Facebook Twitter

№ ას-400-400-2018 1 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „თ-მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ს“ (შემდგომში „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“ ან „საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

5.1. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის, 660 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

5.2. ხარვეზის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2018 წლის 7 თებერვალს;

5.3. ხარვეზის შესავსებად დაწესებული 14 დღიანი ვადის ათვლა აპელანტისთვის დაიწყო 2018 წლის 8 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 21 თებერვალს.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 73-ე, 74-ე, 368-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

8. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით დადგენილია, რომ შპს „ს-“ ფინანსური მდგომარეობის გამო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული და უსაფუძვლოდ დატოვა განუხილველად წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით შპს „ს-“ ფინანსური მდგომარეობის გამო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ.

12. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმისწარმოებისას საპროცესო მოქმედებების შესრულების წესი განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. კერძოდ, სსსკ 368-ე მუხლში მოცემულია ჩამონათვალი, თუ რას უნდა შეიცავდეს სააპელაციო საჩივარი. ამავე ნორმით განსაზღვრულია, რომ თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს აღნიშნული მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან თუ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება (სსსკ 368.5 მუხლი).

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

15. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, თ. ლ-ს, 2018 წლის 7 თებერვალს (იხ.ს.ფ. 164). სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2018 წლის 21 თებერვალს და ამ ვადაში აპელანტს დანიშნული ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

16. ზემოაღნიშნულ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც აპელანტს სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინება ხარვეზის დაწესების შესახებ კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, ხოლო მას ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, აღნიშნული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სადავო განჩინებით დადგენილი გარემოებების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება, ხოლო საჩივრის ავტორის მითითება, რომ უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით იგი ფინანსური მდგომარეობის გამო გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, არ შეიძლება გახდეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

18. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად შპს „ს-ს“ სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს-ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე