№ას-649-649-2018 22 ივნისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – მ.პ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „თ.ბ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა სს „თ.ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მ.პ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), დ.კ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან აპელანტი), მ.გ–ძის (შემდეგში: მესამე მოპასუხე ან აპელანტი), ზ.ს–ძისა (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე ან აპელანტი) და თ.გ–ძის (შემდეგში: მეხუთე მოპასუხე ან აპელანტი), (შემდგომში – ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა:
1.1. პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებს მათ მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში სოლიდარულად დაეკისროთ 6 832.56 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი 5 188.29 ლარია, სესხზე დარიცხული პროცენტი 144.27 ლარი, ჯარიმა - 1500 ლარი.
1.2. პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებს მათ მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში 2017 წლის 20 იანვრიდან სოლიდარულად დაეკისროთ ძირ თანხაზე, 5 188.29 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 35%-იანი სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 151.32 ლარია.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი მესამე და მეხუთე მოპასუხეებს შორის 2017 წლის 31 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ..... მდებარე უძრავ ქონებაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ....), (შემდეგში უძრავი ქონება) აღდგეს მესამე მოპასუხის საკუთრების უფლება.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.1. ბათილად იქნა ცნობილი მესამე და მეხუთე მოპასუხეებს შორის 2017 წლის 31 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება;
1.2. პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 5 482.56 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5188.28 ლარი, სარგებელი - 144.27 ლარი, პირგასამტეხლო - 150 ლარი;
1.3. პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების ძირ თანხაზე - 5188.29 ლარზე, წლიური 11.5% სარგებლის გადახდა, 2017 წლის 20 იანვრიდან ვალდებულების შესრულებამდე;
1.4. მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების პასუხისმგებლობა მაქსიმალურად განისაზღვარა 8164 ლარით.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის), 365-ე, 369-ე, 2591, 373-ე და 374-ე მუხლებით.
4.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი და მეოთხე მოპასუხეები ესწრებოდნენ 20.07.2017 წელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ს.ფ. 171), შესაბამისად, მათთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, პირველ და მეოთხე მოპასუხეებს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, შესაბამისად, მათ მიმართ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 - დღიანი ვადის ათვლა 21.07.2017 წელს დაიწყო და 03.08.2017 წელს ამოიწურა.
4.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების ასლი, მეორე, მესამე და მეხუთე მოპასუხეებს ჩაჰბარდათ 2018 წლის 12 მარტს (იხ. ს.ფ. 203-2016). ამდენად, მათ მიმართ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 - დღიანი ვადის ათვლა 13.03.2018 წელს დაიწყო და 26.03.2018 წელს ამოიწურა.
4.3. აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2018 წლის 29 მარტს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 მაისს გაცემული #1717 ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მან რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 10 აგვისტოს კანონით დადგენილ 20 - დღიან ვადაში, სააპელაციო საჩივარი კი, წარადგინა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ პირველმა მოპასუხემ დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა, მისი მტკიცებით, სააპელაციო საჩივარი სსსკ-ით გათვალისწინებულ ვადაში წარადგინა, სწორედ ამიტომ, უსაფუძვლო იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
11. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.
13. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გასაჩივრებულ განჩინებას სააპელაციო სასამართლო ასაბუთებს, ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი/პირველი მოპასუხე ესწრებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. სხდომის ოქმი ს.ფ. 171), თუმცა მას კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხის მიმართ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 - დღიანი ვადის ათვლა 21.07.2017 წელს დაიწყო და 03.08.2017 წელს ამოიწურა. მან სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2018 წლის 29 მარტს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია დადგენილად აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის ფაქტი, თუმცა არასწორად აითვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების წესი და ვადა, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს, 2017 წლის 10 აგვისტოს (იხ. განცხადება, წერილი ს.ფ. 207, 311) და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, რა დროსაც გადაწყვეტილება მზად არ იყო, ასევე დადგენილია, რომ სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების შემდგომ, გაუგზავნა იგი კერძო საჩივრის ავტორს, რომელსაც გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2018 წლის 12 მარტს პირადად(იხ. ხელწერილი, ს.ფ. 203).
15. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დებულებაზე, რომ, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2018 წლის 12 მარტს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან მომდევნო დღეს - 2018 წლის 13 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 27 მარტს, 24 საათზე.
16. საქმის მასალებით, დასტურდება, რომ პირველმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2018 წლის 29 მარტს წარადგინა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
17. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინების გაუქმების სამარლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.პ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორს მ.პ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (50 ლარი, საგადახდო დავალება #2469639103-1, გადახდის თარიღი 10.05.2018) 25 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი