Facebook Twitter

№ ას-447-447-2018 22 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ა. დ-ი, ე. გ-ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. დ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა. დ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. დ-ის და ე. გ-ას (შემდგომში „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 20 თებერვალს 16:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ინფორმირებული იყვნენ აპელანტები, თუმცა ისინი პროცესზე არ გამოცხადებულან;

5.2. 2018 წლის 19 და 20 თებერვალს აპელანტების წარმომადგენელმა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ დანიშნულ დროს პროცესზე გამოცხადებას ვერ შეძლებდნენ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რის დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებებს წარმოადგენდნენ მოგვიანებით.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 229-ე, 387-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი უცნობებიათ სასამართლოსთვის, არსებობდა მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. ამასთან, სასამართლომ შეამოწმა სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობის წარმომდგენის - ადვოკატ ჯ. მ-ის საადვოკატო უფლებამოსილება და განმარტა, რომ მის სახელზე საადვოკატო საქმიანობის უფლების დამდასტურებელი მოწმობა გაცემულია სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. შესაბამისად, იგი, როგორც აპელანტების წარმომადგენელი ვერ მიიღებდა მონაწილეობას წინამდებარე სამოქალაქო საქმის განხილვაში.

8. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე აპელანტებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორთა განცხადებით, მათთვის ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 20 თებერვალს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე, თუმცა ვინაიდან ვერ ახერხებდნენ გამოცხადებას, პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე საკუთარი ხელმოწერით განცხადება გააგზავნეს სასამართლოში. სასამართლომ კი უსაფუძვლოდ არ გაიზიარა განცხადებაში მითითებული საქმის გადადების მოთხოვნა და განუხილველი დატოვა სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.

14. გასაჩივრებული განჩინებით ა. დ-ისა და ე. გ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობა.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

17. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ აპელანტებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვენ იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა სასამართლო სხდომაზე მათი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, რის თაობაზეც წინასწარ განცხადების მეშვეობით აცნობეს სააპელაციო სასამართლოს.

18. იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლოო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

20. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლები, მართალია, სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობაში მიუთითებდნენ სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებით გამყარებული არ არის. არც კერძო საჩივარს ერთვის რაიმე დოკუმენტი, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს შეეფასებინა მათი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა. კერძო საჩივრის ავტორთა მითითება კი, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს სასამართლოში გამოცხადება, არ შეიძლება გახდეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და წარდგენილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა ვერ უზრუნველყვეს მათი საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტების გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. დ-ისა და ე. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე