№ას-1130-1086-2016 10 ივლისი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – მ.ლ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ.ა–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია გაჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქალაქ თბილისში, ...... მდებარე ბინა #17, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #......(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), 2014 წლის 1 აპრილიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე, ლ.ა–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებას წარმოადგენს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ. 1. ს.ფ. 13, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
2. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სადავო უძრავ ქონებას მ.ლ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.
3. უძრავ ნივთს მოპასუხე არ ათავისუფლებს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
4. 2015 წლის 16 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მტკიცებით, იგი 2014 წლის 1 აპრილიდან სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხე განაგრძობს მისი ნივთის უკანონოდ ფლობას და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას.
5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი, მუხლი N1, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 156-ე, 158-ე, 170-ე, 172-ე მუხლები გამოიყენა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ, სსკ-ის 172.1 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ნივთის გამოთხოვა.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ საფუძველზე მითითებით:
8.1. აპელანტის მტკიცებით, მას სადავო ბინაში შესვლით დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან ბინაში იყო და ახლაც არის მისი ნივთები (ავეჯი, ლოგინი, ტანსაცმელი, ჭურჭელი და სხვა), იხდის კომუნალურ გადასახადს და მიაჩნია, რომ სადავო ბინა იყო და ამჟამადაც არის მის მფლობელობაში, ამიტომ მისი გამოსახლება დაუშვებელია.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
10.1. კასატორის მტკიცებით, იგი სადავო ბინაში უკანონოდ არ შესულა, ფლობდა მას მანამდე, ვიდრე მოსარჩელე იყიდდა. იგი დღესაც ფლობს სადავო ბინას, იხდის კომუნალურ გადასახადებს. სამოქალაქო კოდექსის მფლობელობის მომწესრიგებელი ნორმები იცავენ მის მფლობელობას;
10.2. სასამართლომ საქმე განიხილა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მონაწილეობით, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო. სასამართლო ვალდებული იყო, საქმის წარმოება შეეჩერებინა სსსკ-ის 279-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.
17. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი. მან, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
19. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ, ვინაიდან სადავო ბინაში უკანონოდ არ შესულა, მისი მფლობელობა მართლზომიერია. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ნივთზე ბატონობს ფაქტობრივად. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი[. ]ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნივთზე მოპასუხის მფლობელობა წარმოქმნილია ყოფილი მესაკუთრის მფლობელობიდან. ამ უკანასკნელის მიმართ მოპასუხის მფლობელობა, ცხადია, მართლზომიერი იყო, მაგრამ ამჟამად დადგენილია, რომ სადავო ნივთს ახალი მესაკუთრე ჰყავს, რომელიც მოპასუხის მფლობელობის წინააღმდეგია. მოპასუხე ვერ უთითებს ისეთი სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე, რომელიც ახალ მესაკუთრეს კანონისმიერი ან სხვაგვარი (სახელშეკრულებო) შებოჭვის ფარგლებში მოაქცევდა. აქედან გამომდინარე, მოპასუხე სადავო ნივთის არაკეთილსინდისიერი მფლობელია, რაც მას ავალდებულებს, ეს ნივთი დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს, ამ შემთხვევაში - მოსარჩელეს (სსკ-ის 164-ე მუხლი - არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს ნივთი). აქედან გამომდინარე, რაკი შესრულებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
20. კასატორის შემდეგი პრეტენზია ისაა, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მონაწილეობით, ვინაიდან ჯანმრთელობის გამო მას საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, შესაბამისად, სასამართლოს საქმისწარმოება უნდა შეეჩერებინა სსსკ-ის 279-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორი ორივე ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობდა საქმის ზეპირ განხილვაში. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმით ისიც კი დგინდება, რომ მოპასუხემ სხდომის გადადება მოითხოვა ადვოკატის აყვანის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მისი თხოვნა დააკმაყოფილა, შემდეგ სხდომაზე მოპასუხე ადვოკატთან ერთად არ გამოცხადებულა და პირადად მიიღო მონაწილეობა საქმის განხილვაში. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას საქმისწარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 279-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა (სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ იგი დაადგენს, რომ მხარე არის მხარდამჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, მაგრამ მხარდაჭერა არ მიუღია) და 280-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით (სასამართლოს, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არა აქვს, გამოცხადდეს სასამართლოში და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით) გათვალისწინებული საქმისწარმოების შეჩერების წინაპირობები, კერძოდ, მოპასუხე არ არის მხარდაჭერის მიმღები პირი და მას სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დასწესებია მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, ამასთან, მართალია, საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის ავადმყოფობის ცნობა, მაგრამ ფაქტია, რომ იგი გამოცხადდა სასამართლოში და საქმის განხილვაშიც მიიღო მონაწილეობა.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. იხ. სუსგები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ მ.ლ–ძეს (პ/ნ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 06.02.2017) 70% – 210.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი