Facebook Twitter

№ას-1554-1474-2017 29 ივნისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – შპს „ტ.კ.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა შპს „ტ.კ–მა (შემდეგში - მოსარჩელე; საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კასატორი) სსიპ საგანმანათლებო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (შემდეგში მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქმის განხილვა დაინიშნა სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე 2016 წლის 19 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, მოსარჩელეს მოსამზადებელი სხდომის თარიღი ეცნობა სასამართლო უწყებით, რომელიც გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე და 2016 წლის 24 აგვისტოს ორგანიზაციის მენეჯერს ჩაჰბარდა.

3. მოსარჩელე და მისი წარმომადგენლები 2016 წლის 19 ოქტომბერს, 16:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე არ უცნობებიათ სასამართლოსათვის.

4. მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების გამოუცხადებლობა სასამართლომ არასაპატიოდ მიიჩნია და 2016 წლის 19 ოქტომბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო და უარყო სარჩელი (სსსკ-ის 229-ე მუხლი).

5. 2016 წლის 2 ნოემბერს, მოსარჩელის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით (იხ. საჩივარი ტ.1. ს.ფ. 239-246).

6. სჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლო უწყება გაეგზავნა კომპანიას სარჩელში მითითებულ მისამართზე, რაც იყო და არის კომპანიის ადგილსამყოფელი და არა წარმომადგენელს, რომელმაც შეიტანა სარჩელი სასამართლოში. სასამართლო უწყების მიმღები პირი არ წარმოადგენს მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს, იგი იმპორტის მენეჯერია, აქვს რუსულ-ენოვანი განათლება და, შესაბამისად, ვერც გაერკვეოდა, რა სახის გზავნილი იყო. იგი ვერ იქნებოდა ორგანიზაციის კანცელარიისა თუ ასეთი ფუნქციის შემსრულებელი პირი. უწყება უნდა გაგზავნილიყო წარმომადგენლის მისამართზე ან სატელეფონო შეტყობინებით ჩაებარებინათ სასამართლო უწყება. ამასთან, სასამართლო რომც დაკავშირებოდა მოსარჩელის წარმომადგენელს, იგი მაინც ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე დასწრებას, რადგან იყო ავად და ვერც ამ საპატიო მიზეზს ვერ შეატყობინებდა სასამართლოს, საქმეში იყო მეორე წარმომადგენლის მინდობილობაც, მაგრამ სასამართლო არც მასთან დაკავშირებას არ შეეცადა. ამდენად, სასამართლო შეტყობინება არ გაეგზავნა არც მხარეს/კომპანიას (შესაბამის უფლებამოსილ პირს), არც მის დირექტორსა და არც წარმომადგენელს/მინდობილ პირს.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებით (იხ. ტ.1. ს.ფ. 285--289) , მოსარჩელის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე უარყოფილ იქნა. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

7.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე განმარტა, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამ კოდექსის 73.8 მუხლის თანახმად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, იურიდიული პირისათვის/ორგანიზაციისათვის, სასამართლო უწყება გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სასამართლო უწყება ჩაჰბარდა ორგანიზაციის მენეჯერს, რომელიც ზოგადი განმარტების თანახმად, პასუხს აგებს შრომის ორგანიზაციასა და კონტროლზე ორგანიზაციასა და საწარმოებში, რაც გულისხმობს, დამატებითი უფლებამოსილების (მინდობილობის) მინიჭების გარეშე ორგანიზაციის - როგორც ადრესატის სახელზე არსებული კორესპონდენციის შესაბამისი პირისა თუ სამსახურისათვის გადაცემის ვალდებულებასაც.

7.2. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

7.3. სსსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

7.4. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მოიწვიეს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით, ხოლო საქმის მასალებით არ დგინდებოდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზები. შესაბამისად, არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების სამართლებრივი საფუძვლები.

8. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

8.1. აპელანტის მტკიცებით, საქმეში არსებული უკუგზავნილით ირკვევა, რომ გზავნილის სახეობაა წერილობითი კორესპონდენცია, ჩამბარებელი - ორგანიზაციის მენეჯერი, კანონი კი, განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთათვისაც გზავნილის ჩაბარება გულისხმობს ორგანიზაციისათვის ჩაბარებას, ანუ ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომლისათვის უწყების ჩაბარება არ არის საკმარისი იმ დასკვნის გამოსატანად, რომ უწყება ჩაჰბარდა ორგანიზაციას. განსახილველ შემთხვევაში, არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა საფუძველს უწყების მიმღები პირის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვის შესახებ. ის რომ ორგანიზაციის მენეჯერს გადაეცა წერილობითი კორესპონდენცია, ავტომატურად არ გულისხმობს, რომ იგი უფლებამოსილი პირიცაა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

9.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია და არც მხარეს არ გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ სასამართლომ უწყება სარჩელში მითითებულ მისამართზე გააგზავნა და ჩაჰბარდა ორგანიზაციის მენეჯერს, რაც იყო და არის მოსარჩელე ორგანიზაციის ადგილსამყოფელი. მოსარჩელეს მითითებულ მისამართზე, სასამართლო უწყებით ეცნობა სხდომის თარიღი და გაფრთხილებულ იქნა სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიურ შედეგებზე.

9.2. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ, მართალია, უწყების ჩამბარებელი პირი ორგანიზაციის მენეჯერია, მაგრამ იგი არ არის ის უფლებამოსილი პირი, რომლისთვისაც უწყების ჩაბარება ჩაითვლებოდა მხარისათვის უწყების ჩაბარებად. პალატამ განმარტა, რომ სიტყვა მენეჯერი, თავისი შინაარსით ორგანიზაციის მმართველს ნიშნავს და, მოცემულ შემთხვევაში, იგი აღიქმებოდა, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) მმართველი, შესაბამისად, წარმოადგენდა იმ უფლებამოსილ პირს, რომლისთვისაც უწყების ჩაბარება მიიჩნევა მხარისათვის უწყების ჩაბარებად. პალატამ აღნიშნა, რომ 2016 წლის 19 ოქტომბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

10. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

10.1. კასატორმა სააპელაციო საჩივრის იდენტურ პრეტენზიებზე მიუთითა (წინამდებარე განჩინების 8.1 პუნქტი) და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს უწყება არ ჩაჰბარებია, ორგანიზაციის მენეჯერი კი, კანცელარიის ან ასეთი დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულში არ შედის. ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომლისათვის უწყების ჩაბარება არ არის საკმარისი იმ დასკვნის გამოსატანად, რომ უწყება ორგანიზაციას ჩაჰბარდა. არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა საფუძველს უწყების მიმღები პირის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვის შესახებ. ის, რომ ორგანიზაციის მენეჯერს გადაეცა წერილობითი კორესპონდენცია, ავტომატურად არ გულისხმობს, რომ იგი უფლებამოსილი პირიცაა. კანონი კი, იმპერატიულად მოითხოვს შესაბამისი უფლებამოსილების არსებობას. სასამართლო უწყება მხარის წარმომადგენელს (რომელმაც კომპანიის სახელით შეიტანა სარჩელი სასამართლოში) არ გაგზავნია და გაეგზავნა ორგანიზაციას. საქმეში არ არის მინდობილობა, რომ უწყების ჩამბარებელი (ორგანიზაციის მენეჯერი) მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენელია. კასატორის მტკიცებით, სასამართლო უწყება ორგანიზაციის მენეჯერისთვისაც ვერ ჩაითვლება ჩაბარებულად, რადგან მას აქვს რუსულენოვანი განათლება, შესაბამისად, ვერც გაერკვეოდა გზავნილის სახეობაში. ის იმპორტის მენეჯერია და ევალება იმპორტის, კერძოდ, რუსულენოვან დაკვეთაზე რეაგირება. შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი შეტყობინება ვერ მიიჩნევა კანონთან შესაბამისად და ვერც ის სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება, რაც დაკავშირებულია სასამართლოში გამოუცხადებლობასთან. ამასთან, უკუგზავნილი, რაზეც ხელს აწერს ორგანიზაციის მენეჯერი, არ შეიცავს უწყების შინაარს.

10.2. კასატორის მტკიცებით, უწყება უნდა გაგზავნილიყო წარმომადგენლის მისამართზე ან მისთვის სატელეფო შეტყობინებით ჩაებარებიათ იგი. ამასთან, სასამართლო რომც დაჰკავშირებოდა მოსარჩელის წარმომადგენელს, იგი მაინც ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე დასწრებას, რადგან იყო ავად და ვერც ამ საპატიო მიზეზს ვერ შეატყობინებდა სასამართლოს (დანართი საავადმყოფო ფურცელი). საქმეში იყო მეორე წარმომადგენლის მინდობილობაც, მაგრამ სასამართლო არც მასთან დაკავშირებას არ შეეცადა. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, უწყება გაეგზავნა მოსარჩელე ორგანიზაციას მხოლოდ ერთხელ და ჩაჰბარდა არაუფლებამოსილ პირს. ამასთან, ეს იყო პირველი და ისიც მოსამზადებელი სხდომა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის უკანონო, მხარეს არ მიეცა რეალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო დაცვასა და საქმის განხილვაში, მაშინ, როდესაც ისედაც მძიმე ვითარებაში ჩააგდო კომპანია მოპასუხის ქმედებამ, რაც გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი. არ შეიძლება, მხარემ დაკარგოს სარჩელის სამართლიანი განხილვისა და დავის სამართლიანად გადაწყვეტის უფლება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

14. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 9.1.-9.2. პუნქტები) სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან მათ საპირისპიროდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2). შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც ეხება მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის არასაპატიოდ მიჩნევას, რადგან მართებულია პალატის შეფასება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს/კასატორს სასამართლო უწყება ჩაჰბარდა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 229 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.

18. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსსკ-ის 229-ე მუხლის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი:

ა) მოსარჩელისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში;

ბ) მოსარჩელის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა;

გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა;

დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

20. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოსარჩელე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გარკვეული სანქციაა ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

21. სსსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩათვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. სსსკ-ის kodeqsis 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

22. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლო უწყება მოსარჩელეს (იურიდიულ პირს) გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა მოსარჩელე კომპანიის მენეჯერს (იხ. ტ.1. ს.ფ. 224, 249). მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მითითებული მისამართი წარმოადგენს მოსარჩელე კომპანიის ადგილსამყოფელს. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ იურიდიული პირის მენეჯერისათვის უწყების ჩაბარება კომპანიისათვის უწყების ჩაბარებას არ ნიშნავს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ამ პრეტენზიას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საწარმოს მენეჯერი, ზოგადი განმარტების თანახმად, საწარმოს მმართველს ნიშნავს, რომელიც პასუხს აგებს შრომის ორგანიზაციასა და კონტროლზე საწარმოში, რაც გულისხმობს, დამატებითი უფლებამოსილების (მინდობილობის) მინიჭების გარეშე, ორგანიზაციის სახელზე შესული კორესპონდენციის როგორც ჩაბარების, ისე შესაბამისი პირისა თუ სამსახურისათვის გადაცემის ვალდებულებასაც. აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ მენეჯერისათვის უწყების ჩაბარება ნიშნავს საწარმოსათვის უწყების ჩაბარებას (შდრ. იხ. სუსგ: #ას-1310-1154-2010, 15.02.2011წ; #ას-766-733-2014, 22.09.2014წ; #ას-1707-1601-2012, 4.02.2013წ).

23. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას წარმომადგენლებისათვის სასამართლო უწყების გაგზავნის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 71.1 მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია, საქმის განხილვის შესახებ აცნობოს მხარეს, რა მიზნითაც უფლებამოსილია, საპროცესო დოკუმენტები ჩააბაროს როგორც უშუალოდ მხარეს, ისე, მის წარმომადგენელს. შესაბამისად, იმ საკითხის გადაწყვეტა, საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს თავად მხარეს თუ მის წარმომადგენელს, სასამართლოს განსაკუთრებული უფლებაა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენლებიც გაფრთხილებულად მიიჩნევიან, ვინაიდან სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა თავად მხარეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მათთვის დამატებითი შეტყობინება სავალდებულო არ იყო, ამაზე თავად მხარეს უნდა ეზრუნა. ამდენად, სასამართლოს მიერ უწყების შინაარსის უშუალოდ მხარის და არა მისი წარმომადგენლისათვის შეტყობინება რაიმე სახის საპროცესო დარღვევად ან გაურკვევლობის შექმნის წინაპირობად ვერ შეფასდება.

24. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე კომპანიის მენეჯერი (რომელსაც ჩაჰბარდა სასამართლო უწყება) არ ფლობს ქართულ ენას, ამასთან, უკუგზავნილი, რაზეც ხელს აწერს ორგანიზაციის მენეჯერი, არ შეიცავს უწყების შინაარს. კასატორის ამ პრეტენზიებს საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე კომპანიის მენეჯერი არ ფლობს ქართულ ენას. ასეც, რომ არ იყოს, კომპეტენტური მენეჯერის დანიშვნა კომპანიის შიდაორგანიზაციული საკითხია და, შესაბამისად, სწორედ იგია პასუხისმგებელი იმაზე, თუ ვის დაავალებს საწარმოში შესული კორეპონდენციის ჩაბარებას. რაც შეეხება უწყების შინაარსზე მითითებას, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე კომპანიის მენეჯერმა ხელწერილით ჩაიბარა სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება (იხ. ტ.1. ს.ფ. 224), რომლის ასლი საქმეშია წარმოდგენილი (იხ. ტ.1. ს.ფ. 223). ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ მოსარჩელისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყების შინაარსი სრულად შეესაბამება სსსკ-ის 72-ე მუხლით დადგენილ სასამართლო უწყების შინაარსს.

25. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: საქმეში წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით გაცემული მინდობილობები, რომლითაც მოსარჩელე კომპანიამ მ.ს–სა და მ.ს–ძეს მიანიჭა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების უფლებამოსილება (იხ. მინდობილობები, ტ.1. ს.ფ. 185, 190). მინდობილობები გაცემულია 2016 წლის 29 თებერვალს, განუსაზღვრელი ვადით, აქედან გამომდინარე, თუნდაც ერთ-ერთ წარმოამდგენელს, ავადმყოფობის გამო, ვერ მოეხერხებინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, ეს მაინც ვერაფერს ვერ შეცვლის, ვინაიდან მეორე წარმომადგენელს შეეძლო, სხდომაზე დასწრება და საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება. ამ უკანასკნელის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე კასატორი არ უთითებს.

26. საკასაციო სასამართლო განსახილველი დავისადმი კასატორის განსაკუთრებული ინტერესისა და სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლების პრეტენზიასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში, არც მოსარჩელე და არც მისი წარმომადგენლები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან. სასამართლო საქმეს საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით იხილავს, რომელთა მოქმედება ვრცელდება, როგორც სასამართლოზე, ისე - მხარეებზე. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ მოსარჩელემ თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მისი ეს უფლება არ შეზღუდულა (შდრ. იხ. სუსგ: #ას-1529-1449-2017, 28.02.2018წ; #ას-1362-1282-2017, 22.01.2018 წ).

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

28. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ტ.კ–ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..... ), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150), დაეკისროს საკასაციო სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 2475, 98 ლარის 30%-ის – 742,80 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი