Facebook Twitter

საქმე №ას-734-734-2018 5 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორები – ც. გ-ი, ა. ღ-ე, კ. ღ-ე, კ. ღ-ე, ლ. შ., ნ. შ. (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – პ. ხ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. პ. ხ-მ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. გ-ის, ა. ღ-ის, კ. ღ-ის, კ. ღ-ის, ლ. შ-ს და ნ. შ-ს (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ ხელშეკრულების გაუქმებისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. 2017 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელემ წარადგინა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ჯ-ში (საკადასტრო კოდი #...) მდებარე მოპასუხეების ა. ღ-ის, კ. ღ-ის, კ. ღ-ის, ლ. შ-ს და ნ. შ-ს სახელზე რეგისტრირებული 50 კვ.მ. საოფისე ფართის გაქირავების და იჯარით გაცემის აკრძალვა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით პ. ხ-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა. ღ-ეს, კ. ღ-ეს, კ. ღ-ეს, ლ. შ-ს და ნ. შ-ს აეკრძალათ ქალაქ თბილისში, ჯ-ში (საკადასტრო კოდი #...) მდებარე 50 კვ.მ. საოფისე ფართის 1/2 წილის გაქირავება და იჯარით გაცემა.

5. საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების თაობაზე.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოდან საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება და აღნიშნული განჩინების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინება.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლით განსაზღვრულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურა. კერძოდ, 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამდენად, უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე საპროცესო კანონი ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, რომელიც მითითებას აკეთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლზე, სადაც ერთმნიშვნელოვანი დათქმაა ზემდგომი სასამართლოს განჩინებით საქმის განხილვის დასრულებაზე (419-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

13. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო 2018 წლის 23 მარტის განჩინება. შესაბამისად, აღნიშნული განჩინება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ც. გ-ის, ა. ღ-ის, კ. ღ-ის, კ. ღ-ის, ლ. შ-ს და ნ. შ-ს საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების საფუძველი. შესაბამისად, წარდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ც. გ-ის, ა. ღ-ის, კ. ღ-ის, კ. ღ-ის, ლ. შ-ს და ნ. შ-ს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური