Facebook Twitter

საქმე №ას-123-2019 4 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე გ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ინდივიდუალური მეწარმე გ–ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ინდივიდუალური მეწარმე გ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა 474,27 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ინდივიდუალური მეწარმე გ–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა 1653,83 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით კასატორს ჩაბარდა 2018 წლის 26 დეკემბერს (იხ. ტ.2, ს.ფ.70). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 27 დეკემბერს და ამოიწურა 2019 წლის 16 იანვარს, ხოლო საკასაციო საჩივარი კასატორმა შეიტანა 2019 წლის 17 იანვარს (იხ. ტ.2, ს.ფ.71-82), ე.ი. გასაჩივრების საპროცესო ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი