№ას-1056-976-2017 30 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „რ ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ტ. (თავდაპირველი მოპასუხე)
მოპასუხე - შპს „რ ც“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „რ ი-მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ ც-“-ისა და ნ. ტ-ის მიმართ (შემდგომში - „მოპასუხეები“) უძრავი ნივთის გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის 31 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისრათ ყოველთვიურად 420 ლარის ანაზღაურება; სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისათვის 2005 წლის 31 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდის განმავლობაში ყოველთვიურად 580 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხე შპს „რ ც-“-მა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით მოპასუხე შპს „რ ც-“-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
6. 2016 წლის 13 სექტემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა ზ. ვ–მა სააპელაციო პალატას მიმართა განცხადებით და უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე, რის საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება.
7. 2016 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში და განმარტა, რომ კრედიტორს შეუძლია თითოეული სოლიდარული მოვალის მიმართ აღძრას ცალ-ცალკე სარჩელი ანდა ერთობლივი სარჩელი წარადგინოს რამდენიმე მოვალის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში ერთობლივი სარჩელი იყო წარდგენილი, მაგრამ ერთ-ერთმა სოლიდარულმა მოვალემ, კერძოდ, ნ. ტ-მ, დაკარგა საქმის მიმართ იურიდიული ინტერესი და აღარ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მოსარჩელის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მის მიმართ კანონიერ ძალაში იყო შესული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ნ. ტ-ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
8. 2016 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გასცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე ნ. ტ-ის მიმართ.
9. 2016 წლის 8 დეკემბერს ნ. ტ-მ წარადგინა კერძო საჩივარი სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განჩინებით ნ. ტ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2016 წლის 31 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლით და აღნიშნა, რომ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენდა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრება. აღნიშნული ურთიერთობა იყო სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულების მაგალითი და მოიცავდა სწორედ ამ ურთიერთობის ყველა მომენტს. აღნიშნული ურთიერთობა წარმოშობილი იყო კანონის საფუძველზე. მოპასუხე შპს „რ ც“ (აპელანტი), როგორც ერთ-ერთი სოლიდარული მოვალე, უფლებამოსილი იყო კრედიტორისთვის წარედგინა ისეთი შესაგებელი, რომლის უფლებაც საერთო იყო ყველა სოლიდარული მოვალისათვის. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსის 466-ე მუხლის დანაწესიდან, რომლის თანახმად, სოლიდარული მოვალე უფლებამოსილია კრედიტორს წარუდგინოს ყველა ისეთი შესაგებელი, რომლებიც ვალდებულების არსიდან გამომდინარეობენ ან რომლის უფლებაც მარტო მას აქვს, ან იგი საერთოა ყველა სოლიდარული მოვალისათვის. მითითებული ნორმის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სოლიდარულ მოვალეს უფლება ჰქონდა კრედიტორისთვის წარედგინა შესაგებელი, რომლებიც გამომდინარეობდა ვალდებულების არსიდან (ყველასთვის საერთო შესაგებელი), მოვალის პირადი უფლებიდან ან საერთო უფლებიდან. მოვალის შესაძლებლობა წარადგინოს საერთო შესაგებელი გამომდინარეობდა სოლიდარული ვალდებულების არსიდან, რა დროსაც მოვალეს შეეძლო მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი, მათ შორის, სააპელაციო საჩივარი წარედგინა სხვა სოლიდარული მოვალის სახელით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „რ ც-“-ის წარმომადგენელმა, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო საჩივარი ემყარებოდა შემდეგ გარემოებებს: სადავო უძრავი ნივთი შპს „რ ც-“-ს გადაეცა ადმინისტრაციული აქტებით; ქ.თბილისის მერიამ და სამთავრობო ორგანოებმა 1991-92 წლებში სათანადო საფასურის გადახდის შემდეგ, სადავო ნივთი გადასცა შპს-ს ბალანსზე; მოპასუხეები ნივთს მართლზომიერად ფლობენ. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ წარმოდგენილი იყო საერთო შესაგებელი.
13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 267-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. გამომდინარე იქედან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით შპს „რ ც-“-ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება არ იყო შესული კანონიერ ძალაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ ექვემდებარებოდა იძულებით აღსრულებას და მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი უნდა გაუქმებულიყო.
14. 2017 წლის 28 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმება.
15. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებას არ ითვალისწინებს კანონი; ნ. ტ. არ წარმოადგენდა აპელანტს; ნ. ტ-ის კორესპონდენცია არ შეიძლება განსახილველად გადასცემოდა სააპელაციო საჩივრის განმხილველ პალატას; დაუშვებელია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიმართ ხდებოდეს ამგვარი ზემოქმედება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა უფლებას ანიჭებს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას.
18. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. ტ-ის კერძო საჩივარი და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2016 წლის 31 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას. გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ, იმსჯელა კერძო საჩივრით სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. გამომდინარე აქედან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 14 ივნისს მიღებული განჩინება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, 187-ე მუხლის დანაწესი ვრცელდება ასევე საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვისას.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მოსარჩელის კერძო საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების საფუძველი და კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე, 414-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „რ ი-“-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე