Facebook Twitter

№ას-327-327-2018 18 მაისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – შპს“ქ.პ.ს.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 25 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) შპს „ქ.პ.ს–ის“ (შემდეგში - მოპასუხე ან შეგებებული მოსარჩელე) მიმართ პირგასამტეხლოს - 99.99 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. 2017 წლის 13 ივნისს მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც შეგებებული მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების თანხის, 714. 43 ლარის, დაკისრება მოითხოვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 99.99 ლარის ანაზღაურება დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და შეგებებულ მოპასუხეს 714.43 ლარის ანაზღაურება დაეკისრა შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 319-ე, 417-ე და 626-ე მუხლებით.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

4.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ შეგებებულმა მოსარჩელემ სამინისტროს 714.43 ლარის მომსახურება გაუწია. ისინი დავობდნენ თანხის ოდენობასა და დაანგარიშების წესზე, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არც დაკისრებულ თანხაზე უმსჯელია და არც მიუთითებია, თუ რა მტკიცებულებებით დასტურდება მითითებული გარემოება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად:

5.1. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რომლითაც 714.43 ლარის გადახდა დაეკისრა შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობაზე - 1000 ლარზე ნაკლებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა შემდეგ გარემოებაზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივარი ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ, საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმად, შეგებებულმა მოსარჩელემ სამინისტროს 714.43 ლარის მომსახურება გაუწია. სააპელაციო სასამართლო გადაუმოწმებლად და შესაბამისი შესწავლის გარეშე დაეყრდნო აღნიშნულ გარემოებას, რითაც დაირღვა მხარის საპროცესო უფლება, ვინაიდან აპელანტს არ მიეცა ახსნა-განმარტების შესაძლებლობა იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომელზეც იგი სააპელაციო საჩივარს ამყარებდა. სასამართლომ სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გამოიტანა გაჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით კი, სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანესი უფლებრივი კომპონენტია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

8. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

9. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 1 000 ლარს არ აღემატებოდა (იხ. ამ განჩინების 5.1. პუნქტი).

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მისი სააპელაციო საჩივარი დასაშვებად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინაიდან საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანესი უფლებრივი კომპონენტია.

11. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ ნაწილში, რომლითაც შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და შეგებებულ მოპასუხეს/აპელანტს, 714.43 ლარის ანაზღაურება დაეკისრა შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ. რაც, სააპელაციო საჩივრის ფასიდან გამომდინარე, არ შეესაბამება ამ საპროცესო ნორმის მოთხოვნას და იგი მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო სასამართლომ.

12. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილია სააპელაციო საჩივრის ღირებულება, რომელიც არ შეიძლება, იყოს 1000 (ათასი) ლარზე ნაკლები. სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). საკასაციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში, დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, განაცხადის დასაშვებობისას, ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვ; იხ. სუსგ # ას- 230-218-2016, 28.04.2017წ). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი, მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება, ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR)“ -იხ. სუსგ ას-692-646-2017, 14.07.2017წ).

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინება კანონიერი, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი