საქმე №ას-1753-2018 15 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ქ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. შ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ. შ-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ქ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 1999 წლიდან მხარეები იმყოფებიან ფაქტობრივ, ხოლო 2007 წლის 2 თებერვლიდან – რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი, 2000 წლის 29 თებერვალს დაბადებული გ. შ-ი და 2001 წლის 25 აპრილს დაბადებული ა. შ-ი. 2003 წლიდან, ხასიათის შეუთავსებლობისა და კონფლიქტური ურთიერთობის გამო, მეუღლეთა შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყდა. მას შემდეგ მხარეთა შორის რამდენეჯერმე იყო შერიგების მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ.
3. 2017 წლის 2 დეკემბრიდან მოსარჩელე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება და ცხოვრობს სხვა პირთან. შესაბამისად, მეუღლეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხის უარი ქორწინების ნებაყოფლობით შეწყვეტაზე განპირობებულია არა ოჯახის აღდგენის სურვილით, არამედ პოლონეთის სახელმწიფოდან მიღებული მოსარჩელის ოჯახის რეპატრიაციის მიზნით გაცემული კონკრეტული შეღავათების სამომავლოდ გამოყენებით.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, მხარეთა შორის წლების განმავლობაში არსებული კონფლიქტური ურთიერთობის მიუხედავად, ქორწინების შეწყვეტის სურვილი მოსარჩელეს არასდროს გასჩენია. იგი ყოველთვის თავად მიმართავდა მოპასუხეს შერიგების თხოვნით, მისი ამჟამინდელი კატეგორიული გადაწყვეტილება კი მესამე პირის ზეგავლენის შედეგია. მოსარჩელეს მეუღლესა და შვილებთან ერთად რამდენიმე წლის წინ პოლონეთის საკონსულოში შეტანილი ჰქონდა რეპატრიაციის თაობაზე მოთხოვნა, ოჯახი იმყოფებოდა მოლოდინის რეჟიმში და განქორწინების სარჩელის აღძვრამდე მცირე ხნით ადრე, მათ მიიღეს დადებითი პასუხი. მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოპასუხე ბავშვებთან ერთად იღებს პოლონეთის მოქალაქეობას, 3000 ევროს ოდენობით სოციალურ დახმარებას, საცხოვრებელ ფართს, ხოლო ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში ისინი კარგავენ აღნიშნულ უფლებებს, რითაც მიადგებათ ზიანი. ამასთან, მოსარჩელეს აქვს დაგროვილი სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული საალიმენტო დავალიანება 5964.12 ლარის ოდენობით, რის გადახდასაც თავს არიდებს. მშობლებს შორის ქორწინების მოსალოდნელ შეწყვეტას განიცდიან ბავშვებიც, რაც განქორწინებაზე მოპასუხის უარყოფითი პოზიციის საფუძველია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 1122-ე მუხლით და დაადგინა, რომ მოსარჩელეს სურს ქორწინების შეწყვეტა, რადგან, მისი განმარტებით, 2017 წლის 2 დეკემბრიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება და ცხოვრობს სხვა პირთან. შესაბამისად, მეუღლეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. რაც შეეხება, მოპასუხეს, მას სურს ოჯახისა და მეუღლესთან ურთიერთობის შენარჩუნება.
8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). შესაბამისად, კანონმდებელი ქორწინების საფუძლად მიიჩნევს მხოლოდ ნებაყოფლობით კავშირს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქორწინების შესახებ შეთანხმება, აგრეთვე, მისი შეწყვეტა, მეუღლეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ქორწინების მიზანი, არის ოჯახის შექმნა და მეუღლესთან ერთად საერთო მეურნეობის გაძღოლა, სხვა შემთხვევაში, ქორწინება არ ჩაითვლება ნამდვილად.
9. სსკ-ის 1127-ე მუხლის მეორე და ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, მეუღლეებს მიეცათ შესარიგებელი ვადა, 2018 წლის 26 სექტემბრამდე, თუმცა მითითებულმა შედეგი ვერ გამოიღო და მხარეთა საოჯახო ურთიერთობის აღდგენა არ მოხერხდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ 2007 წლის 2 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი N0089262) უნდა შეწყდეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
11. კასატორმა მიიჩნია, რომ არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1227-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობა და მხარეებს არ მისცა დრო შესარიგებლად. ფაქტობრივად, მოსარჩელეს ესაჭიროებოდა დრო მორიგი გატაცებისაგან გათავისუფლებისათვის, რის შემდეგაც იგი კვლავ დაუბრუნდებოდა ოჯახს.
12. საკასაციო საჩივრის ავტორმა ჩათვალა, რომ სააპელაციო პალატამ არასათანადოდ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი.
16. მოსარჩელეს სურს ქორწინების შეწყვეტა, რადგან, მისი განმარტებით, 2017 წლის 2 დეკემბრიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება და ცხოვრობს სხვა პირთან. შესაბამისად, მეუღლეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. რაც შეეხება, მოპასუხეს, მას სურს ოჯახისა და მეუღლესთან ურთიერთობის შენარჩუნება.
17. 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, მეუღლეებს მიეცათ შესარიგებელი ვადა, 2018 წლის 26 სექტემბრამდე, თუმცა მითითებულმა შედეგი ვერ გამოიღო და მხარეთა საოჯახო ურთიერთობის აღდგენა არ მოხერხდა.
18. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები და არ გამოიყენა სსკ-ის 1227-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობა მეუღლეთათვის შესარიგებელი ვადის განსაზღვრის შესახებ.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მეუღლეთა განქორწინების სამართლებრივ წინაპირობებს განსაზღვრავს სსკ-ის 1122-ე მუხლის, რომლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო.
22. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.).
23. მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება.
24. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, ხოლო კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინა იმ გარემოების უარსაყოფად, რომ მხარეთა შორის წლების მანძილზე საოჯახო ურთიერთობა შეწყვეტილია. მეტიც, მოსარჩელე ცხოვრობს სხვა პირთან ერთად და უარს აცხადებს მოპასუხესთან ოჯახური თანაცხოვრების აღდგენაზე.
25. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მოსაზრება, რომ აღნიშნული მესამე პირი მოსარჩელის დროებითი გატაცებაა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში გაივლის და მხარე კვლავ დაუბრუნდება ოჯახს. ამგვარი მსჯელობის გაზიარება მოსარჩელის პირად სივრცეში უხეშად ჩარევასა და მისი ოჯახური ცხოვრების გაუმართლებელ შელახვას გამოიწვევს.
26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსკ-ის 1227-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი უფლება და მეუღლეებს არ მისცათ ვადა შესარიგებლად.
27. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 11 ივლისის საოქმო განჩინებით მხარეებს მიეცათ შესარიგებელი ვადა 2018 წლის 26 სექტემბრამდე, თუმცა აღნიშნული ვადა უშედეგოდ გავიდა.
28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 4 დეკემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. ქ-ეს (პირადი №0-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 4 დეკემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური