Facebook Twitter

№ას-478-478-2018 22 ივნისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) – ე.მ-ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – შ.ვ–ი, ნ.ჭ–ძე, ნ.ღ–ძე, ა.ა–ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ.ვ–მა, ნ.ჭ–ამ, ნ.ღ–ძემ და ა.ა–მა (შემდეგში - ერთობლივად მოხსენებული, როგორც მოსარჩელეები ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ზ.ა–ძის (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქალაქ ქობულეთში, ..... მდებარე უძრავი ქონების (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #.......), (შემდეგში უძრავი ქონება) გამოთხოვის მოთხოვნით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებით, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში მესამე პირად, მოპასუხის მხარეზე ჩაბმულ იქნა ე.მ-ა–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე პირი, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი).

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცათ მოსარჩელეებს.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხემ და მესამე პირმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით მესამე პირის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის), 91-ე, 364-ე და 374.1 მუხლებით.

5.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩაბმული მესამე პირის მიმართ გამოტანილი არ არის და იგი არ ხელყოფს მის კანონიერ ინტერესს, ამასთან, რადგანაც იგი არც მხარეა და არც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირი, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მესამე პირმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მას დაერღვა საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლება - სასამართლოსთვის მიმართვისა და მისი ხელმისაწვდომობის უფლება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

8. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმული მესამე პირის მიმართ გამოტანილი არ არის, იგი არ ხელყოფს მის კანონიერ ინტერესებს, ამასთან, იგი არც მხარეა და არც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირი. კერძო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, მას სასამართლოსთვის მიმართვისა და ხელმისაწვდომობის უფლება შეეზღუდა.

10. მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით, რომლებიც ჩამოთვლილია სსსკ-ს 83-ე მუხლში. ამასთან ერთად, სსსკ-ის 91-ე მუხლი შეიცავს მხარის იმ უფლებამოსილებათა ჩამონათვალს, რომლებითაც ვერ ისარგებლებს მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. ასეთ მესამე პირს არ შეუძლია, აგრეთვე, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო ან საკასაციო წესით (სსსკ-ის 364-ე და 391-ე მუხლები), აგრეთვე შეიტანოს კერძო საჩივარი (სსსკ-ის 414-ე მუხლი).

11. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს, კერძოდ, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ, მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს თანამონაწილეებს (თანამოსარჩლეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ არიან საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირია, შესაბამისად, იგი არაა უფლებამოსილი გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით, ფაქტობრივად, სხვა პირის საწინააღმდეგოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია.

12. სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვაზე, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ") დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ #ას-254-239-2011, 11.05.2011).

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან მოწესრიგებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს ("გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", საქმე #4451/70).

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირები არ წარმოადგენენ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილ სუბიექტებს, რადგანაც მათ მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ მათ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არ უკავშირდება, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (იხ. სუსგ #ას-246-246-2018, 20.მარტი 2018 წ, #ას-25-25-2018, 4 მაისი 2018წ).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.მ-ა–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორს ე.მ-ა–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს მის კერძო საჩივარზე ვ.ლ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (50 ლარი, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 26.04.2018) 25 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი