№ას-1394-2018 14 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ბ.ა.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ლ.ბ.“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – დავალიანების გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
- სს „ლ.ბ–ის“ (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი ბ.ა–ისა (შემდეგში პირველი მოპასუხისა) და გ.ვ–ის (შემდეგში მეორე მოპასუხის) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის და ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან გამომდინარე ჯარიმის 6 867.41 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხა - 4252 ლარი, პროცენტი - 1815.41 და შემცირებული ჯარიმა 80 ლარი).
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს ახალი გადწყვეტილების მიღებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხრეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლო შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გმოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება ორჯერ, 2018 წლის 18 ოქტომბერს და ამავე წლის 7 ნოემბერს, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს, ბ.ა–ს, მის მიერ კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თელავი, ......), თუმცა აღნიშნული გზავნილები კერძო საჩივრის ავტორს ვერ ჩაბარდა. აღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო გზავნილი უნდა ჩაითვალოს კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებულად, ვინაიდან 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ბ.ა–ს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ, მის მიერ მითითებულ მისამართზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გზავნილი კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა 2018 წლის 9 ნოემბერს (გზავნილის მეორედ ჩაუბარებლობის თარიღი). ამასთან საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მისამართზე (ქ. თელავი, ......) ბ.ა–ს სასამართლო გზავნილი ჩაბარებული აქვს საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის პერიოდში (იხ ტ. 2, ს.ფ. 53).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 10 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 12 ნოემბერს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2018 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ა–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე