Facebook Twitter

საქმე №ას-21-2019 21 იანვარი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს "ფ."

მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ.ბ."

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მოვალეთა რეესტრში შეზღუდვის მოხსნა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, სს "თ.ბ–სა" (შემდეგში:მოსარჩელე) და გ.ლ–ძეს (შემდეგში:მოპასუხე) შორის მორიგების დამტკიცების გამო, შეწყდა საქმის წარმოება და გაიცა სააღსრულებო ფურცელი. მორიგების პირობებით განისაზღვრა, რომ მითითებულ ვადაში დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფის საგანი - მარკა/მოდელი: ლექსუს GX .., გ/წ: 2012, ფერი: შავი, საიდენტიფიკაციო ნომერი: JTJJM7FX8..., სახელმწიფო ნომერი: ...., სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი: AL7... საკუთრებაში გადაეცემოდა კრედიტორს - სს „თ.ბ–ს“. ასევე განისაზღვრა, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღოონისძიება გაუქმდებოდა მორიგების აქტით განსაზღვრული პირობების შესრულების შემდგომ (იხ. განჩინება - ს.ფ.110-114; სააღსრულებო ფურცელი - ს.ფ.130-132).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა (იხ. განჩინება- ს.ფ.142-144, ასევე ზემოხსენებული პირველი პუნქტი).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 19 მარტს, განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და განაცხადა, რომ უზრუნველყოფის საგანზე რეგისტრირებულია შეზღუდვები და მიუხედავად იმისა, რომ ბანკი რეგისტრირებულია, როგორც პირველი რიგის მოგირავნე, მასზე უზრუნველყოფის საგნის რეგისტრაცია განხორციელდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული შეზღუდვები გაუქმდებოდა. მოსარჩელემ განცხადებაში მიუთითა, რომ კრედიტორი შპს "ფ." უარს აცხადებდა მოვალეთა რეესტრში შეზღუდვის მოხსნაზე, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მისი მოთხოვნით აღმასრულებელი ვეღარ განახორციელებდა ავტომანქანის დაყადაღებას, დაკავებას და დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე რეალიზაციას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა მოვალეთა რეესტრში არსებული შეზღუდვის მოხსნა (იხ. მოსარჩელის განცხადება- ს.ფ.150-152).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განჩინებით მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ. განჩინება- ს.ფ.180-185).

5. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ბანკის კერძო საჩივარი - ს.ფ.187-190).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის (ბანკის) კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განჩინება და განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება- ს.ფ.213-218).

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელე ბანკის განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ.საქალაქო სასამართლოს განჩინება - ს.ფ.234-238).

8. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ.ბანკის კერძო საჩივარი - ს.ფ.239-242). მოსარჩელის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს.

9. თბილისის სააპელციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო სასამართლომ, კერძო საჩივრის, საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელების ინტერესიდან გამომდინარე, დაადგინა საქმის განხილვის მიზნით მხარეებს მისცემოდათ საკუთარი პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობა და ამის საფუძველზე მიეღო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით, შპს „ფ–ს“ (შემდეგში: კერძო საჩივრის ავტორი) გადაეგზავნა მოსარჩელე ბანკის კერძო საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად და 5-დღიანი ვადა განესაზღვრა საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად. შპს „ფ–ს განემარტა, რომ სასამართლო ბანკის კერძო საჩივარს განიხილავდა ზეპირი მოსმენის გარეშე (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება- ს.ფ.260-261).

10. შპს „ფ–მა“ სააპელაციო სასამართლოს წერილობითი მოსაზრება წარუდგინა, სადაც აღნიშნა, რომ არაკანონიერი იყო მოსარჩელე ბანკის მოთხოვნა მოვალეთა რეესტრში მოპასუხის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე შეზღუდვის მოხსნის თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი), რადგან ბანკის მოპასუხე ფიზიკური პირი, ასევე მოპასუხე იყო მის წინააღმდეგ შპს „ფ–ის“ მიერ წარმოებულ საარბიტრაჟო დავაზე, სადაც საწარმოს სასარგებლოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და იგი კანონიერ ძალაში შევიდა, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ფ–ის“ განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ და სააღსრულებო ფურცელიც გაიცა. ბანკის მოპასუხე ფიზიკური პირი საწარმოს მოვალეა; მოსარჩელე ბანკის დარღვეული უფლების აღდგენა არ აღემატება შპს „ფ–ის“ სასარგებლოდ დაცულ ისეთ სიკეთეს, როგორიცაა სამართლიანი სასამართლოსა და მოვალეთა რეესტრის გამოყენების უფლება, რაც კრედიტორი საწარმოს მოთხოვნას უზრუნველყოფს (მხარის წერილობით მოსაზრებას ერთვის სააპელაციო სასამართლოს აქტები - ს.ფ.264-275).

11.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ბანკის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა;

11.1.გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი);

11.2. ბანკის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

11.3. კერძო აღმასრულებელ დ.ე–ის # A17061418… დოკუმენტის საფუძველზე რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრით -DE17.. გათვალისწინებული შეზღუდვები და აკრძალვები არ გავრცელდეს გ.ლ–ძის საკუთრებაში არსებულ უზრუნველყოფის საგანზე (ავტომანქანის მახასიათებლები იხ. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში)

12. აღნიშნულ განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარმოადგინა შპს "ფ–მა" მოითხოვა მისი გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ.296-300).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს "ფ–ის" კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

14. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

15. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სს "თ.ბ–ის" კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით შპს "ფ–ს" განემარტა, რომ წინამდებარე განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივრის წარდგენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით 12 დღის განმავლობაში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან. სწორედ აღნიშნულ განჩინებაზე შპს "ფ–ის" მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალურ საკითხზე მსჯელობს საკასაციო სასამართლო.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საწარმოს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემდგომი სასამართლოს, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შესაბამისად მითითებული მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინება კერძო საჩვრით არ საჩივრდება, მიუხედავად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის მითითებისა.

17. კერძო საჩივრის პრეტენზიები საქმის არსებით გარემოებებს უკავშირდება და კრედიტორი საწარმო უთითებს, რომ საკითხი ეხება ისეთი პრაქტიკის დამკვიდრებას, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს როგორც არაუზრუნველყოფილი, ისე უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის უფლებაზე, ამიტომ მხარეს მიაჩნია, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულად უნდა იქნეს განხილული, დაუშვებელია მისი განხილვა განცხადების წარდგენის ფორმით და მხარისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევა, რომელიც მოიცავს ყველა ინსტანციის სასამართლოში მოსაზრების როგორც წერილობით, ასევე ზეპირად მოსმენას (განხილვას).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს.

19. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები:# ას-1033-2018, 30.10.2018წ; # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). შესაბამისად, სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით .შპს "ფ–ს" სრულად გადაეგზავნა საქმის მასალები და მიეცა მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, სწორედ საქმის სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტის, მხარეთა თანასწორი პოზიციების უზრუნველყოფის მიზნით (იხ. წინამდებარე განჩინებსი 9-10 პუნქტები).

21. წინამდებარე კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება დაუშვებელია საპროცესო კოდექსის მოწესრიგებიდან გამომდინარე, ამასთან, საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ პროცესუალურად კერძო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და განხილვის შესაძლებლობის შემთხვევაშიც, კრედიტორი საწარმოს (კერძო საჩივრის ავტორის) სასარგებლოდ სამართლებრივი სურათი მაინც ვერ შეიცვლებოდა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები არსებითად სწორია, კანონიერი და დასაბუთებული.

22. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა ერთ-ერთი განმცხადებლის პრეტენზია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა (საკუთრების უფლება) და კონვენციის მე-6 მუხლით მინიჭებულ (სამართლიანი სასამართლოს უფლება) უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით (იხ. Fredin v Sweden, 18.02.1991წ., განაცხადის N12033/86). განმცხადებლის პრეტენზია იმ არგუმენტს ეფუძნებოდა, რომ მას შეეზღუდა საქმის განხილვაში მონაწილეობის საპროცესოსამართლებრივი შესაძლებლობა, ხოლო სამოქალაქო უფლებათა სრულყოფილად რეალიზებისათვის, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ზეპირი მოხსენებით წარდგომისა და, შესაბამისად, საქმის მხარეთა დასწრებით განხილვა. აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დადგინა, რომ ვინაიდან მატერიალური თვალსაზრისით, განმცხადებლის მოთხოვნა შეეხებოდა საკუთრების უფლებას, რომელიც სამართლებრივი ბუნებით „სამოქალაქო“ ხასიათისა იყო, ამიტომ კონვენციის მე-6 მუხლით მინიჭებული უფლების დარღვევის საკითხიც სამოქალაქო ჭრილში უნდა განხილულიყო. ეს ყოველივე კი, ნათელს ჰფენდა იმას, რომ „წრფელი და ღრმააზროვანი“ კამათი (შეჯიბრი) მხარეთა შორის და საქმის განმხილველი სასამართლოს წინაშე, გადამწყვეტი იყო თითოეულის უფლებათა დასადგენად. თუმცა საკვანძო საკითხი, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ „წრფელ და ღრმააზროვან“ ზეპირ განხილვაზე სავალდებულო მოთხოვნა არ ვრცელდებოდა ზემდგომ და საბოლოო ინსტანციის სასამართლოზე. როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლო ამ შემთხვევაში ზემდგომი ინსტანციის სასამართლოა, რომლიც სსსკ-ის 419-ე მუხლის საფუძველზე, განჩინებას გამოიტანს ზეპირი მოსმენის გარეშე, მოხმობილი ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, კერძო საჩივარზე (ამ შემთხვევაში მოსარჩელე ბანკის კერძო საჩივარია მხედველობაში, რომელიც სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა) დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების დადგენას. როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ უზრუნველჰყო შპს „ფ–თვის“ წერილობითი მოსაზრების წარდგენის უფლება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი).

23. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“ როდესაც შესაბამისი სააპელაციო განხილვა მხოლოდ კანონის საკითხებს ეხება, ზეპირი მოსმენა, ზოგადად, არ მოითხოვება (ECTHE, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, № 8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32).

24. კანონმდებლის ნება, სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების თაობაზე,ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ასახულია არა მხოლოდ საკასაციო, არამედ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზეც, კერძო საჩივრის განხილვის დროს (სსსკ-ის 419-ე მუხლი).

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს "ფ–მა" კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს ის განჩინება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობასაც კანონი არ ითვალისწინებს, კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ფ–ის" კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ფ–ს" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადახდო დავალება №1545998454, გადახდის თარიღი 2018 წლის 28 დეკემბერი);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ზ. ძლიერიშვილი