№ ას-504-504-2018 22 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ ს- (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – მ. ბ-ი, ნ. წ-ი (მოსარჩელეები)
თავდაპირველი მოპასუხეები – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. ბ-მა და ნ. წ-მა (შემდგომში „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და სსიპ საქართველოს ს-ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელეების წარმომადგენლების შუამდგომლობა სსიპ ს-ს მიმართ სარჩელის გახმობისა და განუხილელად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა; მ. ბ-ისა და ნ. წ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ ს-ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დარჩა განუხილველი.
4. ამავე სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელეების წარმომადგენლების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მოპასუხის მხარეზე სავალდებულო თანამონაწილედ ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აპრილის საოქმო განჩინებით მოსარჩელე მხარის წარმომადგენლების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მოპასუხის მხარეზე სავალდებულო თანამონაწილედ ჩაება სსიპ ს-; ამავე საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც არასათანადო მოპასუხე, შეიცვალა სათანადო მოპასუხით - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოთი.
7. სსიპ ს-ომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სარჩელი არ ცნეს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა; დადგინდა ქ. თბილისში, გ-ში მდებარე მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ს/კ: …) ნაწილის (27 კვ.მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა (სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0--- დასკვნის შესაბამისად); სარჩელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და სსიპ ს-ს მიმართ - არ დაკმაყოფილდა.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ს-.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილის (27 კვ.მ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით მოსარგებლე - სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს არამართლზომიერი მფლობელობიდან გამოთხოვა.
12. სასამართლომ საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გაუქმებულია სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სარგებლობის (მფლობელობის) უფლება.
13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით, არ გაიზიარა სსიპ ს-ს წარმომადგენლის მოსაზრება სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობის საფუძვლის არარსებობის შესახებ და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის მიხედვითაც. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხის უფლებამონაცვლეს (რომელიც მეზობელი მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მფლობელია) მოსთხოვოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამდენად, მოსარჩელის უფლება, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის თაობაზე (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა), არ უკავშირდება მხოლოდ წინამორბედ მფლობელს და მას ამ ნაკვეთის ახალი მფლობელისთვისაც (რომელიც ამავდროულად არის ამ ნაკვეთის მესაკუთრე) შეუძლია იმავე მოთხოვნის წაყენება.
14. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე სსიპ ს-ომ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
15. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას იგი წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს. ამ მხრივ ვითარება არც სააპელაციო სასამართლოში შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ქონება, როგორც პირველი ინსტანციის ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას იმყოფებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში. ს-ს მიმართ წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითადი მოტივიც სწორედ ის გარემოება იყო, რომ სსიპ ს-, როგორც სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვაზე უფლებამოსილი პირი, პასუხისმგებელია მხოლოდ სახელმწიფოს რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და შეუძლებელია იგი ფლობდეს ან სარგებლობდეს კერძო პირთა საკუთრებაში არსებული ქონებით. ამდენად, სახელმწიფოს რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გარდა (რაც საჯარო რეესტრში დაზუსტებული ფორმით, რეგისტრირებული საზღვრებით იდენტიფიცირებადია და ზედდებაში არ მოდის მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან) სსიპ ს- ვერ იქნება მოსარჩელეთა მიერ მითითებული ქონების არამართლზომიერი მფლობელი. აღნიშნულის გათვალისწინებით არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა სააგენტოს მიმართ.
16. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, ანალოგიური ვითარება იყო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც. უძრავი ქონება კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაშია და სსიპ ს- ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონითა და დებულებით სააგენტოსთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ თავისი განჩინებით ფაქტობრივად შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გაადწყვეტილება, რის მიხედვითაც ს-ს მიმართ აღძრული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საპელაციო სასამართლოს განჩინებით სსიპ ს-, როგორც აპელანტის უფლებამონაცვლე, აღმოჩნდა სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის მოპასუხე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამორიცხა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
20. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.
21. სხვა პირის უფლებამონაცვლედ დავაში ჩაბმულ მხარეს იგივე საპროცესო უფლებები და მოვალეობანი გააჩნია, რაც მის წინამორბედ პირს, რომლის მონაწილეობითაც მანამდე მიმდინარეობდა საქმის წარმოება. ამავდროულად, საქმის წარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც.
22. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით სადავოდაა გამხდარი საკითხი იმის შესახებ, არსებობდა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აპელანტთან ერთად თანამოპასუხე მოწინააღმდეგე მხარის, სსიპ ს-ს, აპელანტის უფლებამონაცვლედ ცნობის საფუძველი.
23. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები - მ. ბ-ი და ნ. წ-ი სარჩელით ითხოვენ თბილისში, გ-ში მდებარე მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთის (117 კვ.მ) ნაწილზე (27 კვ.მ) მოპასუხეთა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ს-ს - ხელშეშლის აღკვეთას და უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას.
24. დადგენილია ასევე, რომ საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას ქ. თბილისში, გ-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სკ: …) გაყოფილი იყო ორ ნაწილად და ერთ ნაწილს (დაზუსტებული ფართი 2642 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი #1, #2, #5, #6, #7, #8 (საკადასტრო კოდი: …)) შეზღუდული სარგებლობის უფლებით ფლობდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ხოლო მეორე ნაწილს (დაზუსტებული ფართით 1994 კვ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი #1, #2, #3 (ს/კ: …)) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 132-133, 173-174).
25. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0--- დასკვნის შესაბამისად ქ. თბილისში, გ-ში მდებარე მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონების (ს.კ: …) ნაწილზე - 27 კვ.მ-ზე დაფიქსირდა ღობის მოწყობით გამოწვეული გადაფარვა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 91-95). სწორედ აღნიშნულ ფართს ფლობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შეზღუდული სარგებლობის უფლებით.
26. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წარადგინა ინფორმაციული ხასიათის წერილები, ასევე განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გაუქმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სარგებლობის უფლება და ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია სახელმწიფო (იხ. ტ. 2, ს.ფ. 40-46).
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ს-ს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის #391 დადგენილებაზე, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემას უზრუნველყოფს სსიპ ს- (დადგენილების მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები).
28. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ამჟამად სადავო ქონებით სარგებლობის უფლება აღარ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, არამედ არსებული ქონების მართვას, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემას ახორციელებს მისი მესაკუთრე სახელმწიფო, სსიპ ს-ს მეშვეობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის დანაწესს.
29. ამასთან, ვინაიდან დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი) საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზეა მატერიალურ-სამართლებრივი უფლებამონაცვლეობაც, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა არ უკავშირდება მხოლოდ წინამორბედ მფლობელს და მოსარჩელეს შეუძლია ნაკვეთის ახალ მფლობელსაც (რომელიც ამავდროულად არის ამ ნაკვეთის მესაკუთრე) იგივე მოთხოვნა წაუყენოს, რასაც იგი ძველი მფლობელის წინაშე აყენებდა.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად განსაზღვრა საპროცესო უფლებამონაცვლეობა, შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 410-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ს-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე