¹ბს-134-125(კს-07) 22 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. შ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 14 ივნისს ი/მ ,,რ. შ-ემ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიმართ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 04.05.2006 წლის ¹606/240 საგადასახდო მოთხოვნით უკანონოდ დარიცხული 55069,02 ლარის გაუქმების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ივნისის განჩინებით ი/მ ,,რ. შ-ის” სასარჩელო განცხადება დატოვებულ იქნა ხარვეზზე, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით და განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად.
ი/მ ,,რ. შ-ეს” მიერ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა ნაწილობრივ და სადავო საგნის ღირებულების 2,5%-ის ნაცვლად, მან გადაიხადა ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის განჩინებით ი/მ ,,რ. შ-ის” სასარჩელო განცხადება დარჩა უმოძრაოდ.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ ,,რ. შ-ემ”, რომელმაც მოითხოვა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის განჩინების გაუქმება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების განაწილვადება ან გადავადება, იმ მოტივით, რომ იმყოფებოდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩნებით ი/მ ,,რ. შ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის განჩინება.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ ,,რ. შ-ემ”.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩნების გაუქმებასა და სახელმწიფო ბაჟის განაწილვადებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ი/მ ,,რ. შ-ის” კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414_420-ე მუხლებით დადგენილია კერძო საჩივრის განხილვის წესსი და პირობები, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის თაობაზე განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები.
მითითებული კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
ზემოაღნიშნული მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის განჩინებაზე, ი/მ ,,რ. შ-ის” კერძო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა ზემდგომმა _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რომლის განჩინებაც, წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. აქვე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების გასაჩივრების წესის არასწორი განმარტება, არ ცვლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.3 მუხლის იმპერატიულ დანაწესს და წარმოადგენს მექნიკურ შეცდომას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი/მ ,,რ. შ-ის” კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ ,,რ. შ-ის” კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.