Facebook Twitter

საქმე № ას-828-828-2018 9 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ო. ქ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ. მ, თ. მ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ო. ქ-მ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-სა და თ. მ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. ქ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ო. ქ-ს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1125 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ო. ქ-ს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1125 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს ნ. ა-ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, დ-ს 12, ბ.... საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებით დგინდება რომ, გზავნილი 2018 წლის 27 ივნისს ჩაბარდა პირადად ნ. ა-ს (ტ. 2. ს.ფ. 106).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2018 წლის 28 ივნისს და ამოიწურა 2018 წლის 2 ივლისს. ამ დროის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 3 ივლისს კასატორის წარმომადგენელმა ნ. ა-მ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ კასატორი ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკაში და სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ვერ მოახერხა მასთან კომუნიკაცია, რის გამოც აპირებდა მიემართა სასამართლოსათვის ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელების მოთხოვნით, მაგრამ ვერ შეძლო ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა და მისი 10 დღით გაგრძელება. ამასთან, განცხადებას დაურთო შპს „ი“-ს მიერ 02.07.2018წ. გაცემული ცნობა (ტ. 2, ს.ფ. 107-108).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც აღნიშნული კოდექსის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ საპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის აღდგენას კანონი არ ითვალისწინებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან დადგენილია, რომ კასატორის წარმომადგენელმა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის დარღვევით მომართა სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს მოცემული განცხადების საფუძვლიანობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ო. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური