საქმე №ას-1246-2018 17 იანვარი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.შ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს "კ.ბ." (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ნაწილობრივ ცვლილების შეტანა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ე.შ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) და სს „კ.ბ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან ბანკი) შორის 2015 წლის 31 მარტს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 35 650 აშშ დოლარი, 24 თვით (2017 წლის 31 მარტის ჩათვლით), წლიური 18%-ის დარიცხვით. ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა 650 აშშ დოლარით, რომელიც მოიცავდა როგორც ძირითად თანხას - ისე საპროცენტო სარგებელს. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3% (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე, 417-418-ე მუხლები).
2. მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია.
3. 2015 წლის 8 ოქტომბერს მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის ვალდებულება კრედიტორის მიმართ 2015 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით განისაზღვრა 38 620 აშშ დოლარით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 35 650 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი 2 913 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო კი, 57 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულების მიზნით აღსასრულებლად მიექცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ....., ს/კ ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება ან იპოთეკის საგანი).
4. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2015 წლის 8 ოქტომბერს სააღსრულებო წარმოება დაიწყო.
5. მსესხებლის 2015 წლის 25 ნოემბრის განცხადება, რომლითაც მან კერძო აღმასრულებელს დავალიანების 12 თვეზე განაწილვადების მოთხოვნით მიმართა, დაკმაყოფილდა და დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეჩერდა.
6. მოსარჩელემ ვალდებულება კვლავ დაარღვია, რის გამოც მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სააღსრულებო წარმოება განახლდა.
7. მოსარჩელემ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან, 2015 წლის 8 ოქტომბრიდან 2016 წლის 25 იანვრამდე, ბანკს 6030 აშშ დოლარი გადაუხადა (იხ. სესხის დაფარვის ისტორია, ტ.1, ს.ფ 291-293; სალაროს შემოსავლის ორდერები, ტ.1, ს.ფ. 115-116, 118-119, 120-126).
8. 2016 წლის 23 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ. მან სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, კერძოდ, აღსასრულებელი ვალდებულების - 38 620 აშშ დოლარის შემცირება და 6030 აშშ დოლარის საპროცენტო სარგებლისა და სესხის ძირითად თანხაში გადახდილად მიჩნევა მოითხოვა. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მან 2015 წლის 8 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ ნებაყოფლობით გადაიხადა 6030 აშშ დოლარი, რაც უნდა გამოკლებოდა სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ ძირითად თანხას - 35 650 აშშ დოლარსა და სარგებელს 2913 აშშ დოლარს.
9. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ 2015 წლის ოქტომბერში ერთდროულად 4280 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს. მოპასუხემ აღნიშნა, რომ სააღსრულებო წარმოება შეჩერდა მისი კეთილი ნების საფუძველზე და მოსარჩელეს კვლავ მიეცა შესაძლებლობა დაეფარა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, თუმცა უშედეგოდ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მსესხებლის მიერ თანხების გადახდით იფარებოდა მხოლოდ საპროცენტო სარგებელი და არა სესხის ძირითადი თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 8 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ძირითადი თანხის ნაწილში განისაზღვრა 32 533 აშშ დოლარით, ხოლო დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 2 913 აშშ დოლარი, ჩაითვალა გადახდილად და განულდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 115-ე, 316-317-ე, 53-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე და 873-ე მუხლები გამოიყენა.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის 16 970 აშშ დოლარის განსაზღვრის მოთხოვნით.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულება ძირითადი თანხის ნაწილში მართებულად შემცირდა და განისაზღვრა 32 533 აშშ დოლარით, ასევე სწორად ჩაითვალა და განულდა სარგებლის ოდენობა 2 913 აშშ დოლარი.
13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის 16 970 აშშ დოლარის განსაზღვრის მოთხოვნით.
13.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები :
13.1.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საკრედიტო ხელშეკრულების ძირითადი პირობა, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიური შენატანებით უნდა დაფარულიყო როგორც ძირითადი თანხა, ისე პროცენტი. სასამართლოებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები ყოველთვიურ სარგებლად;
13.1.2. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ მსესხებლის მიერ გადახდილი თანხების მხოლოდ პროცენტად ჩათვლა, ხელშეკრულების არსებითი პირობის დარღვევაა და კრედიტორის არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე მიუთითებს. ბანკს, როგორც საკრედიტო დაწესებულებას, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ევალებოდა გულისხმიერი დამოკიდებულება გამოეჩინა და მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით დაეფარა როგორც სარგებელი, ისე სესხის ძირითადი თანხა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
16.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და აღსასრულებელი ვალდებულების - 38 620 აშშ დოლარის, 6030 აშშ დოლარით შემცირება (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2017 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი, 11:45:38 სთ). სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში სრულად დაკმაყოფილდა და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ძირითადი თანხის ნაწილში განისაზღვრა 32 533 აშშ დოლარით, ხოლო დარიცხული საპროცენტო სარგებელი 2913 აშშ დოლარის ოდენობით განულდა. მიუხედავად სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ ჯერ სააპელაციო, ხოლო შემდგომ, საკასაციო წესით გაასაჩივრა, რა დროსაც გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღსასრულებელი ვალდებულების 16 970 აშშ დოლარის ოდენობით განსაზღვრა მოითხოვა. შესაბამისად, კასატორი საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებს, რომლითაც მისი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც დაუშვებელია.
18. სსსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოს მსჯელობის საგანი უშუალოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დადგენილი დავის ფარგლებია და კანონმდებლობა ამ ფარგლების შეცვლას იმპერატიულად კრძალავს, სასამართლო კი, მოთხოვნის მართებულობას სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით (სსსკ-ის 377-ე მუხლი) (შდრ. სუსგ-ები: №ას-1318-1244-2012, 15.10.2012; საქმე №ას-462-444-2016, 07.07.2016).
19. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში მხარეს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის საპროცესო უფლებამოსილება არ გააჩნია. მხარის იმგვარი პრეტენზია, რომლის შესაბამისადაც, მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის მოცულობა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის ოდენობაზე მეტია, დაუშვებელია და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: №ას-1318-1244-2012, 15.10.2012; საქმე №ას-462-444-2016, 07.07.2016).
22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 1 426.6 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ე.შ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 038 (ორი ათას ოცდათვრამეტი) ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 01.10.2018 წ. და საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 11.10.2018 წ.) 70% - 1 426.6 (ერთი ათას ოთხასოცდაექვსი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი