№ას-366-366-2018 18 მაისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – მ.ც–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ.ჩ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ჩ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში მ.ც–ძის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების (მარკა-მოდელი - დაფ FAD ...., სანომრე ნიშანი - EME .... (ამჟამინდელი ნომერი ....), საიდენტიფიკაციო ნომერი - ......, ფერი - წითელი 7/8, გამოშვების წელი 2002) გამოთხოვის მოთხოვნით.
2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება და გადაეცა მოსარჩელეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 160 ლარის, გადახდის დამადასტურებელი საბუთის სასამართლოში წარდგენა. მასვე დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას. ამავე განჩინებით, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. განჩინება კანონით დადგენილი წესით მოპასუხეს/აპელანტს ჩაჰბარდა პირადად - 2018 წლის 26 იანვარს.
4.2. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 27 იანვარს დაიწყო და იმავე წლის 5 თებერვალს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე და 368.5-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაშვება გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, გამწვავებული ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მკურნალობდა ძლიერმოქმედი პრეპარატებითა და ჰქონდა წოლითი რეჟიმი. გადატანილი მწვავე ინფარქტის შემდეგ გული მუდმივად აწუხებს, პერიოდულად მკურნალობს, მაგრამ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. აღნიშნული მძიმე ვითარების გამო ვერ შეძლო ხარვეზის აღმოფხვრა. მისი მითითებით, დაუშვებელია, წაერთვას უფლებების დაცვის საშუალება მხოლოდ იმიტომ, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო ხარვეზის შევსება სასამართლოს მიერ დადგენილ 10 - დღიან ვადაში.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ საპატიოდ უნდა მიიჩნიოს ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გაშვება, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა მისი ავადმყოფობით იყო განპირობებული, ანუ მოპასუხე მოითხოვს სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის აღდგენას.
9. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.
10. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
11. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საპატიო მიზეზად მოპასუხე მიუთითებს ავადმყოფობაზე, რაც, სსსკ-ის 215.3 მუხლის მიხედვით, საპატიო მიზეზად მიიჩნევა, მაგრამ საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსსკ-ის 102.1 და 103.1 მუხლები მოპასუხეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ამ უკანასკნელის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში (26.01.2018 წლიდან 05.02.2018 წლამდე პერიოდში).
12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (იხ. ს.ფ. 144) არ ადასტურებს ზემოხსენებულ პერიოდში მოპასუხის ავადმყოფობის ფაქტს. ამ ცნობის მიხედვით, მოპასუხემ ექიმს მიმართა 2018 წლის 5 მარტს, ანუ ხარვეზის შევსების ვადის გასვლიდან ერთი თვის შემდეგ, რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, საქმეში წარმოდგენილი არაა, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი და, აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
13. საკასაციო პალატის აზრით, სამართალწარმოების შეზღუდვაზე მოპასუხის მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს იმ უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა (იხ. სუსგ-ები: # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ც–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი