საქმე №ას-1701-2018 12 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ო–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. დ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ჯ. დ–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ო–ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 4760 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 6000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხე მხარეს სრულად არ დაუბრუნებია. მოპასუხემ სამართალდამცავ ორგანოში გამოკითხვის პროცესში აღიარა ვალდებულების არსებობა, რომლის დაბრუნებასაც მოითხოვს მოსარჩელე მხარე.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ფულადი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ სრულად შეასრულა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ – 2000 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში კი ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასაკმარისადაა გამოკვლეული, რის შედეგადაც დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები პირველი ინსტნაციის სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი.
7. პირველ რიგში, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების სახით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ უდავო ფაქტობრივ გარემეობაზე, რომ 2015 წლის 18 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა სასესხო-სამართლებრივი ურთიერთობა.
8. უდავოა, რომ ამ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 6 000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე სარჩელის მოთხოვნას ამყარებს სწორედ ამ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ გარემოებაზე და მიუთითბს, რომ მოპასუხეს ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მის მიმართ გააჩნია დავალიანება 4760 აშშ დოლარის ოდენობით, რის დასადასტურებლადაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა უბნის ინსპეტორის მიერ მოპასუხესთან ზეპირი გასაუბრების შესახებ 2016 წლის 16 ნოემბრის ოქმი.
9. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართალია, 2016 წლის 16 ნოემბრის გასაუბრების ოქმი არ შეიძლება შეფასდეს ვალის აღიარებად, რამდენადაც, ამ შემთხვევაში მოპასუხეს ვალი უშუალოდ გამსესხებლის – მოსარჩელის მიმართ არ უღიარებია, თუმცა ოქმი შეიცავს დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან მონაცემებს.
10. სააპელაციო პალატამ ყურადღება შეაჩერა მოპასუხის მიერვე ოქმში დაფიქსირებულ იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით მას გააჩნია დავალიანება 2000 აშშ დოლარი მოსარჩელის მიმართ. ამდენად, მართალია, აღნიშნული მტკიცებულება არ წარმოადგენს ვალის აღიარების ხელწერილს, თუმცა უნდა შეფასდეს ისეთ დოკუმენტად, სადავ მოპასუხე ცალსახად ადასტურებს მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით 2 000 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არსებობას.
11. მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას (იხ. 2018 წლის 25 მაისი სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი) მოპასუხემ დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა მისი პოზიციის სისწორე იმ ფაქტთან მიმართებით, რომ თუკი 2016 წლის მაისის მდგომარეობით, როდესაც იძულებითი საქმის წარმოება შეწყდა მის მიმართ, მას მოსარჩელის წინაშე შესრულებული ჰქონდა 2015 წლის 18 თბერვლის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად, და, დავალიანების არარსებობის გამო, შეწყდა იძულებითი საქმის წარმოება, მაშინ რატომღა დაადასტურა მოგვიანებით, უკვე 2016 წლის ნოემბერში შედგენილ გამოკითხვის ოქმში მოსარჩელის მიმართ 2 000 აშშ დოლარის ოდნეობით დავალიანების არსებობა. არადამაჯერებელია მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ გასაუბრებისას მის მარწმუნებელს შეეშალა და შეცდომით მიუთითა ამ ინფორმაციაზე, ვინაიდან მოსარჩელე გამოკითხვის ოქმში ცალსახად ადასტურებს 2000 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების შესახებ ფაქტის არსებობას და ამასთან, ნათლად გამოხატავს ამ დავალიანების დაფარვის ნებასაც.
12. ამგვარად, იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელისაგან სესხის სახით გადაცემული ჰქონდა 6000 აშშ დოლარი, აგრეთვე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული 2016 წლის 15 მარტის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის (2016 წლის მაისი) შემდეგ, 2016 წლის 16 ნოემბრის გასაუბრების ოქმში მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიმართ დავალიანების – 2000 აშშ დოლარის არსებობა, სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ (2 000 აშშ დოლარის ნაწილში) გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელის) მტკიცება მოპასუხის დავალიანების არსებობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ აქვე დასძინა, რომ ამ პოზიციის გასაზიარებლად ამ ვითარებაში არ არის საკმარისი მოპასუხის მიერ მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ მოსარჩელის (2016 წლის 5 მაისის) განცხადებით სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა დასტურია მისი მხრიდან ფულადი ვალდებულების სრულად შესრულებისა. როგორც უკვე აღინიშნა, ფაქტია, რომ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემდეგ მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიმართ 2 000 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არსებობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება. საქმეში წარმოდგენილი არ არის სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანების არსებობას 4760 აშშ დოლარის ოდენობით.
13. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია 2015 წლის 18 თებერვლის სესხის ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანება (ძირითადი თანხის სახით) 2 000 აშშ დოლარის ოდენობით.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 316-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 623-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს მოპასუხისაგან 2 000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეს, რომელსაც სსკ-ის 429-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ეკისრებოდა ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურების მტკიცების ტვირთი, შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება 2000 აშშ დოლარის დაფარვის ნაწილში არ წარმოუდგენია.
15. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის სარჩელი საფუძვლიანია მხოლოდ 2 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
17. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 341-ე მუხლი, რომლის მიხედვით ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა და მისი ნამდვილობისათვის აუცილებელია წერილობითი სახით აღიარება, რაც არ არის წარმოდგენილი. კასატორს არ უღიარებია არც სსკ-ის 327-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების პირობები – სადავო ახალი ვალდებულებები.
18. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ასევე უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 328-წ მუხლის პირველი ნაწილითა და სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
24. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 18 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 6 000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით.
25. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს გააჩნია დავალიანება 4760 აშშ დოლარის ოდენობით, რის დასადასტურებლადაც მან წარმოადგინა უბნის ინსპეტორის მიერ მოპასუხესთან ზეპირი გასაუბრების შესახებ 2016 წლის 16 ნოემბრის ოქმი. ოქმში დაფიქსირებულია, რომ 2016 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება 2000 აშშ დოლარის ოდენობით.
26. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ საქმეში მის მიერ სადავო ფულადი ვალდებულების არსებობის აღიარების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არასწორად დააკისრა თანხის გადახდა მოსარჩელისათვის.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის საფუძვლები დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ შეიცავს, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გასაუბრების ოქმი მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად არ მიუჩნევია.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმით დადგენილი წესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების თაობაზე საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია და იგი მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლის ძალითაც მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. კანონის დანაწესი, რომ არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, გულისხმობს იმას, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მიუხედავად დოკუმენტის გამცემი ორგანოს კომპეტენციისა, შემოწმებული და გამოკვლეული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებიდანაც, რომლებიც შეჯიბრებითობისა და მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს განამტკიცებენ. სამართალწარმოების მხარის უფლება, წარადგინოს თავისი არგუმენტაცია და მტკიცებულებები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, იმავდროულად, წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპით მიღებაზე და შემდეგ მისი კანონით დადგენილი წესით შემოწმებასა და შეფასებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ, ვინაიდან სამართალწარმოების მხარეები სარგებლობენ სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის პრინციპით, ხოლო სასამართლოსათვის წინასწარ არც ერთი მტკიცებულების მნიშვნელობა და უპირატესი იურიდიული ძალა არ არის დადგენილი, სადავოობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ფაქტობრივად კი ვალდებული, შეამოწმოს მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების უტყუარობა ამ ფაქტების საწინააღმდეგოდ მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებთან ურთიერთშეჯერებით და, შესაბამისად, შეფასება მისცეს მათ: გაიზიაროს ან არ გაიზიაროს მტკიცებულებით დადასტურებული ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება (სუსგ 15.11.2011წ. საქმე №ას-988-1021-2011).
29. ამდენად, განსახილველ საქმეზე სააპელაციო პალატამ შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და თავისი მსჯელობა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ არსებული ფულადი დავალიანების არსებობის შესახებ დააფუძნა ერთ-ერთ ასეთ მტკიცებულებას – უბნის ინსპეტორის მიერ მოპასუხესთან ზეპირი გასაუბრების შესახებ 2016 წლის 16 ნოემბრის ოქმს, რომლიდანაც ვლინდება, რომ მოპასუხის დაუფარავი სესხის ოდენობაა 2000 აშშ დოლარი, კერძოდ, ოქმის მიხედვით: „ძირითადი თანხის სახით გადასახდელი აქვს 2000 აშშ დოლარი...ხელშეკრულებიდან გამომდინარე ის აღიარებს ვალს მოსარჩელის მიმართ, რომლის გადახდასაც დაიწყებს 2017 წლის მაისი თვიდან და გადაუხდის ნაწილ-ნაწილ ან მთლიანად აღნიშნულ ვადაში ან ვადის ბოლო დღეს.“ (ტ. 1, ს.ფ 72). გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ოქმს ხელს აწერს კასატორის წარმომადგენელი (ადვოკატი).
30. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში არსებული მტკიცების სტანდარტის დაცვით ვერ დაადასტურა თავისი შესაგებლის არგუმენტი მოსარჩელისადმი დავალიანების სრულად დაფარვის თაობაზე.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ: სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014).
33. ზემოთ მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, ხელწერილით, თანხის გადარიცხვის დოკუმენტით და სხვა (სუსგ 15.11.2011წ., საქმე №ას-988-1021-2011, 27.10.2017წ. საქმე №ას-1195-1115-2017).
34. ამდენად, მოსარჩელემ ვერ წარადგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მტკიცებულება, რის გარეშეც მის მოთხოვნას დაკმაყოფილების პერსპექტივა არ გააჩნია.
35. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
38. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 29 ოქტომბერს №-- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ო–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ. ო–ს (პირადი №-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 29 ოქტომბერს №-- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე