Facebook Twitter

№ ას-508-508-2018 6 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ნ. ლ, გ. ო (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ (მოსარჩელე)

მოპასუხეები - მ. ო, ნ. ო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ბ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ლ-ს, გ. ო-ს, მ. ო-სა და ნ. ო-ს (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს 16:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, ხოლო გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

6. სასამართლომ შეაფასა სხდომის გადადების მოთხოვნით აპელანტ ნ. ლ-ს წარმომადგენლის, თ. გ-ს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა და აღნიშნა, რომ თ. გ არ იყო უფლებამოსილი წარედგინა ამ სახის შუამდგომლობა, ვინაიდან იგი არ ირიცხებოდა ადვოკატთა ერთიან სიაში. გარდა ამისა, განცხადებაში თ. გ უთითებდა, რომ ნ. ლ არის ავად და ამ მიზეზით ვერ გამოცხადდებოდა სხდომაზე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რიმე სახის მტკიცებულება მას არ წარუდგენია.

7. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ აპელანტი მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომა ერთხელ უკვე გადაიდო და მხარეს ჰქონდა საკმარისი დრო, აეყვანა სხვა ადვოკატი. ამრიგად, სხდომის გადადების მოთხოვნა ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მხარე ბოროტად იყენებდა თავის უფლებებს და ცდილობდა საქმის განხილვის გაჭიანურებას, რითაც ზიანი ადგებოდა მეორე მხარის ინტერესებს.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით, 215-ე მუხლით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სასამართლო სხდომის გადადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 229-ე, 387-ე მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

9. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე აპელანტებმა ნ. ლ-მ და გ. ო-მ შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.

10. კერძო საჩივრის ავტორთა განცხადებით, აპელანტ ნ. ლ-ს ადვოკატს თ. გ-ს შეწყვეტილი ჰქონდა წარმომადგენლობის უფლებამოსილება და ამის შესახებ აპელანტისთვის ცნობილი არ იყო, ამასთან, აპელანტი გ. ო არ იყო ინფორმირებული სხდომის თარიღის შესახებ. ამრიგად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.

14. გასაჩივრებული განჩინებით ნ. ლ-ს, გ. ო-ს, მ. ო-სა და ნ. ო-ს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 28 თებერვალს 16:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობა.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები (გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

17. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდიან ორი საფუძვლით: 1) აპელანტ ნ. ლ-ს ადვოკატ თ. გ-ს შეწყვეტილი ჰქონდა წარმომადგენლობის უფლების განხორციელება და ამის შესახებ ცნობილი არ იყო აპელანტისათვის; 2) აპელანტ გ. ო-ს კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა სასამართლო სხდომის თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს განიხილავს და შეამოწმებს ცალ-ცალკე.

19. სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორთა პირველ პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ნ. ლ-სათვის ცნობილი არ იყო ადვოკატ თ. გ-სათვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტი.

20. პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ დავაში სააპელაციო საჩივრის ავტორები არიან მეუღლეები - ნ-ლ და გ. ო და მათი არასრულწლოვანი შვილები - მ. და ნ. ო-ები.

21. დადგენილია, რომ ერთ-ერთი აპელანტის - ნ. ლ-ს ინტერესებს წინამდებარე საქმეზე იცავდა მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, თ. გ 2015 წლის 10 დეკემბერს განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე (იხ. ტ.2., ს.ფ. 14-15). დადგენილია ასევე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თ. გ-ს დროებით შეჩერებული ჰქონდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, რაც უზღუდავდა უფლებას წარმოედგინა მხარე ამ ინსტანციის სასამართლოში. სწორედ აღნიშნული საფუძვლით მან მოითხოვა 2017 წლის 20 დეკემბერს 10:30 საათზე სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადება, რაც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა (იხ. ტ. 2., ს.ფ. 55-59). აღსანიშნავია, რომ ამ სხდომაზე თავად აპელანტები არ გამოცხადებულან.

22. მორიგი სხდომის (2018 წლის 28 თებერვლის) უწყებები სააპელაციო სასამართლომ ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა როგორც აპელანტებს, ასევე მოწინააღმდეგე მხარეს. სადავო არ არის, რომ აპელანტ ნ. ლ-ს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა აღნიშნული გზავნილი (იხ. ტ. 2., ს.ფ. 71).

23. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო პრეზუმირებულ ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ მიუხედავად 2017 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე აპელანტ ნ. ლ-ს გამოუცხადებლობისა, მას ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნული სასამართლო პროცესის გადადების მიზეზის შესახებ, ამასთან, ჰქონდა საკმაო დრო გაეფორმებინა მინდობილობა სხვა უფლებამოსილ წარმომადგენელთან ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავადვე დასწრებოდა სააპელაციო საჩივრის განხილვას, თუმცა როგორც საქმის მასალებით დგინდება, მას არც აღნიშნული მინდობილობა გაუფორმებია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის გონივრული ვადით გადადებას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვადა გაგრძელებულ უნდა იქნას დაუსრულებლად და უსაფუძვლოდ. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.

25. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ აპელანტ ნ. ლ-ს წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომა ერთხელ უკვე გადაიდო და აპელანტს არ გამოუსწორებია ის ხარვეზი, რაც სხდომის გადადების საფუძველი გახდა, ამასთან, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც თავად აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ სასამართლო სხდომის კიდევ ერთხელ გადადება დაარღვევდა არა მხოლოდ შეჯიბრობითობის პრინციპს, რითაც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები ილახება, არამედ გამოიწვევდა პროცესის გაჭიანურებასაც, რაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის წინაპირობაა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ მიიჩნია აპელანტის წარმომადგენლის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები სასამართლო სხდომის კიდევ ერთხელ გადადების საფუძვლად და აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

27. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების მეორე პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ აპელანტ გ. ო-ს 2018 წლის 28 თებერვალს დანიშნული სასამართლო სხდომის უწყება არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით, საკასაციო პალატა ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისთვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

28. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტ გ. ო-ს 2018 წლის 28 თებერვალს 16:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის უწყება გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ვ-, ზ- პ-, მე-... მ/რ, კორპ. ... ბ.#... - და გზავნილი ჩაბარდა მეუღლეს, ნ. ლ-ს (იხ. ტ. 2., ს.ფ. 71).

29. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის, რომ აპელანტები ნ. ლ და გ. ო არიან მეუღლეები, ნ. ლ-მ, როგორც აპელანტის ოჯახის წევრმა ჩაიბარა გ. ო-ს სახელზე გაგზავნილი სასამართლო უწყება (რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით), ხოლო აპელანტმა გ. ო-მ ვერ წარმოადგინა აღნიშნულის გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მის პრეტენზიას, რომ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორებმა ვერ უზრუნველყვეს მათი საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება და სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტების გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ლ-ისა და გ. ო-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე