ. ჩაბარდა მის სრულწლოვან შვილს- ა.ლ–ძეს (ტ.2, ს.ფ.35). მოპასუხემ 2016 წლის 10 ივნისს წარადგინა სააპელაციო შესაგებელი, რომელსაც თვითონ აწერს ხელს და ასევე - მისი წარმომადგენელიც. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სააპელაციო შესაგებელში, მოპასუხის მისამართის გრაფაში მითითებულია ორი მისამართი: ძირითადი - თბილისი, ...., ხოლო ალტერნატიული - თბილისი, .... (ტ.2, ს.ფ.36-47). სასამართლომ იმსჯელა, რომ საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხეს საქმეში არსებულ, შესაგებელში მითითებულ მისამართზე: თბილისი, ..... (ტ.2, ს.ფ.36) გაეგზავნა 27.10.2016 წ. სხდომის თაობაზე უწყება. შეტყობინების ბარათის მიხედვით კი დასტურდებობდა, რომ გზავნილი ჩაიბარა მოპასუხის მეუღლემ- ო.ლ–ძემ (ტ.2, ს.ფ.65).

16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 70.1-ე მუხლზე: „მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.“, ასევე, 71.1 მუხლზე: „სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.“, 73-ე მუხლზე: “სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა“ და 74.1-ე მუხლზე: „თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.“

17. ზემოხსენებულ ნორმათა გაანალიზებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ მითითებულ მისამართზე ო.ლ–ძემ, როგორც მოპასუხის ოჯახის წევრმა, ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, პრეზუმირებული იყო, რომ სასამართლო უწყება სსსკ-ის 74.1-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაიბარა უფლებამოსილმა პირმა - ადრესატის ოჯახის წევრმა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ სააპელაციო შესაგებელში მითითებულ ძირითად მისამართზე ვერ მოხერხდა სასამართლო გზავნილების ჩაბარება, ამის მიზეზად კი საქმის მასალებში მითითებული იყო - „ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს“. ასევე, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ მოპასუხის სახელზე გაგზავნილი გზავნილები მისამართზე- თბილისი, ..... (ტ.2, ს.ფ. 35, 80) ჩაბარდათ ადრესატს შვილებს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მითითებული გარემოებები აქარწყლებდა მოპასუხის მტკიცებას, რომ მისი საცხოვრებელი მისამართია: თბილისი, ....., სადაც ცხოვრობს შვილებთან ერთად.

18. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი სათანადო წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, რის გამოც მისი განცხადება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

19. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2017 წლის 4 დეკემბერს, კერძო საჩივრით მომართა მოპასუხემ, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინების (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი) გაუქმება, აგრეთვე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება და სააღსრულებოდ მიქცეული მისი კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ: 01.15.04.015.003.01.024) რეალიზაციიდან მიღებულ თანხაზე ყადაღის დადება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე (იხ. ტ.2, ს.ფ. 201-205).

20. მოპასუხემ 2017 წლის 6 დეკემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და, სარჩელის უზრუნველყოფის სახით, მოითხოვა სააღსრულებოდ მიქცეული მისი კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხაზე ყადაღის დადება 11 139.94 ლარის ფარგლებში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. განმცხადებელმა მიუთითა წინამდებარე განჩინებაში აღწერილ გარემოებებზე და დამატებით აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული დავა, სააღსრულებო წარმოების შეჩერებაზე უარი, დაუსაბუთებლად და გაუმართლებლად არღვევდა პირის უფლებას, სასამართლო წესით დაეცვა საკუთარი ინტერესები (იხ. ტ.2, ს.ფ.219-222)

21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლის ზემოხსენებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.2, ს.ფ. 224-229).

22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი). სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მტიცება, რომ მან არაფერი იცოდა მიმდინარე პროცესების თაობაზე და მიუთითა თავად განმცხადებლისა და მისი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილ და 2016 წლის 10 ივნისით დათარიღებულ სააპელაციო შესაგებელზე, ასევე, საქმეზე მტკიცებულების სახით დართული სოციალური ქსელით „Facebook“ მიმოწერაზე (ტ.2,ს.ფ.162), რომლის საფუძველზე, სასამართლოს შეფასებით, დამატებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომის შესახებ (იხ. ტ.2, ს.ფ.231-234).

23. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2018 წლის 3 იანვარს (იხ. ტ.2, ს.ფ. 245-248), კერძო საჩივრებით მომართა მოპასუხემ, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებისა (იხ. ამ განჩინების 22-ე პუნქტი) და იმავე სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების (იხ. ამ განჩინების მე-14 პუნქტი) - 27.10.2016წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უარის თქმის შესახებ - გაუქმება შემდეგი არგუმენტაციით:

23.1 კერძო საჩივრის ავტორისათვის მოგვიანებით, 2017 წლის აპრილში გახდა ცნობილი, რომ მისი წარმომადგენელი არ ირიცხებოდა ადვოკატთა ერთიან სიაში და ვერ დაიცავდა მოპასუხის ინტერესებს:

23.2 სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ 2016 წლის 10 ივნისს მხარის მიერ წარდგენილ სააპელაციო შესაგებელზე მითითებულია ალტერნატიული მისამართი, რომელზედაც უწყების გაგზავნით მოპასუხისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა გზავნილი, არასწორია, ვინაიდან აღნიშნული მისამართი წარმომადგენელმა მიუთითა და ხელმოწერაც, სავარაუდოდ, თავად წარმომადგენლის მიერ არის შესრულებული პროცესუალური მოთხოვნების დაცვისა და შესაგებლის სასამართლოში წარდგენის მიზნით. სასამართლოსათვის ცნობილი იყო უშუალოდ მოპასუხის ადგილსამყოფელი და შეეძლო უშუალოდ ამ უკანასკნელისათვის, მისამართის დადგენის გზით, გაეგზავნა შეტყობინება.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 16 მარტის განჩინებით კერძო საჩივრები, რომლებითაც გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრისა და 15 დეკემბრის განჩინებები, წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, მოპასუხის კერძო საჩივრების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ისინი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

26. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარის იმ განცხადებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება, რომლითაც განმცხადებელი მოითხოვდა საქმის წარმოების განახლებას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით.

27. წინამდებარე შემთხვევაში განმცხადებელმა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, იმ მოტივით, რომ მისთვის უცნობი იყო წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები; მხარის მტკიცებით, სასამართლო უწყება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაიგზავნა არასწორ მისამართზე და ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს - ყოფილ მეუღლეს (აღნიშნულის თაობაზე ვრცლად იხილეთ წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი). დასახელებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

27.1 სასამართლო უწყებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მხარისათვის გაგზავნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. ამ განჩინების 14-18 პუნქტები) და დამატებით, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, განმარტავს, რომ სასამართლო გზავნილის/უწყების ჩაბარება მნიშვნელოვან პროცესუალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც უწყების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებაზეა დიდწილად დამოკიდებული, მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია, რამდენად სწორად დაადგინა სააპელაციო სასამართლომ ის საკითხები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელზეც მხარე აპელირებს და ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილობას და საქმის წარმოების განახლებას. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარში მითითებულია ალტერნატიული მისამართი: თბილისი, ...... სწორედ ამ მისამართზე ჩაბარდა სასამართლო გზავნილი (სააპელაციო საჩივარი) ადრესატის შვილს (იხ. ტ.2, ს.ფ.35-47). აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიერ მითითებულ ძირითად მისამართზე, თბილისი, ...... არაერთხელ გაიგზავნა იგივე გზავნილი, თუმცა, საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილებით დასტურდება, რომ ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა (ტ.2,ს.ფ.16-19; 26-27). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად გაუგზავნა მხარეს უწყება იმ მისამართზე, რაც თავად მხარის მიერ იყო მითითებული საქმის მასალებში და ზემოთ დასახელებულ მისამართზე მყოფი პირებისათვის უწყება ჩაბარებულად სავსებით კანონიერად იქნა მიჩნეული (ტ.2,ს.ფ. 65; იხ. სსსკ-ის 70-ე, 71-ე, 73-ე და 74-ე მუხლები). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები კანონიერია და დასაბუთებული, რის გამოც არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ უარის თქმის თაობაზე მიღებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით.

28. აღსანიშნავია, რომ განმცხადებელმა (მოპასუხემ, რომელიც საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე კერძო საჩივრის ავტორია), სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათლად ცნობის შესახებ) კერძო საჩივრით გაასაჩივრა საკასაციო სასამართლოში 2018 წლის 3 იანვარს (იხ. კერძო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.245-248), შესაბამისად, ისე რომ პროცესუალურსამართლებრივად ჯერ კიდევ არ იყო კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება, სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით (რომელიც საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძველზე, ასევე, განხილვის საგანია) იმსჯელა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე მოპასუხის მიერ წარდგენილ განცხადებაზე და არ დააკმაყოფილა იგი (იხ. ტ.2, ს.ფ.231-234).

29. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 421-ე მუხლზე „1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. 2. თუ სასამართლოში შემოსულია განცხადებები როგორც ერთი და იმავე, ასევე ორივე მხარის მიერ ერთდროულად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, სასამართლომ უნდა შეაჩეროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების განხილვა, ვიდრე არ იქნება განხილული განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ“ დაყრდნობით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ (განმცხადებელმა) სააპელაციო სასამართლოს მიმართა ამავე სასამართლოს 27.10.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სსსკ-ის 422-ე მუხლის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტების, ასევე, 423.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი).

29.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით, მოპასუხის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი), მიღებული იქნა განსახილველად და იმავდროულად მითითებული განცხადების განხილვა შეჩერდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვამდე (იხ. ტ.2, ს.ფ. 133-134), რაც სავსებით შეესაბამება სსსკ-ის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 29 ივნისს მეორე განჩინებაც მიიღო, რომლის საფუძველზე მოპასუხის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად (იხ. ტ.2, ს.ფ. 135-136). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჯერ იმსჯელა ამავე სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, ხოლო შემდეგ 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა განმცხადებლის (მოპასუხის) მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

29.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე მოპასუხის მოთხოვნის განხილვა, რომელიც შეჩერებული იყო სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი; ასევე- ტ.2, ს.ფ.133-134) არ უნდა განეახლებინა მანამ, სანამ კანონიერ ძალაში არ შევიდოდა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება, რომლითაც მოპასუხის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ უარყოფილი იქნა. მხარეს ჰქონდა უფლება კერძო საჩივარი წარედგინა სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინებაზე, რაც არის კიდეც ამჟამად საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის განჩინება არ იყო კანონიერ ძალაში შესული და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მოპასუხის განცხადება არ უნდა განეხილა სააპელაციო სასამართლოს. „თუ გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და საქმის წარმოება განახლდა, მაშინ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების განხილვა აღარაა საჭირო, სასურველი შედეგი მიღწეულია, ეს განცხადება კი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული. თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არარსებობს, მაშინ სასამართლომ უნდა განაახლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ შეჩერებული განცხადების განხილვა“ (იხ. თ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, გვ. 696, გამომცემლობა „სანი“, 2004 წ.“.

30. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების პასუხად, განმარტავს, რომ თავად კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანა, და მის მიერვე, სასამართლოსათვის ერთ-ერთი მტკიცებულების სახით, წარდგენილი მიმოწერის შინაარსი სოციალურ ქსელში ცხადყოფს, რომ მხარისათვის ცნობილი იყო სააპელაციო ეტაპზე მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ, რის გამოც მისი არგუმენტები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. სსსკ-ის 423-ე მუხლი მე-3 ნაწილის მიხედვით 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე, საქმის წარმოების ვერც ერთ ეტაპზე ვერ ასაბუთებს, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობას, მით უფრო მხარის მიერ წარდგენილი და წინამდებარე განჩინებაში გაანალიზებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე ვერ დგინდება ის ფაქტი, რომ მოპასუხემ სათანადოდ არ იცოდა სააპელაციო ეტაპზე საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ.

31. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება; მე-2 ნაწილის მოხმობით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.“ აღნიშნულ შემთხვევაში, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობის სპეციალურ წესს, რაც გაწერილია იმავე კოდექსის 236-ე - „მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება.... ...შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ“ და 237-ე „დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა დაიწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში“ მუხლებში.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადრესატს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება, აგრეთვე - დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი წესით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება, რაც მისი განცხადებების განუხილველად დატოვების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ მხარისათვის ცნობილი იყო მის წინააღმდეგ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის თაობაზე და მოპასუხემ სააპელაციო შესაგებელიც წარადგინა სასამართლოში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მან საპატიო მიზეზით ვერ შეძლო სხდომაზე დასწრება, ან/და დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონით გათვალისწინებული წესით გასაჩივრება, დადგენილ ვადაში.

30. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას სამოქალაქო საპროცესო-სამართლებრივი ინსტიტუტზე, რომელიც ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.

31. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით - სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

31.1 მოხმობილი მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარემ ვერ ისარგებლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების იმ საპროცესო სამართლებრივი მექანიზმით, რომელიც მისი გაუქმების მორიგ საპროცესო ეტაპს წარმოადგენს, რაც გამორიცხავს, კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, ისეთი სამოქალაქო საპროცესო-სამართლებრივი ინსტიტუტის მეშვეობით, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობის შემოწმებისათვის.

32. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია წარმოდგენილი კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის და 15 დეკემბრის განჩინებებზე, რის გამოც ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.დ–ის კერძო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის და 15 დეკემბრის განჩინებებზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის და 15 დეკემბრის განჩინებები;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე