Facebook Twitter

№ ას-1080-1037-2016 13 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ვ-ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. შ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი. შ. (შემდგომში „მოსარჩელე“) 2009 წლიდან მუშაობდა შპს „ვ-ში“ (შემდგომში „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“, „კომპანია“, „აპელანტი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) კადრების განყოფილების უფროსად.

2. 2010 წლის 1 ივნისიდან მოსარჩელემ შეითავსა მდივან-რეფერენტის თანამდებობა და მისი ხელფასი განისაზღვრა 1000 ლარით (იხ. კომპანიის დირექტორის ზ. ნ-ის 2010 წლის 1 ივნისის #2 ბრძანება - ს.ფ. 219).

3. 2012 წლის 5 მარტიდან მოსარჩელემ შეითავსა ლოჯისტიკა-გაყიდვების მენეჯერის თანამდებობა და აღნიშნულ თანამდებობაზე მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა შემდეგნაირად: ორგანიზაციის კლიენტებთან, რომლებთანაც მისი მეშვეობით დაიდებოდა ხელშეკრულება საექსპორტო პროდუქციის მიწოდებაზე, რეალიზებული პროდუქციის ღირებულებიდან მოსარჩელეს აუნაზღაურდებოდა მშრალ მასალაზე ღრებულების 1%-ის და სველ მასალაზე - 2%-ის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ტვირთის გაგზავნის დღეს არსებული კურსით (იხ. კომპანიის დირექტორის პ. მ-ის 2012 წლის 5 მარტის #2/1 ბრძანება - ს.ფ. 13).

4. 2013 წლის 25 ივლისს მოსარჩელე გათავისუფლდა ლოჯისტიკა-გაყიდვების მენეჯერის თანამდებობიდან და შეითავსა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა. მისი ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 1200 ლარით (იხ. კომპანიის დირექტორის პ. მ----ის 2013 წლის 25 ივლისის #12 ბრძანება - ს.ფ. 15).

5. 2013 წლის 10 ოქტომბრიდან შეიცვალა სამუშაოს შესრულებისათვის მოსარჩელის ანაზღაურება (ბონუსი) და დადგინდა მშრალ მასალაზე ექსპორტზე რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 2%-ის (ნაცვლად 1%-ისა) და სველ მასალაზე - 2%-ის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ტვირთის გაგზავნის დღეს არსებული კურსით (იხ. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2013 წლის 10 ოქტომბრის #22 ბრძანება - ს.ფ. 14).

6. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიის სახელით გაყიდვების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა უცხოურ კომპანიებთან (იხ. ელექტრონული მიმოწერების ასლები - ს.ფ. 156-191, 193-198).

7. 2014 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მოსარჩელეზე დარიცხული და მიუღებელი ხელფასი შეადგენს 23 320 ლარს, საიდანაც 18 420.40 ლარი არის გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, ხოლო 4 899.85 ლარი ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე შესრულებული სამუშაოსათვის გათვალისწინებული ხელფასი (იხ. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2015 წლის 4 სექტემბრის #17 ცნობა - ს.ფ. 20, საბუღალტრო დოკუმენტაცია - ს.ფ. 222-252).

8. მოსარჩელეს მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და გავლილი აქვს ინგლისური ენის თეორიული და პრაქტიკული კურსები (იხ. დიპლომისა და სერთიფიკატის ასლები - ს.ფ. 199-200).

9. მოსარჩელესა და კომპანიის ყოფილ დირექტორს პ. მ-ეს ჰყავთ საერთო შვილი.

10. 2015 წლის 28 სექტებერს ი. შ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ-ის“ მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების 23 320 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

11. 2015 წლის 20 ნოემბერს მოპასუხე კომპანიის დირექტორმა პ. მ-ემ სარჩელზე წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი ცნო და განმარტა, რომ საწარმოს მოსარჩელის მიმართ ნამდვილად აქვს სახელფასო დავალიანება სარჩელში მითითებული ოდენობით, თუმცა ამ ეტაპზე არ გააჩნია გადახდის შესაძლებლობა.

12. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომამდე მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორი, პ. მ-ე (კომპანიის დირექტორი 2016 წლის 5 თებერვლამდე) და მოსარჩელე შეთანხმებულად მოქმედებენ კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ ახლო ურთიერთობა და ჰყავთ საერთო შვილი. მოსარჩელე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იღებდა კოლოსალური ოდენობის ბონუსებს და ასევე უსაფუძვლოდ ითხოვს კომპანიისათვის „დარჩენილი დავალიანების“ დაკისრებას იმ პირობებში, როდესაც კომპანიას არცერთ წელს მოგება არ ჰქონია. მოსარჩელეს, როგორც კომპანიის დირექტორის თანაშემწეს, შესაძლოა, ჰქონოდა კომუნიკაცია პროდუქციის მყიდველებთან კონკრეტული პროდუქციის რაოდენობის, მიწოდების დროისა და სხვა პირობების შესახებ, თუმცა მას არ გააჩნდა საამისო კვალიფიკაცია. შესაბამისად, ბოსნუსების სახით არ უნდა მიეღო მის მიერ კომპანიისათვის მყიდველის მოძიებისათვის საკომისიო. კომპანიის დირექტორად პ. მ-ის დანიშვნიდან მოსარჩელის ხელფასი თითქმის ორნახევარჯერ გაიზარდა, რაც ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე და კომპანიის დირექტორი მოქმედებდნენ არაკეთილსინდისიერად, რამაც ორგანიზაცია მძიმე ფინანსურ მდგომარეობამდე მიიყვანა.

13. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 23 320 ლარის გადახდა.

14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩნებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

16. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

17. სასამართლომ მოპასუხის პრეტენზიებთან დაკავშირებით - აწარმოა თუ არა მოსარჩელემ კომპანიის კლიენტებთან შესყიდვების თაობაზე მოლაპარაკება; დაიდო თუ არა მოსარჩელის მეშვეობით ხელშეკრულებები საქმეში წარდგენილ საბუღალტრო დოკუმენტებში ასახულ გაყიდვებზე; გაყიდული პროდუქციის ღირებულებიდან შესაბამისი პროცენტული ანაზღაურების (ბონუსის) მოსარჩელისათვის დანიშვნა დაკავშირებული იყო თუ არა კომპანიის დირექტორთან მისი პირადი ახლობლობით (საერთო შვილის ყოლით) და არა შესრულებული სამუშაოს მოცულობით - განმარტა, რომ აღნიშნული საკითხების მართებულობა უნდა შემოწმებულიყო შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმებით და მტკიცების ტვირთის განაწილების იმ სტანდარტით, რომელსაც შრომის კოდექსის მე-10, მე-11.1 და 31-ე მუხლები აწესებს. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების შესახებ და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ მოპასუხე იყო ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობა და შესაბამისი უნარ-ჩვევების არქონის ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ კომპანიის დირექტორთან მოსარჩელის ახლო ურთიერთობა (საერთო შვილის ყოლა) რაიმე გავლენას ახდენდა სამუშაოს შესრულების ხარისხზე ან მოსარჩელისთვის გასაცემი ხელფასის (ბონუსის) ოდენობაზე. მოპასუხის მხოლოდ განმარტება, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია კომპანიების მოსაზიდად და გაყიდვები (საიდანაც იღებდა ანაზღაურებას) პირადად მას არ უწარმოებია, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია კვალიფიციურ შედავებად, ვინაიდან აღნიშნული განმარტება მხარეს (მოპასუხეს) რაიმე მტკიცებულებით არ გაუმყარებია. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამის საპირისპიროდ, საქმეში არსებობდა მოსარჩელის განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები, ასევე ამონაწერები პირადი ელექტრონული ფოსტიდან, სადაც ასახულია კომპანიის სახელით კლიენტებთან მოლაპარაკებები (იხ. ს.ფ. 161-165; 170-173; 178-181; 187-191; 194-198; 199-200). ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საქმეში ასევე წარმოდგენილია შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტები და კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს არ მიუღია 2014-2015 წლების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ანაზღაურება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ქმნიდა სახელფასო დავალიანების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.

18. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას ფოთის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებელ მტკიცებულებებად მიჩნევისა და მათი საქმიდან ამოღების შესახებ, სააპელაციო პალატამ არც აღნიშნული გაიზიარა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 206-ე, 207.1-ე და 219.1 მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ სარჩელში მითითებული ფაქტების დასადასტურებლად სასამართლოს დამატებითი მტკიცებულებები წარუდგინა მთავარ სხდომამდე, არ არსებობდა მათი დაუშვებელ მტკიცებულებებად მიჩნევისა და საქმიდან ამორიცხვის საფუძველი.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

20. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დააკისრა მოპასუხეს გარკვეული გარემოებების მტკიცების ტვირთი. კერძოდ, იმ ფაქტის დადასტურება, აწარმოებდა თუ არა მოსარჩელე კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ოფიციალურ მოლაპარაკებებს უცხოელ შემსყიდველ კომპანიებთან, მოპასუხეს ობიექტურად არ შეეძლო, ვინაიდან ყველა ფინანსური დოკუმენტი, რომელიც საწინააღმდეგოზე მეტყველებდა, იმყოფებოდა კომპანიის ყოფილ დირექტორთან, თუმცა მისი ნების საწინააღმდეგოდ მოპასუხემ ვერ მოიძია ისინი. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ მოეზიდა საქონლის შემსყიდველი კომპანიები, რის გამოც იგი ვერ აწარმოებდა მოლაპარაკებებს. სასამართლომ არ გამოიკვლია კომპანიის დირექტორის ბრძანებაში მითითებული ჩანაწერის - „რეალიზაციიდან მისაღები ანაზღაურების“ - ნამდვილი შინაარსი, რომელიც გულისხმობდა, რომ მოსარჩელეს ანაზღაურება (ბონუსის სახით) შეიძლებოდა მიეღო მხოლოდ ისეთი გაყიდვებიდან, რომელთა მოზიდვასაც თავად შეძლებდა და არა საქონლის ისეთი რეალიზაციიდან, რომელშიც იგი უბრალოდ კომპანიის საკონტაქტო პირი იყო.

21. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ დატოვა ძალაში ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინება მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შესახებ, რაც იმ ხარისხის დარღვევაა, რომ შესაძლოა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდეს.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს „ვ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

26. კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სასამართლომ მოცემულ დავაში არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მოპასუხეს დააკისრა იმ გარემოებების მტკიცების მოვალეობა, რაც მას ობიექტურად არ შეეძლო.

27. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემული მუხლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარეს, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი (იხ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 2013 წლის 11 ნოემბერი).

28. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას.

29. მხარეთა მიერ მტკიცების ტვირთის რეალიზებასა და მტკიცების საგნის განსაზღვრას ახასიათებს მჭიდრო ურთიერთკავშირი, რადგანაც სასამართლოში ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია განსაზღვრული ფაქტების დადგენასთან. სწორედ ამიტომ მტკიცების საგანს პროცესუალურ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა. ასეთივე პრინციპული მნიშვნელობის მქონეა პროცესუალური საკითხი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ. სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებობს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური და ზოგადი წესები. ზოგიერთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის განაწილების წესები ჩამოყალიბებულია მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებში და გამოხატულია იმპერატიული ფორმით. მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგიერთ საგამონაკლისო შემთხვევებში, ფაქტების მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი ერთმანეთს უნდა გაემიჯნოს. ეს ის საგამონაკლისო შემთხვევებია, როდესაც სამართალწარმოება ძირითადად მოწინააღმდეგე მხარის მტკიცების ტვირთი უნდა იყოს (იხ. სუსგ №ას-1020-963-2015, 2015 წლის 25 ნოემბერი).

30. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებულ საქმეებში არაერთხელ აქვს განმარტებული, რომ აღნიშნულ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილება გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს.

31. დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევის მსგავსად (იხ. სუსგ №ას-1183-1125-2014, 2015 წლის 13 თებერვალი; №ას-1004-965-2014, 2015 წლის 8 აპრილი; №ას-922-884-2014, 2015 წლის 16 აპრილი), მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დასაქმებულს არ გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია ან არ ფლობს შესაბამის უნარ-ჩვევებს ან რომ მან არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, რადგან დასაქმებული ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

33. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მასალებით (მოსარჩელის პირადი ელექტრონული ფოსტიდან ამონაწერები, მოსარჩელის უმაღლესი იურიდიული განათლებისა და უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები) დაადგინა, რომ მოსარჩელე კომპანიის სახელით აწარმოებდა კლიენტებთან მოლაპარაკებებს გარკვეული საქონლის შესყიდვის თაობაზე, რის სანაცვლოდაც მას უნდა მიეღო ანაზღაურება ბონუსის სახით. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულების წარდგენა კი მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო. კასატორს არც საკასაციო სასამართლოში წარმოუდგენია სამართლებრივად წონადი არგუმენტები, რომლებიც გააქარწყლებდა მოცემულ საკითხზე გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს. კასატორის მხოლოდ მითითება სათანადო მტკიცებულებების მოპოვების შეუძლებლობის შესახებ ვერ მიიჩნევა სახელფასო დავალიანების გადახდის ვალდებულებისაგან მოპასუხის გათავისუფლების საფუძვლად.

34. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით გადაანაწილა, რაც შრომითსამართლებრივ ურთიერთობებს ახასიათებს, ამდენად, დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე4-მე-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას.

35. საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე სადავოდ ხდის ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებას მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შესახებ, თუმცა მას აღნიშნული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე საფუძველზე არ მიუთითებია.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს - შპს „ვ-ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1166 ლარის 70% – 816,2 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ვ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ შპს „ვ-ს“ (ს/კ: 2-...) დაუბრუნდეს ი. ნ-ის (პ/ნ: 0-...) მიერ 2016 წლის 12 დეკემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 1166 (ათას ას სამოცდაექვსი) ლარის 70% – 816,2 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე