Facebook Twitter

№ას-372-372-2018 4 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ი. ჭ-ი, ა. დ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ჭ-ე (მოსარჩელე)

მოპასუხეები - თ. წ-ი, ნოტარიუსი ლ. ო-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. წ-ის, ნოტარიუს ლ. ო-ის, ა. დ-ისა და ი. ჭ-ის მიმართ მინდობილობის ბათილად ცნობის, იპოთეკის ნაწილში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა ი. ჭ-მა, ა. დ-ემ და ლ. ო-მა სარჩელი არ ცნეს, ხოლო თ. წ-მა სარჩელი ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ჭ-მა და ა. დ-ემ (შემდგომში „მოპასუხეები, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ როგორც მოპასუხეები, ასევე მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, ისინი სასამართლოში არ გამოცხადებულან და არ ჩაუბარებიათ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 2591, 369-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტებისათვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 22 იანვარს და ამოიწურა 2018 წლის 5 თებერვალს, ხოლო მათ სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2018 წლის 9 თებერვალს, არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

8. კერძო საჩივრის ავტორთა განცხადებით, სასამართლომ არასწორად აითვალა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს და არასწორად მიუთითა, რომ მოპასუხეებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნით არ მიუმართავთ სასამართლოსთვის. სინამდვილეში მოპასუხეთა წარმომადგენლები არაერთხელ დაუკავშირდნენ მოსამართლის თანაშემწეს და ითხოვდნენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, თუმცა მოსამართლემ დადგენილ ვადაში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუდარეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა) ვერ მოამზადა დასაბუთებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებას ხელი მოეწერა და მოპასუხეებს ჩაბარდათ 2018 წლის 25 იანვრის შემდეგ - 2018 წლის 27-28 იანვარს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარედგინა კიდეც სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

12. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

13. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

15. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ როგორც მოპასუხეები - ი. ჭ-ი და ა. დ-ე, ასევე მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები - შ. გ-ე და ზ. ჯ-ე (რომელთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია ა. დ-ისა და ი. ჭ-ის მიერ 2017 წლის 2 მარტს 2 წლის ვადით და 2017 წლის 23 ოქტომბერს 1 წლის ვადით გაცემული რწმუნებულებებით (იხ. ს.ფ. 221-223; 305-306). თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2017 წლის 22 დეკემბერი) არაუადრეს მე-20 (2018 წლის 11 იანვარი) და არაუგვიანეს 30-ე დღისა (2018 წლის 22 იანვარი) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით არც მოპასუხეებს და არც მათ წარმომადგენლებს სასამართლოსთვის არ მიუმართავთ.

17. საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს კერძო საჩივრის ავტორების მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელმა არაერთხელ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით და იგი მზად არ იყო. აღნიშნული არგუმენტი სრულიად დაუსაბუთებელია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. საქმის მასალებში არსებული ხელწერილით კი დასტურდება, რომ მოპასუხეთა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ზ. ჯ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2018 წლის 26 იანვარს, ანუ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი 30 დღის გასვლის შემდეგ და იმავე დღეს ჩაიბარა იგი (იხ. ს.ფ. 481).

18. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მხარემ არ შეასრულა სსსკ 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვალდებულება, მისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღიდან - 2018 წლის 22 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 5 თებერვალს (ვინაიდან 4 თებერვალი იყო უქმე დღე - კვირა), ხოლო აპელანტებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2018 წლის 9 თებერვალს, ანუ სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. ჭ-ისა და ა. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე