Facebook Twitter

№ას-209-209-2018 30 მარტი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – სს „კ.პ.ჯ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – გ.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2017 წლის 29 დეკემბერს სს „კ.პ.ჯ–ამ“ (შემდეგში: განმცხადებელი საწარმო, კრედიტორი, ან საჩივრის ავტორი) საარბიტრჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა გ.გ–ძეს (შემდეგში: საარბიტრაჟო მოპასუხე, მსესხებელი ან მოვალე) აეკრძალოს თავის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, აღნიშნული ავტომობილები დააკავონ, დალუქონ და გადაიყვანონ დაცულ ტერიტორიაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ-ის) 198-ე მუხლი).

2. განმცხადებლის მითითებით, 2017 წლის 13 მარტის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელს გადაეცა სესხის თანხა - 20 000 ლარი, თვეში 2,83 % სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე, 2017 წლის 10 მაისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა 10 000 ლარი. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, სესხით სარგებლობისათვის გადაეხადა საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად 2.83%. პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის 0.3%. 2017 წლის 15 მარტს გაფორმებული სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გურამ გოგაძესთან.

3. განმცხადებლის მითითებით, მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი, საპროცენტო სარგებელი, აგრეთვე - პირგასამტეხლო. კრედიტორის მოთხოვნა ხელშეკრულებების - #GPL-1707410011-1-სა და #GPL-1707410011-2-ის საფუძველზე შეადგენს 34 460.55 ლარს. მოვალის ქონებრივი მდგომარეობა გაუარესდა, შესაბამისად, იქმნება საფრთხე, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელემ, იმავე განმცხადებელმა, ვერ აღასრულოს თავის სასარგებლოდ მიღებული სამომავლო გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მსესხებელს, აეკრძალა თავის სახელზე რიცხული შემდეგი ავტომანქანების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა: მარკა, მოდელი: ,,BMW 525“, სანომრე ნიშანი - MN....., გამოშვების წელი - 1995, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა - ...., საიდენტიფიკაციო ნომერი - WBAHD.....; მარკა, მოდელი - ,,MERSEDES_BENZ 200D”, სანომრე ნიშანი - FG...., გამოშვების წელი -1988. ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა - BV....., საიდენტიფიკაციო ნომერი - WDB.....; მარკა მოდელი - ,,FORD TRANSIT BUS”, სანომრე ნიშანი - ......, გამოშვების წელი -1994, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა - BV...., საიდენტიფიკაციო ნომერი - WFOL.......

5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული ღონისძიება აღსაძრავი სარჩელის შესაბამისია. რაც შეეხება, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სატრანსპორტო საშუალების დაკავების, დალუქვისა და დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანის შესახებ მოთხოვნას, პალატამ აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის ღონისძიების გამოყენებას არ მოითხოვდა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო თავდებობითაც.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გაასაჩივრა განმცხადებელმა შემდეგი საფუძვლებით:

6.1. საჩივრის ავტორის მტკიცებით, ავტომობილზე აკრძალვის რეგისტრაციით ვერ მოხდება მისი რეალიზაცია და უფლებრივად დატვირთვა, თუმცა მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ის გარემოებაც, რომ შესაძლებელია მისი დაშლა და დეტალებად გაყიდვა, რისი მაგალითიც პრაქტიკაში არაერთია. ამგვარი ქმედებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების დაკავება და ავტოსადგომზე გადაყვანა. აკრძალვის რეგისტრაცია არ შეუშლის ხელს მესაკუთრეს ავტომობილი საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიყვანოს და გაყიდოს. ამასთან, ავტომობილი მოძრავი ნივთია, რომლის საბაზრო ღირებულებაც ექსპლუატაციის ყოველ ჯერზე მცირდება და მისი მდგომარეობა უარესდება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით საჩივარი, დაუსაბუთებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი საფუძვლებით:

7.1. პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით უსაფუძვლოდ არ უნდა შეიზღუდოს მოპასუხის კანონიერი ინტერესი. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ მასშტაბით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზანშეუწონელია და შესაძლოა, მოპასუხის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განჩინება დასაბუთებული იყო, საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა მისი გაუქმების პროცესუალურ თუ სამართლებრივ საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.

9. ამავე კოდექსის 35613 მუხლის მიხედვით სააპელაციო სასამართლოები განიხილავენ საქმეებს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

10. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

11. მოხმობილი ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის (მათ შორის საარბიტრაჟო სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

12. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

13. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

14. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა თავის სახელზე რიცხული ავტომანქანების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაწესდა საარბიტრაჟო მოსარჩელის კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფის გონივრული ფარგლები. მოვალე ვერ შეძლებს უზრუნველყოფის საგნის რეალიზებას ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვას განმცხადებლის უფლებების საზიანოდ. შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მხარის განცხადების მიზანი მიღწეულია.

16. საჩივრის ავტორმა დამატებით იმ საჭიროების არსებობა, რომ მოვალეს ჩამოერთვას ავტომანქანა და დალუქული გადაყვანილ იქნეს დაცულ ტერიტორიაზე, სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებების არათანაზომიერ და გაუმართლებელ შეზღუდვას. შესაბამისად, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, რით დასტურდება მისთვის მოსალოდნელი ზიანის მიყენების ალბათობა, რაც, სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის თანახმად, მისი მოვალეობა იყო.

17. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება (იხ. სუსგ. #ას-67-67-2018. 31.01.2018წ) .

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „კ.პ.ჯ–ას“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი