17 იანვარი, 2019 წელი,
საქმე № ას-1922-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - პ.ჩ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ა. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით, ჯ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის პ.ჩ–თვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) არასრულწლოვანი შვილის - თ.ჩ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც არასრულწლოვანი ან ბავშვი) სასარგებლოდ, ალიმენტის, 400 ლარის დაკისრებას მოითხოვდა, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს ალიმენტის, 250 ლარის გადახდა დაეკისრა, 2018 წლის 16 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და ყოველთვიური ალიმენტის ოდენობად, 100 ლარის განსაზღვრის მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით :
3.1. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ - 150 ლარის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა, კერძოდ, მან არასრულოწლოვანი შვილისათვის ალიმენტის ოდენობად 250 ლარის ნაცვლად 100 ლარის განსაზღვრა მოითხოვა;
3.2. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და 365-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 2 000 ლარს არ აღემატებოდა (150X12=1800), რაც სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველს ქმნიდა.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ყოველთვიური ალიმენტის ოდენობად 170 ლარის დაკისრების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2000 ლარს არ აღემატებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატას მისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა უნდა დაედგინა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხის მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
8. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
9. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, მოცემული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.
10. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. დავის საგნის ღირებულება კი, როგორც უკვე აღინიშნა, დგინდება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლის პრეტენზია გააჩნია მხარეს (სსსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 წინადადება).
11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა დაეკისრა, ასევე დადგენილია, რომ აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ, მხოლოდ 150 ლარის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა, კერძოდ, მან ალიმენტის სახით 250 ლარის ნაცვლად 100 ლარის განსაზღვრა მოითხოვა, შესაბამისად, ცალსახაა, რომ სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის ფასი განსახილველ შემთხვევაში, 1800 (150X12) ლარს შეადგენდა, რაც 2000 ლარზე ნაკლებია და სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
12. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
14. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2000 ლარზე ნაკლები იყო, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-1648-2018, 16.11.2018; №ას-978-2018, 04.09.2018; №ას-718-718-2018, 20.09.2018; Nას-117-117-2018, 02.04.2018 და Nას-614-614-2018, 31.08.2018).
15. კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ.ჩ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი