საქმე №ას-768-768-2018 16 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ. ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ (მოსარჩელე)
მოპასუხე – ს. ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ. კ-მ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ა-ს და ს. ა-ს (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ქ. ა-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით ქ. ა-ს დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით ქ. ა-ს შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 3 (სამი) დღით.
სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით ქ. ა-ს შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი 2018 წლის 5 ივლისს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ქ. ა-ს (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი ს.ფ. 148).
სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა (გარდაეცვალა მეუღლე, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იმყოფება რაიონში) და ვერ ახერხებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსებას.
განცხადების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. კასატორმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, უნდა დაადასტუროს თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი შუამდგომლობს საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ისე, რომ არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მძიმე ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მის გადახდისუუნარობას, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, კიდევ ერთხელ გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა.
ამრიგად, სასამართლო თვლის, რომ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. ა-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური