Facebook Twitter

№ას-613-613-2018 20 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. ბ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ. გ-მ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ბ-ს (შემდგომში „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა როგორც მოპასუხე, ასევე მისი წარმომადგენელი;

5.2. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი ჩაიბარა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში - 2018 წლის 7 მარტს.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში, მისთვის გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო არა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2018 წლის 10 მარტს, არამედ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან - 2018 წლის 7 მარტს, ხოლო ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ნაცვლად 2018 წლის 21 მარტისა აპელანტმა წარადგინა ამავე წლის 23 მარტს, არსებობდა ვადის დარღვევით წარდგენის გამო მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

8. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად აითვალა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების ვადის ათვლა სასამართლოს უნდა დაეწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2018 წლის 10 მარტს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 23 მარტი, რა ვადაშიც წარადგინა კიდეც მან სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

12. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

13. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

15. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა როგორც თავად მოპასუხე - კ. ბ, ასევე მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი - მ. ბ (იხ. ს.ფ. 55-60). დადგენილია ასევე, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2018 წლის 7 თებერვალი) 28-ე დღეს - 2018 წლის 7 მარტს მოპასუხემ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა საქალაქო სასამართლოს და იმავე დღეს ჩაიბარა იგი (იხ. ს.ფ. 68), ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ - 2018 წლის 23 მარტს.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაეწყო არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

18. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში - 28-ე დღეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრების 14 დღიანი ვადა მართებულად აითვალა გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან - 2018 წლის 7 მარტიდან. შესაბამისად, აპელანტისთვის აღნიშნული ვადა ამოიწურა 2018 წლის 21 მარტს, ხოლო ვინაიდან სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ამავე წლის 23 მარტს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა იგი განუხილველად გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ. ბ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე