Facebook Twitter

№ ას-464-464-2018 5 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ჯ. დ, ბ. დ, კ-. დ, ლ. ც (შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - თ. დ

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. დ-ს და ნ. გ-ს მიმართ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის და უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე.

2. ჯ. დ-ს შესაგებელი არ წარუდგენია. ნ. გ-მა სარჩელი არ ცნო. ამასთან, წარადგინა შეგებებული სარჩელი ბ. დ-ის, ჯ. დ-ს, ლ. ც-ს, თ. დ-ს და კ. დ-ს (შემდგომში „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.

3. მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი არ ცნეს.

4. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ.დ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ამავე სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: დადგინდა ქ. თელავში, ო-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ: …) მოპასუხეების გამოსახლება და აღნიშნული ქონების ნ. გ-სთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

8.1. თელავის რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 22 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოპასუხეების - ბ., თ., კ. დ-ებისა და ლ. ც-ის წარმომადგენელი, ნ. ჩ, ხოლო მოპასუხე ჯ. დ, მართალია არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას, თუმცა მისთვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო სხდომის ადგილისა და დროის თაობაზე;

8.2. მოპასუხეთა - ბ., თ., კ. დ-ებისა და ლ. ც-ს წარმომადგენელმა - ნ. ჩ-მა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში - 2018 წლის 18 იანვარს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და გადაწყვეტილება ჩაიბარა ამავე წლის 25 იანვარს;

8.3. მოპასუხე ჯ. დ-ს რაიონული სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს;

8.4. მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2018 წლის 9 თებერვალს.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე, 2591, 374-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხეების - ბ., თ., კ. დ-ებისა და ლ. ც-ს წარმომადგენელმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით, მათთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2018 წლის 26 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 8 თებერვალს, ხოლო ვინაიდან სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2018 წლის 9 თებერვალს, არსებობდა ვადის დარღვევით წარდგენის გამო მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

10. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარს მოპასუხე ჯ. დ-ს მოთხოვნის ნაწილში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილშიც არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია ჯ. დ-ს საერთოდ არ მიუმართავს სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით, რაც გასაჩივრების 14 დღიანი ვადის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 30-ე დღიდან ათვლის საფუძველს ქმნიდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი), თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა გადაწყვეტილების 30 დღეში მომზადების ფაქტი, აპელანტ ჯ. დ-ს ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო იმ თარიღიდან, როდესაც დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა და ჩაბარდა მისი ოჯახის დანარჩენ წევრებს (დანარჩენი მოპასუხეების წარმომადგენლის მეშვეობით) – 2018 წლის 25 იანვარს, ანუ როდესაც ჩაბარების სურვილის შემთხვევაში ჯ. დ შეძლებდა გადაწყვეტილების ასლის მიღებას.

11. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ჯ. დ-სათვის გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 26 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 8 თებერვალს, ხო სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ერთი დღით გვიან, 2018 წლის 9 თებერვალს, არსებობდა ამ ნაწილშიც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.

13. კერძო საჩივრის ავტორთა განცხადებით, მათ მიერ გასაჩივრების ვადის ერთი დღით დარღვევა იმის დასტური იყო, რომ დღეების დათვლის დროს ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას და არა კანონის უხეშ დარღვევას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს ასე მკაცრად არ უნდა ემსჯელა და არ უნდა დაეტოვებინა განუხილველად საპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

17. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

18. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

20. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

21. მოცემულ შემთვევაში კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ არ ხდიან მათ მიერ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი 14 დღის ვადის დარღვევით წარდგენის ფაქტს. მათი პრეტენზია ძირითადად ემყარება იმას, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია ერთი დღის დაგვიანებით, აღნიშნული მიუთითებს დღეების დათვლის დროს დაშვებულ ტექნიკურ შეცდომაზე, რაც მათი მოსაზრებით, არ შეიძლებოდა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ამგვარი მკაცრი ზომის - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების - საფუძველი გამხდარიყო.

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული სპეციალური ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია. ანუ, იმ პირობებშიც, კი თუ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სასამართლოში საჩივრის საპატიო მიზეზით წარდგენის შეუძლებლობა, კანონი არ უშვებს დარღვეული საპროცესო ვადის აღდგენას.

23. ზემოაღნიშნულ ნორმათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმ პირობებში როდესაც სადავო არ არის, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა მოპასუხეებს - ბ., თ., კ. დ-ებსა და ლ. ც-ს ამოეწურათ 2018 წლის 8 თებერვალს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მათ წარადგინეს ამავე წლის 9 თებერვალს - ერთი დღის დაგვიანებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, ხოლო კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია, რომ საჩივრის ერთი დღით გვიან წარდგენის გამო სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა მკაცრი ზომა - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება - არ ქმნის გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

24. რაც შეეხება აპელანტ ჯ. დ-ს ნაწილში წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის სასამართლოს მიერ შეფასებას, საკასაციო სასამართლო არსებითად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ამ ნაწილშიც არსებობდა ვადის დარღვევით წარდგენის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, თუმცა არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას გასაჩივრების ვადის ათვლასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია და სადავო არ არის, რომ ჯ. დ-სათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ცნობილი იყო თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბერს 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის თაობაზე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 11). სადავო არ არის ისიც, რომ ჯ. დ არ დასწრებია აღნიშნულ სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მას არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრულ ვადაში (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა) მიუმართავს სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში ჯ. დ-სათვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2017 წლის 22 დეკემბერი) 30-ე დღეს - 2018 წლის 22 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 5 თებერვალს (4 თებერვალი იყო არასამუშაო დღე - კვირა). ხოლო ვინაიდან სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2018 წლის 9 თებერვალს, არსებობდა ვადის დარღვევით წარდგენის გამო მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ჯ. დ-ს, ბ. დ-ს, კ. დ-სა და ლ. ც-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე