№ას-371-371-2018 22 ივნისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – რ.შ–ძე, ი.დ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)– სს „ი.ბ.ს.“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა სს „ი.ბ.ს–მ“ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) რ.შ–ძის (შემდეგში პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ი.დ–ძისა (შემდეგში მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და გ.გ–ძის (შემდეგში - მესამე მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 30422.14 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
1.2. მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირი თანხის, 27 278.94 აშშ დოლარის, ეკვივალენტი ლარის წლიური 10%-ის გადახდა.
1.3. ფულადი ვალდებულების დაფარვა დადგინდეს ქალაქ ბათუმში, ..... მდებარე იპოთეკით დატვირთული (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.....) უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
1.4. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მოპასუხეთა კუთვნილ სხვა ქონებაზეც მიექცეს.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა,
1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის - 27 278.94 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სარგებლის - 1 340.78 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, პირგასამტეხლოს - 1802.42 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, 2016 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირი თანხის წლიური 10%-ის გადახდა;
1.2. ფულადი ვალდებულების დაფარვა დადგინდა ქალაქ ბათუმში, ..... მდებარე იპოთეკით დატვირთული (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.....) უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
1.3. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მოპასუხეთა კუთვნილ სხვა ქონებაზეც მიექცა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და მათი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხეთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, დაევალათ, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 1216,8 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გადახდა და გადახდის დამადასტურებელი საბუთის სასამართლოში წარდგენა, ასევე, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. ამავე განჩინებით განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
5.2. 2017 წლის 27 ოქტომბერს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად ვადის, 15 დღიდან 20 დღემდე გაგრძელება.
5.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით აპელანტებს 15 დღით გაუგრძელდათ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.
5.4. 2017 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართეს განცხადებით აპელანტებმა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვეს. აპელანტებმა აღნიშნეს, რომ სხვადასხვა ბანკისა თუ ფიზიკური პირის მიმართ აკისრიათ ფინანსური ვალდებულებები (შუამდგომლობას დაურთეს სს „ს.ბ–ის“, სს „თ.ბ–ის“ და სს „ლ.ბ–ის“ ამონაწერები), პირველი მოპასუხის მითითებით, მან ყოველთვიურად უნდა გადაიხადოს 1664.84 ლარიდან 2250.52 ლარამდე, ხოლო მეორე მოპასუხემ, რომელიც უმუშევარია, 1500 ლარამდე. მათი ოჯახი ოთხსულიანია, მათგან მხოლოდ პირველი მოპასუხე მუშაობს, რომლის სახელფასო ანაზღაურება ყოველთვიურად 960 ლარია. მათი ოჯახი განიცდის მძიმე მატერიალურ სიდუხჭირეს. აპელანტების მტკიცებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოხოვნის დასაკმაყოფილებლად წარდგენილია მათი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 70-ე-78-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ შეავსეს ხარვეზი. პალატამ მიუთითა, რომ, აპელანტებს არ წარმოუდგენიათ მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც სასამართლო დადებითად გადაწყვეტდა ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. დასახელებული გაჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტებმა მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს წარუდგინეს მათი ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დასაბუთებულია სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
10. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.
11. კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან სასამართლოს სსსკ-ის 47-ე მუხლის თანახმად, უნდა დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მათი გათავისუფლების თაობაზე.
12. სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები ითვალისწინებს შეღავათებს სახელმწიფო ბაჟის გადახდაში. ეს ის შემთხვევებია, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით განსაზღვროს პროცესის მონაწილეთა მიმართ აღნიშნული მუხლის გავრცელების დასაშვებობა. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. სსსკ-ის 48-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია საერთოდ, კონკრეტული დროისათვის ან გარკვეული ოდენობით.
13. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები, კერძოდ,
13.1. საქმეში „Kreuz v. Poland“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულება, როგორიცაა სახელმწიფო ბაჟი, შეესაბამება სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, თუ ის ზიანს არ აყენებს ამ უფლების არსს. ამასთან, სასამართლო ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მომჩივნის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით, როცა აღნიშნული შეზღუდვა იქნა გამოყენებული; ეს კრიტერიუმები არის ხელშესახები იმის განსაზღვრისათვის, იქნა თუ არა პირი უზრუნველყოფილი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებით.
13.2 . საქმეში „Kreuz v. Poland, Jedamski and Jedamska v. Poland, Weissman and Others v. Romania“ სტრასბურგის სასამართლომ, დასაშვებობის ეტაპზე დიდი ოდენობით სასამართლოს ხარჯების გადახდის დაწესება ჩათვალა კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევად. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც: საქმეში „Chatellier c. France“ სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას, დაარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. მათ შორის უზრუნველყოფდეს მხარეთათვის სასამართლოსადმი ეფექტურ ხელმისაწვდომობას, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებს.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს.
15. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და მათ რამდენიმეჯერ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა ისე, რომ არ მიუთითებია, თუ რა სახის მნიშვნელოვანი და სარწმუნო მტკიცებულება უნდა წარედგინათ აპელანტებს, მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად, რომ დადებითად გადაწყვეტილიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხი. საკასაციო პალატა მიუთითებს აპელანტების მიერ მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად წარდგენილ მტკიცებულებებზე (ინფორმაცია ბანკების წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ) და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, ისე, რომ საერთოდ არ იმსჯელა მითითებულ მტკიცებულებებზე და არ დაასაბუთა, თუ რატომ არ იყო საკმარისი წარდგენილი მტკიცებულებები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გასათავისუფლებლად.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და, თუ მათ საკმარისად არ მიიჩნევს, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენაც მოითხოვოს.
17. საკასაციო პალატა ამ მიმართულებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს პრაქტიკაზეც, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (Weissman and Others v. Romania, no. 63945/00, §§ 34 and 35, ECHR 2006-... (extracts)), თუმცა ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა (იხ. Kreuz მითითებული ზემოთ, §§58 და 60). უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობისა, გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (Weissman and Others, ციტირებული ზემოთ, §36). თუ მხარის განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ საეჭვო ან არასაკმარისია, სასამართლომ უნდა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის მითითებით და/ან უბრძანონ წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმება (იხ. „mutatis mutandis, Jedamski and Jedamska, cited above, § 64; Kreuz“, ციტირებული ზემოთ, §64), (იხ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ; საქმე #ას-998-942-2015, 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინება).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რაც ამ განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.შ–ძისა და ი.დ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება და საქმე, რ.შ–ძისა და ი.დ–ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. კერძო საჩივრის ავტორებს: რ.შ–ძესა (პ/ნ .....) და ი.დ–ძეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ კერძო საჩივარზე რ.შ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (50 ლარი, გადახდის ქვითარი 16484863, გადახდის თარიღი 12.04.2018) 25 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ე.გასიტაშვილი