Facebook Twitter

საქმე №ას-930-888-2013 19 ივნისი, 2015 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „კ.ე.მ.“

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ვ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - თანხის დაკისრება (სარჩელში), ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „კ.ე.მ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელემ, შეგებებული სარჩელის მოპასუხემ, აპელანტმა ან კასატორმა) ს.ვ–ის (შემდეგში: მოპასუხის, შეგებებული სარჩელის მოსარჩელის ან მოწინააღმდეგე მხარის) მიმართ და მოპასუხისათვის 2 000 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა თავის სასარგებლოდ.

2. მოსარჩელის განმარტებით, 22.11.2010 წელს მოსარჩელესა და შპს „.ვ.ჯ.პ–ის“ (შემდეგში გამყიდველს) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელემ გამყიდველისგან შეიძინა სავენტილაციო პროდუქცია. მოსარჩელემ გამყიდველს ავანსად გადაურიცხა 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარი. გამყიდველმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მოსარჩელეს არ მიაწოდა. 10.11.2011 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოპასუხემ, როგორც გამყიდველის უფლებამონაცვლემ, მოსარჩელის წინაშე იკისრა ვალდებულება, 01.12.2012 წლამდე ამ უკანასკნელისათვის გადაეხადა 2 000 000 აშშ დოლარი. თავის მხრივ, საპასუხო შესრულების სახით, მოსარჩელემ მოპასუხეს დაუთმო თავისი მოთხოვნა გამყიდველის მიმართ, გამომდინარე 22.11.2010 წლის ხელშეკრულებიდან. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია 10.11.2011 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 10.11.2011 წლის ხელშეკრულება დაიდო მის მიმართ იძულების გამოყენებით და, შესაბამისად, ეს ხელშეკრულება ბათილი იყო. მოგვიანებით მოპასუხემ სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით და მოითხოვა 10.11.2011 წლის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 4 300 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

4. შეგებებული სარჩელის მოსარჩელის განმარტებით, სადავო გარიგება დაადებინეს იძულებით, კერძოდ, მოპასუხე კომპანიის მფლობელები მას ემუქრებოდნენ როგორც მისი, ასევე - მისი ოჯახის წევრებისა და ქონების დაზიანებით. შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო გარიგება ბათილი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 85-89-ე მუხლების საფუძველზე, ხოლო მეორე მოთხოვნა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მას აეკრძალა თავისი კუთვნილი წილების გასხვისება სხვადასხვა კომპანიებში, რითაც მიადგა ზიანი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით: სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 10.11.2011 წლის ხელშეკრულება და შეგებებული სარჩელის მოპასუხეს დაეკისრა 4 300 000 აშშ დოლარის გადახდა შეგებებული სარჩელის მოსარჩელის სასარგებლოდ.

6. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით იყო მოწვეული საქმის განხილვაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე არ უცნობებია სასამართლოსათვის. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არასაპატიოდ მიიჩნია მოსარჩელის გამოუცხადებლობა, რაც, მისი მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 229.1 მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, ასევე, სსსკ-ის 230.1 მუხლზე და დამტკიცებულად მიიჩნია შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, სასამართლოს მოსაზრებით, იურიდიულად ამართლებდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნას სსკ-ის 50-ე, 51-ე, 81-ე, 411-ე მუხლების შესაბამისად.

7. ზემოხსენებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება. საჩივრის მიხედვით, მოსარჩელე საქმის განხილვაში არ იყო მოწვეული კანონით დადგენილი წესით, ამასთან, შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნას.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი და ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს შეწყვეტილი ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და, შესაბამისად, მისთვის უწყება ჩაბარებულად ვერ მიიჩნეოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ უცნობებია თავისი წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ამიტომ წარმომადგენლობა შეწყვეტილად ვერ მიიჩნეოდა და, შესაბამისად, უწყებაც ჩაბარებულად ითვლებოდა. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის არც მეორე პრეტენზია. სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებულ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა შეგებებული სარჩელის პირველ მოთხოვნას სსკ-ის 85-ე-87-ე მუხლების, ხოლო მეორე მოთხოვნას, სსსკ-ის 199-ე და სსკ-ის 408.1-ე მუხლების საფუძველზე.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის განახლება. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე საქმის განხილვაში არ იყო მოწვეული სსსკ-ის 72.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ: ა. მოსარჩელის წარმომადგენელს არ ეცნობა სასამართლოს ზუსტი მისამართი და დავის საგანი; ბ. მოსარჩელის წარმომადგენელს არ განემარტა, რომ იგი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ ეცნობებინა მხარისათვის სასამართლოდან მიღებული შეტყობინების თაობაზე; გ. მოსარჩელის წარმომადგენელს არ განემარტა გამოუცხადებლობის შედეგებსა და ვალდებულებაზე, ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზები; დ. მოსარჩელის წარმომადგენელს არ მიეცა წინადადება, წარმოედგინა მასთან არსებული ყველა მტკიცებულება. ამასთან, შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნას.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

10.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ მას უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია და დაასკვნა, რომ მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

10.2. საქმეში არსებული რწმუნებულების მიხედვით, მოსარჩელეს წარმომადგენელზე უფლებამოსილება განუსაზღვრელი ვადით ჰქონდა მინიჭებული. სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო, რომ ამ უკანასკნელს შეწყვეტილი ჰქონდა წარმომადგენლობის უფლებამოსილება. ამის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია არც მოსარჩელე მხარეს და არც მის წარმომადგენელს, მათ შორის არც სატელეფონო შეტყობინების ჩაბარებისას.

10.3. სატელეფონო შეტყობინების ჩანაწერის შინაარსით კი დგინდებოდა, რომ მოსარჩელის წარმომდგენლისათვის ცნობილი იყო, რომელი დავის თაობაზე ჰბარდებოდა სასამართლო უწყება, რომელ მხარეებს შორის იყო დავა და რომელ სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ სასამართლოს მოხელემ არასრულად და კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩააბარა სასამართლო უწყება.

10.4. რაც შეეხება გამოუცხადებლობის შედგების თაობაზე გაუფრთხილებლობას, სასამართლომ გაითვალისწინა როგორც სატელეფონო შეტყობინების შინაარსი, ასევე - ის გარემოება, რომ ადრესატი იყო ადვოკატი, იურიდიული განათლების მქონე პირი, რომლისთვისაც კარგად იყო ცნობილი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები.

10.5. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

10.6. პალატამ განმარტა, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო გადასინჯავს საჩივრის ფარგლებში, კერძოდ, რამდენად სწორად იქნა გამოტანილი იგი და ხომ არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, სასამართლო შეზღუდული არ არის, საკუთარი ინიციატივითაც გამოიკვლიოს, თუ რამდენად იყო დაცული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის პროცესუალური წინაპირობები, ხოლო მატერიალურსამართლებრივი შეცილების საფუძვლის შემოწმების შესაძლებლობა სასამართლოს მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც საჩივარი შეიცავს მასზე მითითებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დაირღვევა სსსკ მე-4 მუხლით განსაზღვრული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი - შეჯიბრებითობა.

10.7. აპელანტი სააპელაციო საჩივარში აპელირებს, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა იურიდიულად არ იყო მართებული, თუმცა აღნიშნულის თაობაზე არ აქვს მითითებული საჩივარში. რამდენადაც სარჩელის მოთხოვნის იურიდიული მართებულობის საკითხის გადასინჯვა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მატერიალურსამართლებრივი შეცილების საკითხს და საჩივრის ავტორს ამის თაობაზე არ აქვს მითითებული საჩივარში, პალატამ შეგებებული სარჩელის იურიდიულ მართებულობაზე არ იმსჯელა.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. სატელეფონო შეტყობინების აქტი ნამდვილია, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. აქტი უნდა შეესაბამებოდეს სატელეფონო ჩანაწერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ბათილია. შეტყობინების აქტის ბათილობა კი ნიშნავს, რომ აღარ არსებობს შეტყობინების დამადასტურებელი მტკიცებულება და მხარე არ ყოფილა სასამართლო პროცესზე მიწვეული სათანადო წესით, რაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

11.2. კასატორის მტკიცებით, სატელეფონო აქტი და ჩანაწერი არ არის იდენტური, ამასთან აუდიოჩანაწერი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 72-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, სატელეფონო შეტყობინებით მოსამართლის თანაშემწეს მოსარჩელის წარმომადგენლისათვის არ უცნობებია სასამართლოს ზუსტი მისამართი, დავის საგანი, ასევე ის, რომ იგი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ ეცნობებინა მხარისათვის პროცესის ჩანიშვნის შესახებ, არ განუმარტავს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები, არ შეუთავაზებია წარედგინა ყველა ის მტკიცებულება, რასაც იგი საქმესთან დაკავშირებით ფლობდა.

11.3. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საპროცესო ნორმები, როდესაც მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მეორე საფუძველზე (რომ შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას) მსჯელობა, შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა იქნებოდა. კასატორის მტკიცებით, შეჯიბრებითობა დამთავრდა იქ, სადაც მხარემ ფაქტობრივი გარემოებები ჩამოაყალიბა და ისინი იურიდიულად მისთვის სასურველ შედეგს დაუკავშირა, ხოლო სამართლებრივად რამდენად სწორად გააკეთა, სწორედ სასამართლომ უნდა შეამოწმოს. როდესაც არსებობს სასამართლოს ვალდებულება, იქ შეჯიბრებითობა ქარწყლდება, ხოლო თუ სასამართლო არღვევს ამ ვალდებულებას, შეცილების საფუძველი არის პროცესუალურსამართლებრივი და არა - მატერიალურსამართლებრივი. ამასთან, ეს სადავო გარემოება შეცილებულ იქნა პირველივე ინსტანციაში და სასამართლომ მასზე საჩივრის განხილვის ეტაპზე იმსჯელა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რის გამოც სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.

15. სსსკ-ის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის) განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

16. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ნორმაში აღწერილ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.

17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით იყო მოწვეული საქმის განხილვაში და იზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლო სხდომაზე მისი მოწვევისას კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

17.1. უწყების ჩაბარების კანონით დადგენილი წესი ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: უწყება უნდა ჩაჰბარდეს ადრესატს იმ გონივრულ ვადაში, რა ვადაშიც ის შეძლებს სხდომაზე გამოცხადებასა და სხდომისათვის მომზადებას, უწყება ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს, ანუ ირკვეოდეს მისი შინაარსი, დრო და გამოუცხადებლობის შედეგები.

17.2. იმ შემთხვევაში, თუ უწყება არ პასუხობს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის (უწყება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს; ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო, თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე, მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია, აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის; გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს და მითითებას დავის საგნის შესახებ; დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე, იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ; ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება; ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს; ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები) მოთხოვნებს და მხარის მიმართ გამოიტანება დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აღნიშნული იქნება აბსოლუტური საფუძველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა.

17.3. მოსარჩელისათვის ჩაბარებული უწყება, რომ მითითებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა სადავო არ არის, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სატელეფონო შეტყობინების საერთო შინაარსისა და იმის გათვალისწინებით, რომ ადრესატი ადვოკატი იყო (რომლისთვისაც სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები ცნობილი უნდა ყოფილიყო), უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნია.

17.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ამ მსჯელობას და განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია არც სასამართლოს და არც მხარეთა შეხედულებაზე არაა დამოკიდებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარისა და ადვოკატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ნორმის განმარტება იმგვარად, რომ ადვოკატმა ისედაც იცის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები და აღარ უნდა ეცნობოს, არ არის მართებული. საპროცესო ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია არასწორია იმიტომაც, რომ ის მძიმე ტვირთად დააწვებოდა თავად მხარეს. მხარეებს, ისევე, როგორც მათ წარმომადგენლებს, უწყება უნდა ჩაჰბარდეთ დადგენილი ფორმით, რა დროსაც დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სიზუსტეს. სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს რამდენად სწორად არის წერილობითი ფორმით შედგენილი თუ ტელეფონით გადაცემული უწყება ჩაბარებული, ანუ რამდენად შეესაბამება უწყების შინაარსი სსსკ-ის 72.1 მუხლის მოთხოვნებს.

18. კასატორის მოწინააღმდგე მხარე როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო შესაგებელში აპელირებს, რომ მოსარჩელე პირველ ინსტანციაში წარდგენილ საჩივარში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უწყების არასრულად ჩაბარების თაობაზე არ უთითებდა.

18.1. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შეჯიბრებითობის საფუძველზე განხორციელებული საქმისწარმოებისას კი, სწორედ სასამართლოა იმის გარანტი, რომ უზრუნველყოს მხარეთა მიერ სასამართლო პროცესთან დაკავშირებული წესების დაცვა, რათა უსაფუძვლოდ და უკანონოდ არ შეილახოს რომელიმე მხარის უფლება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე საჩივარში უთითებდა, რომ იგი კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული სასამართლო განხილვაზე, სასამართლო თავად იყო ვალდებული, შეემოწმებინა, ხომ არ დაირღვა მხარის უფლება მისი სასამართლო განხილვაზე არასათანადო წესით მოწვევის გამო, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, გულისხმობს უწყების იმდაგვარად ჩაბარებასაც, რომ მხარისათვის ცნობილი იყოს როგორც მისი შინაარსი, ისე - გამოუცხადებლობის შედეგები.

18.2. ამასთან, რამდენადაც პროცედურული წესები მოდავე მხარეთათვის თანაბარ უფლება-ვალდებულებებს ითვალისწინებს, სასამართლოს მიერ მათი ზედმიწევნით დაცვა აუცილებელია, რაც ნორმის განსაკუთრებით მკაცრ ინტერპრეტაციად არ უნდა შეფასდეს.

18.3. ამგვარი მიდგომა განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლითაც: მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფრო ფართო ცნების ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე ისეთ პირობებში, რომლებიც მას არ აყენებს არსებითად არამომგებიან პოზიციაში მის ოპონენტთან შედარებით (Nideröst-Huber v. Switzerland; Kress v. France; Gorraiz Lizarraga and Others v. Spain). ამასთან, ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ თავიანთი სამართლებრივი სისტემები იმგავრად, რომ ხელი შეუწყონ სწრაფ და ეფექტურ საქმისწარმოებას, გადაწყვეტილებების დაუსწრებლად გამოტანის შესაძლებლობის ჩათვლით (Aždajić v. Slovenia), თუმცა ეს არ შეიძლება განხორციელდეს სხვა სამართლებრივი გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე. ის შეიძლება, მხოლოდ ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქმისწარმოების სისწრაფე და ეფექტურობა, თუმცა ეს ღონისძიება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით, მხარეთა თანასწორობის პრინციპის საზიანოდ.

18.4. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პროცედურული წესის არასწორმა ინტერპრეტაციამ მოსარჩელეს ჩამოართვა სარჩელის განხილვის უფლება, რითაც შეილახა მისი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარე არ იყო სათანადოდ ინფორმირებული სასამართლო განხილვის შესახებ, მას უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარდა, შესაბამისად, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ეწინააღმდეგება სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით), რაც, სსსკ-ის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

20. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სარჩელის იურიდიული გამართულობის, ანუ იმის შემოწმება, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს ვალდებულებაა. ეს ვალდებულება პირდაპირ გამომდინარეობს სსსკ-ის 230-ე მუხლის შინაარსიდან (1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელს მის დაკმაყოფილებაზე). ამ ნორმის თანახმად, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო არ ამოწმებს და არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მაგრამ არკვევს, გააჩნია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას მატერიალურსამართლებრივი საფუძველი და სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას. ამდენად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელს არ დააკმაყოფილებს, მაგრამ, თუ სასამართლო მაინც გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, მაშინ ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით ითხოვს მოპასუხე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს სარჩელის იურიდიული გამართულობაც, ვინაიდან ეს არის სამართლებრივი შეფასების საგანი, რომელსაც სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა ვალდებულება, შეემოწმებინა შეგებებული სარჩელის იურიდიული გამართულობა, მათ შორის, ისიც, ჰქონდა თუ არა მოწინააღმდეგე მხარეს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის უფლება, კერძოდ, შესრულებულია თუ არა სსსკ-ის 199.3 (თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია, აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად) მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

21. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ვინაიდან საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ.ე.მ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური