ბს-133-71-კ-03 20 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
განიხილა კულტურის სამინისტროს დამხმარე საწარმოთა და მომარაგების სამმართველოს ... საამქროს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 30.04.03წ განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
07.09.99წ. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებებით მიმართეს შპს “ვ.-ე” და კულტურის სამინისტროს დამხმარე საწარმოთა და მომარაგების სამმართველოს ... საამქროს შრომითი კოლექტივის ამხანაგობამ, რომლებმაც მოითხოვეს საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 03.04.97წ. გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებების დასაშვებობის საკითხზე არ უმსჯელია და სსკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით სასამართლო აქტი არ მიუღია. რაიონული სასამართლოს 10.09.99წ. განჩინებებით განმცხადებლები მოპასუხეებად იქნენ ჩართულნი საქმეში. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 26.10.99წ. განჩინებით განხილულ იქნა მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რომელიც დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 03.04.97წ. გადაწყვეტილება, სასამართლომ დაადგინა საქმის ხელახალი განხილვა. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 29.06.2000წ. გადაწყვეტილებით სს “კ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა სქმ სამინისტროს სარჩელი. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.04.03წ. განჩინებით გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 29.06.2000წ. გადაწყვეტილება და მისი წინმსწრებითი განჩინებები.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ იმავე დღეს (30.04.03წ.) მიღებული მეორე განჩინებით შპს “ვ.-ე”-ის და კულტურის სამინისტროს ეროვნული ტანსაცმლის სამხატვრო-სამკერვალო სახელოსნოს განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს “ვ.-ე” და ... სახელოსნო საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში მხარეებს არ წარმოადგენდნენ, რის გამო ისინი არ არიან უფლებამოსილნი, მოითხოვონ საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ვინაიდან სსკ-ის 423-ე მუხლის თანახმად, ამგვარი განცხადების ავტორი შეიძლება იყოს მხოლოდ მხარე. პალატამ მიუთითა, რომ თუ განცხადებების ავტორები მიიჩნევდნენ, რომ საქმის განხილვისას ისინი მხარედ უნდა ყოფილიყვნენ მიწვეულნი, მათ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსათვის არა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით, არამედ სსკ-ის 422.1 მუხლის მიხედვით განცხადებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.
სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი იქნა შეტანილი კულტურის სამინისტროს დამხმარე საწარმოთა და მომარაგების სამმართველოს ... საამქროს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის მიერ. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო დავაში მონაწილეობის ერთ-ერთი მიზანი იყო მათი მოთხოვნის ჩამოყალიბება, კერძოდ, ყოფილი ტრესტ “კ.-ის” ქონების სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მას, საქმეში არსებული დოკუმენტების სიყალბის დადგენის მიზნით, საოლქო სასამართლოში საქმის მოსამზადებელ სტადიაზე შეტანილი ჰქონდა აღიარებითი სარჩელი, რომელიც მისთვის გაუგებარი მიზეზით განუხილველად დარჩა, სასამართლოს მიერ არ განსაზღვრულა მისი სტატუსი. კერძო საჩივრის ავტორს, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, არ მიეცა დავის საგანზე მოთხოვნის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის 30.04.03წ. განჩინება დაუსაბუთებელია და ლახავს მის უფლებებს და უნდა გაუქმდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 24.06.03წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 07.09.99წ. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებებით მიმართეს შპს “ვ.-ე” და კულტურის სამინისტროს დამხმარე საწარმოთა და მომარაგების სამმართველოს ... საამქროს შრომითი კოლექტივის ამხანაგობამ, რომლებმაც მოითხოვეს საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 03.04.97წ. გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებების დასაშვებობის საკითხზე არ უმსჯელია და სსკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით სასამართლო აქტი არ მიუღია. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 26.10.99წ. განჩინებით განხილულ იქნა მხოლოდ სქმ სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარმოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რომელიც დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 03.04.97წ. გადაწყვეტილება, სასამართლომ დაადგინა საქმის ხელახალი განხილვა. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 29.06.2000წ. გადაწყვეტილებით სს “კ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა სქმ სამინისტროს სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სსგ “ე.-სა” და ტრესტ “კ.-ს” შორის 28.08.91წ. დადებული ¹11 ხელშეკრულება, ტრესტის ქონება ცნობილი იქნა საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებად. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.04.03წ. განჩინებით დაკმაყოფილდა სს “კ.-ის”, სს “ენ.-ის”, სს “დ.-98-ის” სს “ს.-ის”, სს “ავტოსატრანსპორტო საწარმო ,ე.-ის” სააპელაციო საჩივრები, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 29.06.2000წ. გადაწყვეტილება, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 10.09.99წ. განჩინებები კულტურის სამინისტროს ... სახელოსნოს და შპს “ვ.-ის” მოპასუხეებად ჩაბმის თაობაზე, 26.10.99წ. განჩინება სქმ სამინისტროს განცხადების ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილების თაობაზე, 11.01.2000წ. განჩინება სქმ სამინისტროს შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ, არ დაკმაყოფილდა აგრეთვე სქმ სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლობის გამო.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის 30.04.03წ. ¹3 ბ/9-03 განჩინებით, რომლითაც დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა შპს “ვ.-ის” და სახელოსნოს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ძალაში მყოფი 04.08.99წ. განჩინების თანახმად, სსკ-ის მე-15, 424-ე მუხლების საფუძველზე დადგინდა, რომ განსახილველ საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვა განეკუთვნება ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განსჯადობას. ამასთანავე, შპს “ვ.-ისა” და კულტურის სამინისტროს ... სახელოსნოს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის მიერ არ გასაჩივრებულა პირველი ინსტანციის სასამართლოს 29.06.2000წ. გადაწყვეტილება, აგრეთვე, მისი წინმსწრები განჩინებები, მათ არ მოუთხოვიათ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებებზე რეაგირება. ასეთი მოთხოვნა არ დაუსვიათ სააპელაციო სასამართლოს წინაშე აგრეთვე სააპელაციო საჩივრის ავტორებს. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვა ... საამქროს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის აღიარებითი სარჩელი (სსკ-ის 180-ე მუხლი), რომლის მიმართ სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია რაიმე პროცესუალური აქტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კულტურის სამინისტროს დამხმარე საწარმოთა და მომარაგების სამმართველოს ... საამქროს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 30.04.03წ. განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებების დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვების შესახებ და ამავე პალატის 24.06.03წ. განჩინება კულტურის სამინისტროს დამხმარე საწარმოთა და მომარაგების სამმართველოს ... საამქროს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენლის კერძო საჩივრის დაუსაბუთებლად მიჩნევის შესახებ;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.