№ას-469-469-2018 22 ივნისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – მ.ქ., ე.თ., ვ.თ., ე.თ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – მ.ქ.
მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობის თანახმად, მ.ქ. (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მფლობელი) რეგისტრირებულია სამინისტროს ბაზაში არსებულ მისამართზე სამგორის რაიონში, ..... მდებარე უძრავ ქონებაში (შემდეგში - უძრავი ქონება), (იხ. ს.ფ. 20, 24-25).
2. 2016 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მ.ქ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ე.თ–ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ვ.თ–ისა (შემდეგში - მესამე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ე.თ–ის (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), (შემდეგში - ერთობლივად მოხსენებული, როგორც მოპასუხეები) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 160-ე მუხლი).
3. მოსარჩელის მტკიცებით, იგი სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საკუთარი გადაწყვეტილებით შეიჭრნენ უძრავ ქონებაში, განაგრძობენ ნივთის უკანონოდ ფლობას და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის), 365-ე, 369-ე, 2591, 373-ე და 374-ე მუხლებით.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2018 წლის 17 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა მეორე მოპასუხე და მისი წარმომადგენელი, ასევე - პირველი, მესამე და მეოთხე მოპასუხეების წარმომადგენელი.
6.2. აპელანტები არ წარმოადგენენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ-ის) 2591 მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტებს.
6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.01.2018 წ. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 2018 წლის 16 თებერვალი.
6.4. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, მოპასუხეებს სასამართლოსთვის არ მიუმართავთ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით. მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება 2018 წლის 23 თებერვალს ჩაიბარა.
6.5. ვინაიდან, მოპასუხეები კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში არ გამოცხადებულან, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 17 თებერვალს (30 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ) და ამოიწურა ამავე წლის 2 მარტს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრირებულია 2018 წლის 7 მარტს (იხ. ს.ფ. 189).
7. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია სსსკ-ის 369-ე და 2591 მუხლებით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
8. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
8.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. მათ მიერ არაერთხელ იქნა მოთხოვნილი გადაწყვეტილების ჩაბარება, რა დროსაც, როგორც მოსამართლის თანაშემწემ, ასევე სხდომის მდივანმა განუმარტეს, რომ დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე გასაჩივრების ვადა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან აეთვლებოდათ. ვინაიდან, დასაბუთებული გადაწყვეტილება 2018 წლის 23 თებერვალს ჩაიბარეს, სააპელაციო საჩივარიც, ვადაში წარადგინეს. თუ დადგინდება, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზით გაშვებული აქვთ გასაჩივრების ვადა, ითხოვენ ვადის გაშვება საპატიოდ ჩაეთვალოთ და აღუდგეთ გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.
11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა დაარღვიეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომ, უსაფუძვლო იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
12. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
13. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
14. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.
16. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).
17. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მეორე მოპასუხე და მისი წარმომადგენელი (იხ. რწმუნებულება ს.ფ. 128-129), ასევე, მოპასუხეთა წარმომადგენელი (იხ. რწმუნებულებები, ს.ფ. 64, 109-112, 121-122) ესწრებოდნენ 17.01.2018 წელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 146), შესაბამისად, მათთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, თუმცა მათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავთ. მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება 2018 წლის 23 თებერვალს ჩაიბარა. შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, 17.02.2018 წელს დაიწყო და 02.03.2018 წელს ამოიწურა.
18. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2018 წლის 7 მარტს წარადგინეს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
19. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების მსჯელობას დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მათ მიერ მიღების შეუძლებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს მათ მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლნენ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება, დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ, #ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებმა თავიანთი არგუმენტის სარწმუნოდ დასაბუთება ვერ შეძლეს და ამისათვის მხოლოდ განმარტება საკმარისი არ არის.
20. სსსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო საპროცესო ვადის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადა საპატიო მიზეზით გაუშვეს თუ არა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნას სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებით (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
21. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ქ–ის, ე.თ–ის, ვ.თ–ის და ე.თ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილ