Facebook Twitter

№ას-355-355-2018 18 მაისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ზ.ხ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ს.კ.ა.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2015 წლის 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა სს „ს.კ.ა–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, სადაზღვევო კომპანია ან მზღვეველი) ზ.ხ–ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ზიანის, 5 628,75 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 5 188,75 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის, გადახდის დამადასტურებელი საბუთის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. განჩინება კანონით დადგენილი წესით აპელანტის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2018 წლის 11 იანვარს.

4.2. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 14 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 12 იანვარს დაიწყო და იმავე წლის 25 იანვარს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე და 368.5-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხის წარმომადგენელმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, 2018 წლის 18 იანვარს მოპასუხემ/აპელანტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, თუმცა, ინფორმაციის უქონლობის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები სასამართლოში არ წარუდგენია, ვინაიდან მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხის შეტანა საკმარისი იყო.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

8. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

9. დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ ხარვეზის შევსების შესახებ 22.12.2017 წლის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს (იხ. რწმუნებულება, ს.ფ 75) ჩაჰბარდა 2018 წლის 11 იანვარს სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. ს.ფ. 197).

10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 4.1-4.2 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 14-დღიანი ვადის ათვლა 2018 წლის 12 იანვარს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2018 წლის 25 იანვარს ამოიწურა (ხუთშაბათი, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

11. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს, რომ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარუდგენლობა ჩაეთვალოს საპატიოდ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და მისი სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში.

12. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის მიზნიდან გამომდინარე, აპელანტს ხარვეზის შევსებად ვერ ჩაეთვლება სახელმწიფო ბიუჯეტში 160 ლარის გადახდა, ვინაიდან, როგორც ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით ირკვევა, აპელანტს დაევალა როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე, გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა. როგორც თავად კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, მოპასუხეს/აპელანტს, თავისივე დაუდევრობით, სასამართლოში არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. ამდენად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე 160 ლარის შეტანა ვერ მიიჩნევა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულებად და, შესაბამისად, ხარვეზის შევსებად (შდრ. სუსგ. #ას-852-818-2016 12.11.2016წ).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს , რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368.5 და 374-ე მუხლები და მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან ამ უკანასკნელმა არ შეავსო ხარვეზი.

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი