Facebook Twitter

№ ას-1129-1049-2017 20 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ც. ჭ, მ. ს, ნ. ს (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „მ“-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. ჭ-ს, მ. ს-ისა და ნ. ს-ს (შემდგომში „მოპასუხეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) მიმართ და მოითხოვა ქ. ზესტაფონში, ს-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: …) მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

2. სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ საჯარო აუქციონზე შეიძინა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრე იყო ც. ჭ. იგი ოჯახის წევრებთან - მ და ნ. ს-ებთან ერთად ცხოვრობს მითითებულ ბინაში. ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეებს და გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთავისუფლების თაობაზე, თუმცა მოსარჩელეები დღემდე განაგრძობენ ქონებით სარგებლობას, რაც სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.

3. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს და მიუთითეს, რომ მართალია მოსარჩელე არის სადავო ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე, თუმცა მოპასუხეებს სხვა თავშესაფარი არ გააჩნიათ. ც. ჭ არის 81 წლის პენსიონერი, ხოლო მ. ს მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ბინაში. ამდენად, მათთვის ძნელი იქნება საცხოვრებლის მოძებნა.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „მ“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა ქ. ზესტაფონში, ს-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: …) მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ზესტაფონში, ს-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: …) მესაკუთრეა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხეები მას ფლობენ არამართლზომიერად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამდენად სახეზეა ვინდიკაციური სარჩელი.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება. მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც შეიძლებოდა მოსარჩელე შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. არ არსებობდა არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა კუთვნილ ქონებაზე კანონით მინიჭებული უფლებები.

9. სასამართლოს მოსაზრებით, თუნდაც დასტურდებოდეს სააპელაციო საჩივარში მოპასუხეთა მიერ მითითებული გარემოება, რომ მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, აღნიშნული მაინც ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი და ამით ვერ შეილახებოდა მესაკუთრის უფლება - თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებით.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. საკასაციო საჩივრის ავტორთა განცხადებით, სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხეები ბინიდან გამოსახლების შემდგომ რჩებიან თავშესაფრის გარეშე. შესაბამისად, არ იმსჯელა იყო თუ არა შესაძლებელი მოლაპარაკება მოსარჩელესთან სადავო ბინაში დროებით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავო ქონებით არ სარგებლობს და დღემდე მასში ცხოვრობენ მოპასუხეები.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

20. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

21. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოსარჩელე წარმოადგენს ქ. ზესტაფონში, ს-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: …) მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერ მფლობელებს.

22. საკასაციო საჩივრის ავტორების მითითება, რომ მათ სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ და ბინიდან გამოსახლების შემთხვევაში დარჩებიან თავშესაფრის გარეშე, ვერ მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, რომლითაც აღიარებულია და უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება და ეს უფლება გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას მისი ხელყოფისაგან.

24. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებმა ვერ შეძლეს სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულად დაკმაყოფილდა წარდგენილი ვინდიკაციური სარჩელი და დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვა.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ც. ჭ-ს, მ. ს-სა და ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორებს ც. ჭ-ს (პ/ნ: …), მ. ს-სა (პ/ნ: …) და ნ. ს-ს (პ/ნ: …) დაუბრუნდეთ ნ. ს-ის მიერ 2017 წლის 16 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე