Facebook Twitter

საქმე №ას-1852-2018 28 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა.“

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ა-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „თ-ის“ მიმართ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.

2018 წლის 25 დეკემბერს შპს „ა-ის“ დირექტორმა ი. ტ-ემ წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10-20 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს „ა-ის“ დირექტორ ი. ტ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ავჭალა I-ის“ დირექტორ ი. ტ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 8 დღით.

2019 წლის 11 იანვარს შპს „ა-ის“ დირექტორმა ი. ტ-ემ წარმოადგინა სს „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, სს „თიბისი ბანკის“ კლიენტ ი. ტ-ის სახელზე რეგისტრირებულია ყადაღა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება ან ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10-20 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით შპს „ა-ის“ დირექტორ ი. ტ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.

2018 წლის 21 იანვარს შპს „ა-ის“ დირექტორმა ი. ტ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შპს „ა----–----ს“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსის (CD დისკის სახით) წარმოდგენა. კასატორს, მისი შუამდგომლობების საფუძველზე, სამჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების მაგრამ მან არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის დანაწესი, რომ სასამართლომ შეიძლება საპროცესო ვადა გააგრძელოს მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, დისპოზიციურია და სასამართლო ამ საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს საპროცესო ვადის გაგრძელების მსურველი მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მიზეზის დასაბუთების სარწმუნოობითა და საფუძვლიანობით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ მუხლი 5), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს.

მოცემულ შემთხვევაში კასატორს მიეცა გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მან არ განახორციელა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა-ის“ დირექტორ ი. ტ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი