Facebook Twitter

საქმე №ა-1090-შ-22-2018 4 ივნისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ფ. ს-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ჰ. ს-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება (განაჩენი)

დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით (განაჩენით) ფ. ს-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ჰ. ს-სა და მოსარჩელე ფ. ს-ას შორის 2011 წლის 3 მარტს ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონის სარეგისტრაციო განყოფილების მიერ სარეგისტრაციო წიგნაკში №2-- ნომრით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; 2011 წლის 7 ივნისს დაბადებული ს. ს-ი სრულწლოვანების ასაკამდე დარჩა დედასთან, ფ. ს-ასთან; მოპასუხე ჰ. ს-ს დაეკისრა 2011 წლის 7 ივნისს დაბადებული ს. ს-ის სარჩენად, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 117 (ას ჩვიდმეტი) მანეთის ნაღდი ფულის ოდენობით ფ. ს-ასათვის გადახდა 2016 წლის 10 მარტიდან სრულწლოვნების ასაკამდე, ასევე - 2016 წლის 10 მარტიდან დამატებითი ხარჯებისთვის ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) მანეთის ნაღდი ფულის ოდენობით ფ. ს-ასათვის გადახდა.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2018 წლის 5 მარტის №… წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოსა და ფ. ს-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

3. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.

4. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ ამავე სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 22 აგვისტოს და არ აღსრულებულა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოსა და ფ. ს-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

6. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს და ჩაბარდა მის მამას 2018 წლის 22 მარტს.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

8. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო დოკუმენტები მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფ. ს-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენისა და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

13. დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი, რაც დასტურდება შემდეგი გარემოებებით: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობაში მითითებულია, რომ მოწინააღმდეგე მხარის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს საქართველო, მარნეულის რაიონი, სოფელი ა-ი; მას ამავე მისამართზე ჩაბარდა შუამდგომლობა და თანდართული მასალები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

14. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია.

15. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით (განაჩენით) ფ. ს-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ჰ. ს-სა და მოსარჩელე ფ. ს-ას შორის 2011 წლის 3 მარტს ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონის სარეგისტრაციო განყოფილების მიერ სარეგისტრაციო წიგნაკში №… ნომრით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; 2011 წლის 7 ივნისს დაბადებული ს. ს-ი სრულწლოვანების ასაკამდე დარჩა დედასთან, ფ. ს-ასთან; მოპასუხე ჰ. ს-ს დაეკისრა 2011 წლის 7 ივნისს დაბადებული ს. ს-ის სარჩენად, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 117 (ას ჩვიდმეტი) მანეთის ნაღდი ფულის ოდენობით ფ. ს-ასათვის გადახდა 2016 წლის 10 მარტიდან სრულწლოვნების ასაკამდე, ასევე - 2016 წლის 10 მარტიდან დამატებითი ხარჯებისთვის ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) მანეთის ნაღდი ფულის ოდენობით ფ. ს-ასათვის გადახდა; გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 22 აგვისტოს და არ აღსრულებულა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე; მოპასუხე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოცემულ შუამდგომლობაზე არ წარმოუდგენია საკუთარი მოსაზრება.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.

21. რაც შეეხება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევას განქორწინების ნაწილში, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას.

22. განსახილველ შემთხვევაში, განქორწინების თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც სურს მხარეს. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ. ს-ას ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ არ გააჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

23. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება (განაჩენი) განქორწინების ნაწილში უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-13, 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. ს-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ფ. ს-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ ქორწინების შეწყვეტის ნაწილში დაკმაყოფილდეს, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება (განაჩენი), რომლითაც მოპასუხე ჰ. ს-სა და მოსარჩელე ფ. ს-ას შორის 2011 წლის 3 მარტს ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონის სარეგისტრაციო განყოფილების მიერ სარეგისტრაციო წიგნაკში №2-- ნომრით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

4. ფ. ს-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩენილ ნაწილში დაკმაყოფილდეს;

5. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება (განაჩენი), რომლითაც: 2011 წლის 7 ივნისს დაბადებული ს. ს-ი სრულწლოვანების ასაკამდე დარჩა დედასთან, ფ. ს-ასთან; მოპასუხე ჰ. ს-ს დაეკისრა 2011 წლის 7 ივნისს დაბადებული ს. ს-ის სარჩენად, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 117 (ას ჩვიდმეტი) მანეთის ნაღდი ფულის ოდენობით ფ. ს-ასათვის გადახდა 2016 წლის 10 მარტიდან სრულწლოვნების ასაკამდე, ასევე - 2016 წლის 10 მარტიდან დამატებითი ხარჯებისთვის ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) მანეთის ნაღდი ფულის ოდენობით ფ. ს-ასათვის გადახდა;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე