№ას-28-28-2018 18 მაისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – რ.ფ–ია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)– მ.გ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შემცირება პირგასამტეხლოს ნაწილში
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 22 თებერვალს გ.ტ–ძესა (შემდეგში - მსესხებელი ან მოვალე) და მ.გ–ძეს (შემდეგში - მოპასუხე, გამსესხებელი ან კრედიტორი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ -ის, 623-ე და 286-ე მუხლები; იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 18-22) , შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 10 000 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების ვადა - 2013 წლის 22 აპრილი, სარგებელი - 3.5% თვეში, პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ.თბილისში, ........ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №....... (შემდეგში - იპოთეკის საგანი).
2. 2013 წლის 21 ივნისს იპოთეკის საგანი შეიძინა გ.გ–მა, ხოლო 2015 წლის 17 სექტემბრიდან იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე რ.ფ–ა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), (იხ. ს.ფ. 30-32).
3. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი, რის გამოც მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
4. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, 2016 წლის 18 თებერვალს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 23-25). სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირი თანხა - 10 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო, იპოთეკარის ნების შესაბამისად, გადაუხდელი თანხის 0.1% ნაცვლად 0.3% -ისა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 22 აპრილიდან აღსრულებამდე. კრედიტორმა აღმასრულებელთან წარდგენილი განცხადებით მოითხოვა მოვალისაგან ძირი თანხის - 10 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 10 000 აშშ დოლარის ამოღება. კრედიტორმა პირგასამტეხლო გამოთვალა 2013 წლის 22 აპრილიდან (ვალდებულების დარღვევის მომენტიდან) 2016 წლის 27 დეკემბრამდე (აღმასრულებელთან სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე) 1039 ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით, გადაუხდელი თანხის 0.1%-ის გათვალისწინებით.
5. 2017 წლის 12 იანვარს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ და ნოტარიუსის მიერ გაცემულ #160146900 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, კერძოდ, პირგასამტეხლოს - 10 000 აშშ დოლარის 2 265 აშშ დოლარამდე შემცირება მოითხოვა. მისი განმარტებით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის - 0.1%-ის პირგასამტეხლოს დარიცხვა შეუსაბამოდ მაღალი იყო და იგი 0.05%-მდე უნდა შემცირებულიყო. ამასთან, პირგასამტეხლო 2015 წლის 17 სექტემბრიდან (კასატორის მიერ იპოთეკის საგნის შეძენის მომენტიდან) 2016 წლის 27 დეკემბრამდე (აღმასრულებელთან სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე) 453 ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გაანგარიშებულიყო, რაც 2 265 აშშ დოლარს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 10 000 აშშ დოლარი 7 735 აშშ დოლარით უნდა შემცირებულიყო, 2 265 აშშ დოლარამდე. მოსარჩელის მოსაზრებით, 2015 წლის 17 სექტემბრამდე პირგასამტეხლო იმიტომ არ უნდა დარიცხვოდა, რომ ამ მომენტამდე პირგასამტეხლო გადახდილი ჰქონდა იპოთეკის საგნის წინა მესაკუთრეს.
6. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, დაეთანხმა პირგასამტეხლოს განაკვეთის 0.05%-მდე შემცირებას, მაგრამ არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებული ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობას და განმარტა, რომ ხსენებული განაკვეთით 1039 ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებული პირგასამტეხლო 5 194 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მოვალეს მისთვის უნდა გადაეხადა, ვინაიდან არც მსესხებელს და არც იპოთეკის საგნის წინა მესაკუთრეს 2015 წლის 17 სექტემბრამდე არავითარი პირგასამტეხლო არ გადაუხდია.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 18 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №160146900) აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში შემდეგნაირად განისაზღვრა: პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ით, ნაცვლად 0.1%-ისა, კრედიტორის მიერ აღსრულების ეტაპზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 5194 აშშ დოლარით, ნაცვლად 10 000 აშშ დოლარისა.
8. სასამართლომ აღნიშნა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება გამსესხებელს წარმოეშვა 2013 წლის 22 აპრილს, მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი, რის გამოც სესხის ძირ თანხაზე პირგასამტეხლოს დარიცხვა 2013 წლის 22 აპრილიდან კანონიერია. იმის გამო, რომ კრედიტორი დაეთანხმა პირგასამტეხლოს შემცირებას, მისი ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.05%-ით უნდა განისაზღვროს. ამასთან, ვინაიდან, პირგასამტეხლო კანონიერად დაირიცხა 2013 წლის 22 აპრილიდან, მოთხოვნილი პირგასამტეხლო 10 000 დოლარი უნდა შემცირდეს და ამ ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 5 194 აშშ დოლარით განისაზღვროს.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 5 194 აშშ დოლარის 1 500 აშშ დოლარით შემცირება. აპელანტის მოსაზრებით, მას არასწორად დაეკისრა 2015 წლის 17 სექტემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა.
10. თბილსიის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება (წინამდებარე განჩინების 1-4 და 7-8 პუნქტები) და აღნიშნა, რომ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა დაკისრებული პირგასამტეხლოს განაკვეთის შემცირებას, ხოლო, რაც შეეხება პირგასამტეხლოს თაობაზე ვადის ათვლას, არ დასტურდება მხარეთა შეთანხმება, რომ იპოთეკის საგნის შემძენი საგნის შეძენას მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, რომ პირგასამტეხლო ქონების შეძენის მომენტიდან, კერძოდ, 2015 წლის 17 სექტემბრიდან აითვლებოდა. მხარეთა შორის ამგვარი სახელშეკრულებო პირობის შეთანხმება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამასთან, მხარეთა შორის არსებობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „მხარეთა შეთანხმებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას მესაკუთრე იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს იპოთეკარებს პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0.3 %-ის ოდენობით აღსრულებამდე“. ამდენად, ვინაიდან კრედიტორი პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას დაეთანხმა, ამიტომ 0.05%-ით განისაზღვრა, ხოლო იმის გამო, რომ ვალდებულება 2013 წლის 22 აპრილიდან დაირღვა, ამ დღიდან პირგასამტეხლოს დარიცხვა კანონიერია.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, მას არასწორად დაეკისრა 2015 წლის 17 სექტემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა, ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ, რომ მის მიერ უძრავი ქონების შეძენამდე სრულად იქნა გადახდილი პირგასამტეხლოც და პროცენტიც.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
16. სსსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 12 იანვარს გაცემულ #160146900 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და, აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს 453 ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებაა. მოსარჩელის მოსაზრებით, 2015 წლის 17 სექტემბრამდე პირგასამტეხლო იმიტომ არ უნდა დარიცხოდა, რომ მანამდე პირგასამტეხლო გადახდილი ჰქონდა იპოთეკის საგნის წინა მესაკუთრეს. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებდა კრედიტორის მიმართ წინა მესაკუთრის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ანუ გამოვლინდებოდა უფლების მომსპობი შესაგებლის წინაპირობები (სსკ-ის 427-ე მუხლი - ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
18. იმისათვის, რომ ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შეწყდეს სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია : ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011, 19.04.2012).
19. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2013 წლის 22 თებერვალს კრედიტორმა თავდაპირველ მოვალეს 2 თვის ვადით 10 000 აშშ დოლარი ასესხა, ყოველთვიური 3,5% - იანი სარგებლის დარიცხვით; ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა ან დარღვევისათვის მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, საერთო თანხის 0.3 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, დაეთანხმა პირგასამტეხლოს განაკვეთის 0.05%-მდე შემცირებას, მაგრამ არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებული ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობას, ვინაიდან არც მსესხებელს და არც იპოთეკის საგნის წინა მესაკუთრეს 2015 წლის 17 სექტემბრამდე არავითარი პირგასამტეხლო არ გადაუხდიათ.
20. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მას არასწორად დაეკისრა 2015 წლის 17 სექტემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა, ვინაიდან, მხარეთა შეთანხმებით, მის მიერ უძრავი ქონების შეძენამდე იპოთეკის საგნის წინა მესაკუთრემ სრულად გადაიხადა პირგასამტეხლოც და პროცენტიც, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის ასეთი შეთანხმების არსებობის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო.
21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც წინა მესაკუთრის მხრიდან კრედიტორისთვის პირგასამტეხლოს გადახდას დაადასტურებდა (სსკ-ის 427-ე მუხლი).
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011, 19.04.2012).
23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ფ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ რ.ფ–იას (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 23.01.2018), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი