Facebook Twitter

საქმე №ა-5450-შ-134-2018 8 თებერვალი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –ა.ჰ.ნ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ა.რ. (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის N2(001)-544/2015 გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის N2(001)-544/2015 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ა.ჰ.ნ–ას (შემდეგში: მოსარჩელე, ბავშვის დედა ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი ს.ა.რ–ის (შემდეგში: მოპასუხე, ბავშვის მამა ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ დაკმაყოფილდა; მხარეებს შორის 2012 წლის 12 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი #445) შეწყდა; 2012 წლის 22 აგვისტოს დაბადებულ ხ.ს.რ–ას (შემდეგში: ბავშვი ან არასრულწლოვანი) საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა; ბავშვის მამას ბავშვის დედის სასარგებლოდ, 2014 წლის 27 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, ყოველთვიურად 108 (ას რვა) მანათის, სტაბილური ალიმენტის, გადახდა დაეკისრა.

2. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მეუღლეები ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ, რასაც თავადაც ადასტურებენ და რის გამოც, სარჩელი დაკმაყოფილდა. თავდაპირველად მოსარჩელე მოპასუხისათვის ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 103 (ას სამი) მანათის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა, 2015 წლის მონაცემებით აზერბაიჯანში ბავშვებისათვის საარსებო მინიმუმი 108 მანათით განისაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის ნაწილში, გაზარდა და მოპასუხისათვის, ყოველთვიურად 108 მანათის დაკისრება მოითხოვა.

3. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხე სათანადოდ იყო შეტყობინებული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ, თუმცა, ის საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

4. ამასთან, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სასამართლომ მხარეებს შესარიგებლად 3-თვიანი ვადა განუსაზღვრა, თუმცა უშედეგოდ.

5. საკასაციო სასამართლოში ბავშვის დედის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, 2018 წლის 26 ნოემბერს აღძრული შუამდგომლობით ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების, ალიმენტის ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულებაა მოთხოვნილი.

6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება 2015 წლის 6 აპრილიდან კანონიერ ძალაშია შესული და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო. ამავე განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

8. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება შუამდგომლობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა ბავშვის მამას. საფოსტო უკუგზავნილით დადასტურებულია, რომ გზავნილი ადრესატს 2019 წლის 23 იანვარს ჩაბარდა.

9. მოპასუხემ საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას განქორწინების ნაწილში ეთანხმება, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში - არა. ბავშვის მამამ განაცხადა, რომ მას ალიმენტის ნაწილი უკვე გადახდილი აქვს და, შესაძლებლობის ფარგლებში, დარჩენილ ნაწილსაც გადაიხდის. მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა არ გაითვალისწინა და ბავშვის მამას იმაზე მეტი ოდენობით ალიმენტის გადახდა დააკისრა, ვიდრე ის ამას შეძლებდა.

10. მოპასუხე არ ითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებისა (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება, ძალაშია 1997 წლის 18 თებერვლიდან) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და აღსრულდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის N2(001)-544/2015 გადაწყვეტილება.

11. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს (ბავშვის მამას) კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ, რასაც არც მოპასუხე ხდის სადავოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოსადმი წარდგენილ განცხადებაში, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია საკასაციო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ.

12. საერთაშორისო ხელშეკრულების პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და სახელმწიფო ნოტარიატის ორგანოებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც საკუთარმა მოქალაქეებმა.

13. ამავე ხელშეკრულების მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, კერძოდ, 42-47 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულებისა და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად.

15. ამ განჩინების მე-9 პუნქტში ასახული მოპასუხის წერილობითი პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელის მიხედვით მოქმედი სამართლით არის მიღებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულებაა მოთხოვნილი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დადგენილ საარსებო მინიმუმზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დანაწესის მიხედვით.

16. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამას მოითხოვდა. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ წერილობითი მოსაზრებები წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაზე.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარე მასზე დაკისრებული ალიმენტის ოდენობას სადავოდ ხდის, რაც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვის დროს ვერ შეფასდება. მოცემული საკითხი უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ არსებითი განხილვის შედეგად არის გადაწყვეტილი, საქართველოს უზენაესი სასამართლო კი გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობისას გადაწყვეტილებას არსებითად არ გადასინჯავს, არამედ საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად არკვევს საკითხს ცნოს და აღასრულოს თუ არა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე (იხ. სუსგ ა-2982-შ-79-2017, 22.02.2018 წ.)

18. საკასაციო სასამართლო იმ საკითხსაც შეეხება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მომართვით უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციითა მოთხოვნილი, განსახილველ შემთხვევაში კი საკასაციო სასამართლო, ამ განჩინებაში დასახელებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ხელმძღვანელობს („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი).

19. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს მოსარჩელის შუამდგომლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებისა 42-47 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ჰ.ნ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის N2(001)-544/2015 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე ს.ა.რ–ს ა.ჰ.ნ–ას სასარგებლოდ, 2014 წლის 27 ოქტომბრიდან, 2012 წლის 22 აგვისტოს დაბადებულ ხ.ს.რ–ას სრულწლოვანების მიღწევამდე, ყოველთვიურად 108 (ას რვა) მანათის, სტაბილური ალიმენტის, გადახდა დაეკისრა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე