Facebook Twitter

საქმე №ას-541-541-2018 11 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – იმა „ა-ს“ დამფუძნებლები - შპს „ა-ი“, შ. ბ-დ-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. მ-ე, თ. ა-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. მ-ემ და თ. ა-ემ (შემდგომში „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში იმა „ა-ს“ დამფუძნებლების - შპს „ა-ს“ და შ. ბ-დ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით შპს „ა-ს“ და შ. ბ-დ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორებს დაევალათ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) შპს „ა-ს“ მიერ ი. ჯ-ის სახელზე სათანადო წესით გაცემული მინდობილობა ან ორგანიზაციის დირექტორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; ბ) შპს „ა-ს“ გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და შ. ბ-დ-ის სახელზე გაცემული განახლებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით შპს „ა-ს“ და შ. ბ-დ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორებს დაევალათ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) შპს „ა-ს“ მიერ ი. ჯ-ის სახელზე სათანადო წესით გაცემული მინდობილობა ან ორგანიზაციის დირექტორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; ბ) შპს „ა-ს“ გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და შ. ბ-დ-ის სახელზე გაცემული განახლებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესახებ განჩინება შ. ბ-დ-ის წარმომადგენელს ი. ჯ-ეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებით დგინდება რომ, გზავნილი 2018 წლის 14 მაისს ჩაბარდა პირადად ი. ჯ-ეს (იხ. ს.ფ. 509).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

რაც შეეხება შპს „ა-ს“, მას ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: თბილისი, ა- ზედიზედ ორჯერ (2018 წლის 8 მაისს და 2018 წლის 16 მაისს), მაგრამ გზავნილებს იბარებდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ - შპს „ა-ს“ წარმომადგენლები (იხ. ს.ფ. 508, 511). აღნიშნულის გამო შპს „ა-ს“ ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა განმეორებით ზედიზედ ორჯერ, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (2018 წლის 21 მაისს და 2018 წლის 24 მაისს) (იხ. ს.ფ. 512, 516), თუმცა ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა - კორესპოდენციის ჩაუბარებლობის მიზეზად აქტებში მითითებულია, რომ აღნიშნულ მისამართზე შპს „ა-ი“ აღარ ფუნქციონირებს, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარეობს შპს „ა-ი“, სადაც განმარტეს, რომ შპს „ა-ს“ შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ (იხ. ს.ფ. 513, 517).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლომ ხარვეზის შესახებ განჩინება შპს „ა-ს“ გაუგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, ხოლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა ადრესატის მისამართზე არყოფნის გამო, საკასაციო სასამართლო შპს „ა-სათვის“ ხარვეზის განჩინებას ჩაბარებულად მიიჩნევს განმეორებით გაგზავნილი უწყების ჩაუბარებლობის დამადასტურებელ აქტში კურიერის მიერ მითითებულ დროს - 2018 წლის 25 მაისს (იხ. ს.ფ. 517).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა შ. ბ-დ-სათვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2018 წლის 15 მაისს და ამოიწურა 2018 წლის 21 მაისს, ხოლო შპს „ა-სათვის“ საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 26 მაისს და ამოიწურა 2018 წლის 1 ივნისს. ვინაიდან ამ დროის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, არსებობს სააკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. იმა „ა-ს“ დამფუძნებლების - შპს „ა-ს“ და შ. ბ-დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური