Facebook Twitter

№ას-401-401-2018 18 მაისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – ჯ.შ., ც.ზ–ძე, მ.შ., ქ.შ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ.ვ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 20 ივლისს ბ.ვ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ჯ.შ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ც.ზ–ძისა (შემდეგში - მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და მ.შ–ის (შემდეგში - მესამე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), (შემდეგში - ერთობლივად მოხსენიებული როგორც მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქალაქ ახალციხეში, ...... მდებარე უძრავი ქონების (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #.....), (შემდეგში უძრავი ქონება) გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტების გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. 2017 წლის 29 მაისის განჩინებით, სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 21 ივნისს, 15:00 სთ-ზე, რომელიც არაერთხელ გადაიდო და ბოლოს სხდომა დაინიშნა 2018 წლის 21 თებერვალს 12:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, პირველ მოპასუხეს სასამართლო სხდომის თაობაზე აცნობეს 2017 წლის 20 დეკემბერს სატელეფონო შეტყობინებით (იხ. ტ.2. ს.ფ. 60), (სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), მასვე ჩაჰბარდა სასამართლო უწყება დანარჩენი მოპასუხეებისათვის (ოჯახის წევრებზე) გადასაცემად.

4.2. 2018 წლის 21 თებერვალს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, რომლებიც ინფორმირებული იყვნენ სასამართლო სხდომის შესახებ და ჰქონდათ გონივრული დრო იმისათვის, რომ საქმის განხილვაში უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით ან პირადად მიეღოთ მონაწილეობა. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე, 73.1-ე, 74.1-ე, 215.3-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ წინამდებარე განჩინების 4.1-4.2 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა. მათი მითითებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, სასამართლოს ჩატარების დროის შესახებ ეცნობა მხოლოდ პირველ მოპასუხეს, რა დროსაც მან გაიგო, რომ სხდომა დანიშნული იყო 21 თებერვალს, 15:00 საათზე, მითითებულ დროს გამოცხადდნენ კიდეც სასამართლოში, მაგრამ თანაშემწემ აცნობათ, რომ სხდომა დანიშნული იყო 12:00 საათზე და მითითებულ დროს, მათივე გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. მათი მტკიცებით, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, შეუძლებელი იყო, პროცესზე სათანადო დროს გამოცხადება, ვინაიდან არცერთმა აპელანტმა არ იცოდა სასამართლო სხდომის ჩატარების რეალური დრო.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

9. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობა. კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვენ იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლეს საპატიო მიზეზით, კერძოდ, არცერთი აპელანტისათვის არ იყო ცნობილი სასამართლო სხდომის ჩატარების რეალური დრო.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

11. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

12. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. საპატიო მიზეზის დროს მხარის ბრალეულობა არ არსებობს, მაშინაც კი, როცა მხარე წინდაუხედავად იქცევა, მისი ქმედება საპატიოდ ვერ მიიჩნევა. ამ შემთხვევაშიც მოქმედებს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების სტანდარტი, რომელიც მოითხოვს იმ საპატიო მიზეზის სარწმუნოდ დადასტურებას, რამაც ხელი შეუშალათ აპელანტებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებაში.

13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კერძო საჩივრის ავტორების სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 229.1 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

14. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტების გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის და, თუ აპელანტები კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყვნენ საქმის განხილვაში და არ გამოცხადდნენ არასაპატიო მიზეზით.

15. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვენ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდნენ, კერძოდ, სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა მხოლოდ პირველ მოპასუხეს, რომელმაც არასწორად გაიგო სხდომის დრო. დანარჩენ აპელანტებს სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებიათ. მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეუძლებელი იყო სხდომაზე სათანადო დროს გამოცხადება, ვინაიდან არცერთი აპელანტისათვის ობიექტურად არ იყო ცნობილი სასამართლოში გამოცხადების დრო.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მითითებულ მოსაზრებას და მიუთითებს სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ხსენებული ნორმა ითვალისწინებს ოჯახის წევრისათვის უწყების ჩაბარების შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უწყების ჩამბარებელი, უფლებამოსილია, უწყება ჩააბაროს ადრესატთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ასეთი პირისათვის უწყების ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად.

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, ირკვევა, რომ პირველი მოპასუხე/აპელანტი სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებულ იქნა 2017 წლის 20 დეკემბერს სატელეფონო შეტყობინებით (იხ. ტ.2. ს.ფ. 60), (სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), სატელეფონო შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ პირველ მოპასუხეს უწყება ჩაჰბარდა ასევე (ოჯახის წევრებისათვის), დანარჩენი მოპასუხეებისათვის გადასაცემად.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცულია უწყების ჩაბარების სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო უწყება მოპასუხეებს ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით. ამდენად, სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და, შესაბამისად, საქმის განხილვის გადადების საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ასეთ პირობებში კი, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა.

19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.შ–ის, ც.ზ–ძის, მ.შ–ისა და ქ.შ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი