Facebook Twitter

№ას-533-533-2018 22 ივნისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ნ.ხ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ნ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ნ“-ის (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ.ხ–ს (შემდეგში - მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) დაეკისრა 1000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით მოპასუხეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. 2017 წლის 29 ივლისს მოპასუხემ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე (იხ. ს.ფ. 46). სასამართლომ სსსკ-ის 75-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია, განიხილოს საქმე. მოხმობილი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როცა ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, უწყება მისთვის ჩაბარებულად ითვლება. ამდენად, მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაჰბარდა 2017 წლის 29 ივლისს. მას სასამართლოში უნდა წარედგინა შესაგებელი, სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელი დააკმაყოფილების წინაპირობაა.

3. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე და 327-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.

4. მოპასუხემ საჩივარი (იხ ს.ფ. 60-62) წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. საჩივრის ავტორის მტკიცებით, საფოსტო გზავნილში მითითებული გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში, 2017 წლის ზაფხულში, სისტემატურად ჩადიოდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პალდოში, ხოლო 25 ივლისიდან 3 აგვისტომდე მუდმივად იმფოფებოდა აღნიშნულ მისამართზე. 29 ივლისს კი, იყო დაბადების დღის წვეულებაზე, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მრავლად მოიპოვება სოციალურ ქსელში.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით (იხ. ს.ფ. 78-80) , მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე უარყოფილ იქნა. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

6. სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სასამართლო გზავნილი არ ჩაჰბარებია, საჩივრის ავტორს ეკისრებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო დაკისირებული მტკიცების ტვირთის რეალიზება. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე 2017 წლის 29 ივლისს განაცხადა უარი, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული ფოსტის უკუგზავნილით. შესაბამისად, გზავნილი მისთვის ჩაბარებულად ითვლებოდა.

7. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. აპელანტმა საჩივრის იდენტურ პრეტენზიებზე მიუთითა (წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი), კვლავ სადავოდ გახადა სასამართლო გზავნილის ჩაბარების ფაქტი და აღნიშნა, რომ 2017 წლის 29 ივლისს იმყოფებოდა დაბადების დღის წვეულებაზე, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვება სოციალურ ქსელში, სურათების სახით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 365-ე, 372-ე, 373-ე და 374-ე მუხლებით.

9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო, ვინაიდან არ არსებობდა სსსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის საფუძველი, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს.

10. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით, სააპელაციო სასამართლომ მოუსპო უფლება, კანონით დადგენილი წესით იდავოს კანონიერი უფლების დასაცავად, თუნდაც იმ უკანონოდ დაკისრებული 1000 ლარის გადახდის თავიდან აცილების მიზნით, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი თანხაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან არ არსებობდა მისი მიღების კანონიერი საფუძველი კერძოდ, 2017 წლის 20 იანვარს მოპასუხემ მასთან გააფორმა სააფთიაქო პრაქტიკის ხელშეკრულება, რომელიც დასრულდა 2017 წლის 10 თებერვალს. ამის შემდეგ გაიცა სარეკომენდაციო წერილი, რომელიც სავალდებულო იყო მომავალი სტაჟირების ხელშეკრულების დასადებად. რეკომენდაციის გაცემის დღესვე, 2017 წლის 10 თებერვალს მოპასუხემ მართლაც გააფორმა მასთან სააფთიაქო სტაჟირების ხელშეკრულება, სტაჟირების ვადა ამოიწურა ერთ თვეში, რის შემდეგაც დამსაქმებელს უნდა გაეცა ახალი რეკომენდაცია და ფარმაცევტის თანამდებობაზე დაენიშნა, რაც არ გაუკეთებია, მოსარჩელეს თვითონ დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

13. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 1 000 ლარს არ აღემატებოდა (იხ. ამ განჩინების 6.1. პუნქტი).

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მისი სააპელაციო საჩივარი დასაშვებად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

15. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეს 1000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, სააპელაციო საჩივრით კი გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარია, შესაბამისად, საჩივარი არ პასუხობს სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობას და იგი მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო სასამართლომ.

16. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ამ განჩინების მე-9 პუნქტში ასახულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 365-ე მუხლი ადგენს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობას ქონებრივ-სამართლებრივ დავაში, რაც, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფასიდან გამომდინარე, არ შეესაბამება ამ საპროცესო ნორმის მოთხოვნას.

17. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილია სააპელაციო საჩივრის ღირებულება, რომელიც არ შეიძლება, იყოს 1000 (ათასი) ლარზე ნაკლები. სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). საკასაციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში, დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, განაცხადის დასაშვებობისას, ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვ; იხ. სუსგ # ას- 230-218-2016, 28.04.2017წ.). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი, მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება, ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR)“ -იხ. სუსგ ას-692-646-2017, 14.07.2017წ.)

18. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომლებიც საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას უკავშირდება, საკასაციო სასამართლო მხარეს მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი - მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამ განჩინების მე-10 პუნქტში მითითებულ პრეტენზიებს საკასაციო სასამართლო არსებითად ვერ განიხილავს, რადგან საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებათა დასაბუთებულობასა და კანონიერებას ამოწმებს.

19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი