№ას-678-678-2018 22 ივნისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – სს „კ.პ.ჯ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ზ.ვ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2018 წლის 5 თებერვალს სს „კ.პ.ჯ–ამ“ (შემდეგში: საარბიტრაჟო მოსარჩელე, საწარმო, კრედიტორი, განმცხადებელი ან საჩივრის ავტორი) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზესტაფონის რაიონში, სოფელ .... მდებარე უძრავ ქონებაში ზ.ვ–ძის (შემდეგში: საარბიტრაჟო მოპასუხე ან მოვალე) კუთვნილი წილის (საკადასტრო კოდი №....) იპოთეკით დატვირთვისა და გასხვისების აკრძალვის მოთხოვნით.
2. განმცხადებლის განმარტებით, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დ.გ.ც–ის“ 2017 წლის 23 ოქტომბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, საარბიტრაჟო მოსარჩელის პრეტენზია დაკმაყოფილდა, თუმცა მხარეთა შეთანხმებით გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოვალე მხარეს მიეცა გარკვეული ვადა, რის გამოც სააღსრულებო ფურცელი არ ამოწერილა, თუმცა შეთანხმება დაირღვა მოვალის მხრიდან. განმცხადებელის მითითებით, მსესხებლის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. სოლიდარული მოვალე კი, არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი უძრავი ქონება გასხვისდება საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღებამდე, რის შედეგადაც გამსესხებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი გახდება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინებით, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 35612 მუხლის პირველი ნაწილის, 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის, ასევე, 35618 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საარბიტრაჟო სარჩელზე, რომლის უზრუნველყოფაც განმცხადებელმა მოითხოვა, მიღებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია, სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკების შემცირება/აღმოფხვრა. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი იხილება გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი აღსრულების უზრუნველყოფა, უზრუნველყოფის სხვა სახეა, რომელიც არა სსსკ-ის XXIII თავით, არამედ სსსკ-ის XXVIII თავის 271-ე მუხლითაა გათვალისწინებული.
3.2. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, ვინაიდან საარბიტრაჟო სარჩელი განხილულია და მიღებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და საარბიტრაჟო მოსარჩელის სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განცხადების ქვესათაური – განცხადება (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ) ტექნიკური ხარვეზია და განცხადება შინაარსობრივი, ასევე, სამართლებრივი დასაბუთების მიხედვით, წარმოადგენს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. ეს გარემოება არ გაითვალისწინა სასამართლომ და დაუსაბუთებელი განჩინება გამოიტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით საჩივარი, დაუსაბუთებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი საფუძვლებით:
5.1. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საარბიტრაჟო სასამართლომ 2017 წლის 23 ოქტომბერს მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, საარბიტრაჟო სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 2018 წლის 6 თებერვლის განჩინების მიღებისას, პალატამ ყურადღება გაამახვილა საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების შინაარსზე და არა სათაურზე, 35613 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, სადაც მითითებული არ არის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის განჩინება დასაბუთებულია, საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მისი გაუქმების პროცესუალურ თუ სამართლებრივ საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება არ დააკმაყოფილა იმაზე მითითებით, რომ სსსკ-ის 35613 მუხლი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია სსსკ-ის 271-ე მუხლის საფუძველზე.
7. სსსკ-ის 35612.1 მუხლის მიხედვით, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 35613.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო განიხილავს საქმეებს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
8. ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მსგავსად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
9. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობა შეიძლება, იმ შემთხვევაში წარმოიშვას, თუ საარბიტრაჟო მოსარჩელეს დავის დასრულებამდე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა არ გაუკეთებია და, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტამდე (სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე) ამ გადაწყვეტილების აღსრულების საჭიროება წარმოიშვა. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, არასწორია ამ საფუძვლით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა.
10. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მოცემულ შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება მაინც ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე იმავდროულად მოითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას. ასეთი დასკვნა გამომდინარეობს იქედან რომ, რაკი გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო მოსარჩელის ინტერესი ამ გადაწყვეტილების აღსრულებაა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება კი, სააპელაციო სასამართლოსათვის შესაბამისი განცხადების წარდგენითაა შესაძლებელი (სსსკ-ის 35620 მუხლი - საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ). იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე არ მოითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას, გაუგებარია, თუ რა ინტერესი გააჩნია მას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიმართ მაშინ, როცა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზანი სწორედ ამ გადაწყვეტილების აღსრულებაა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა ამ გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობასთან ერთადაა შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობა არ წარუდგენია, შესაბამისად, მისი განცხადება ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება. ცხადია, საარბიტრაჟო მოსარჩელეს რჩება უფლება, კვლავ მოითხოვოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან ერთად.
11. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას, ვინაიდან ეს განჩინება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „კ.პ.ჯ–ას“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი