Facebook Twitter

საქმე №ას-1936-2018 15 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. შ-ე (მოსარჩელე), ა. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ-ი“(მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით – თ. ე-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა (ძირითად სარჩელში), ვალის აღიარების შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობა (მესამე პირის დამოუკიდებელ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. შ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ტ-ის“ (შემდგომ – მოპასუხე, შპს), მისი 50% წილის მფლობელი დ. გ-ისა (შპს-ს ყოფილი დირექტორი) და 50% წილის მფლობელი თ. ე-ის (შემდგომ – მესამე პირი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხე შპს-ს ყოფილ დირექტორთან 2017 წლის 7 თებერვლის შეთანხმების (ვალის არსებობის აღიარება) საფუძველზე, მოპასუხის უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 7 თებერვალს მოპასუხე შპს-ს იმჟამინდელ დირექტორთან, რომელიც წარმოადგენდა საწარმოს ერთპიროვნულ ხელმძღვანელ პირს, გააფორმა შეთანხმება ვალის არსებობის აღიარების შესახებ, რადგან შპს-თან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა და გადაწყვიტა ორგანიზაციას დახმარებოდა ფინანსური სიძნელეების დაძლევაში.

3. მოსარჩელის მითითებით, მის მიერ გადაცემული 70 000 ლარით მოპასუხემ გადაიხადა ვალები და თავი დააღწია გაკოტრებას. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 10 აპრილამდე. შეთანხმების საფუძველზე, ვალის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობისას შპს-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება უნდა გამხდარიყო კრედიტორის საკუთრება.

4. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის მიერ მოპასუხის მიმართ თანხის მოთხოვნის შემდეგ ორგანიზაციის პარტნიორებს შორის დაიწყო დავა ქონებაზე, შეიცვალა შპს-ს დირექტორი, რაც ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ პარტნიორები ურთიერთშეთანხმებით მოქმედებენ მის წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს 70 000 ლარის მითვისებას.

მოპასუხეებისა და მესამე პირის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს-ს ყოფილმა დირექტორმა დ. გ-ემ სარჩელი ცნო და განმარტა, შპს-ს ნამდვილად ჰქონდა ფინანსური სიძნელეები, რის გამოც, მან როგორც შპს-ს დირექტორმა, მოსარჩელისაგან სესხად აიღო 70.000 ლარი, რომლითაც გადახდილ იქნა შპს-ს ვალები.

6. მოპასუხე შპს-ს ამჟამინდელმა დირექტორმა და მესამე პირმა სარჩელი არ ცნეს. მესამე პირის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა ემსახურება უძრავი ქონების ხელში ჩაგდებას. მოსარჩელე ვერ ადასტურებს შპს-სათვის არათუ თანხის გადაცემის, არამედ აღნიშნული თანხის მის საკუთრებაში არსებობის ფაქტს. მოსარჩელე და მოპასუხე შპს-ს ყოფილი დირექტორი მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებით და ცდილობენ შპს-ს 50% წლის მფლობელი პირისათვის კუთვნილი წილის ჩამორთმევას.

7. მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა წარადგინა სასამართლოში მოსარჩელისა და მოპასუხე შპს-ს შორის 2017 წლის 7 თებერვალს დადებული შეთანხმების (ვალის არსებობის აღიარების შესახებ) ბათილად ცნობის მოთხოვნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ძირითად სარჩელს ეთქვა უარი, მესამე პირის დამოუკიდებელი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და შპს-ს შორის 2017 წლის 7 თებერვალს დადებული შეთანხმება, რაც მოსარჩელემ და შპს-ს ყოფილმა დირექტორმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელისა და მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა და დაევალა, ხარვეზის შევსების მიზნით, აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა, სააპელაციო საჩვართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის – 5000 ლარის გადახდის დედანი ან/და მოსარჩელის უფლებამონაცვლის სტატუსით მოთხოვნის წარმომდგენ ა. გ-ეს (შემდგომ – მეორე აპელანტი) დაევალა, ამავე ვადაში წარმოედგინა სააპელაციო სასამართლოსათვის: ა) მოსარჩელის მიერ მეორე აპელანტის მიმართ კანონით დადგენილი წესის დაცვით შედგენილი ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის თაობაზე, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა შეთანხმება არსებით პირობებზე; ბ) „დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის“ წარმოდგენის დროისათვის, მეორე აპელანტის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება.

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 15 ოქტომბერს მოსარჩელემ შეიტანა განცხადება და წარადგინა 2018 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული „მოთხოვნის დათმობის შესახებ“ ხელშეკრულება მოსარჩელესა და მეორე აპელანტს შორის, ასევე მეორე აპელანტის საპენსიო მოწმობის ქსეროასლი, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული პირი არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე „უვადოდ“.

12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და მეორე აპელანტის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების მიზნით, აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინეს 2018 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული „მოთხოვნის დათმობის შესახებ“ ხელშეკრულება, სადაც დაფიქსირებულია შემდეგი: „მომთხოვნის დამთმობი“ – მოსარჩელე უთმობს მოთხოვნის უფლებას მეორე აპელანტს მოპასუხე შპს-სა 50.00% წილის მფლობელი მესამე პირის მიმართ, სადაც მოთხოვნა გახლავთ ქ.ქუთაისი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების ბათილობა, სააპელაციო მოთხოვნა კი სრულად ვიქნე ცნობილი მე, მოსარჩელე შპს-ს კუთვნილი უძრავი ქონების მესაკუთრედ შპს-ს იმდროინდელ დირექტორთან კანონის სრული დაცვით გაფორმებული 2017 წლის 7 თებერვლის შეთანხმების პირობის შესაბამისად. მოთხოვნის დამთმობი მოთხოვნის მიმღებს სრულად უთმობს ზემოთხსენებულ მოთხოვნას...“

14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2018 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულების შინაარსი რეალურად წარმოადგენს სსსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო წარმომადგენლობის მინიჭებას, რომლითაც მოსარჩელემ უფლება მისცა მეორე მოპასუხეს, იყოს მხარე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ 2017 წლის 7 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე, შპს-სა და მის ყოფილ დირექტორთან წარმოებულ დავაში, რაზეც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილია სააპელაციო საჩივარი.

15. ვინაიდან, 2018 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულება არ შეიცავს არსებით პირობებზე (სსკ-ის 327-ე მუხლი), კერძოდ, გარიგების საგანზე, მის მოცულობაზე, ფასზე შეთანხმებას, იგი ვერ ჩაითვლება სსკ-ის 199-ე მუხლის საფუძველზე შედგენილ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებად, რაც სსსკ-ის 92-ე მუხლიდან გამომდინარე, შეიძლება გახდეს, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ მეორე მოპასუხის მიჩნევის წინაპირობა.

16. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავო, კერძოდ, არ წარმოადგინა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის – 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მოსარჩელის მიერ მეორე აპელანტის მიმართ კანონით დადგენილი წესის დაცვით შედგენილი ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის თაობაზე.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ და მეორე აპელანტმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

18. კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ საქმეში წარმოდგენილი მოთხოვნის დათმობის თაობაზე შედგენილი დოკუმენტი არავითარ კავშირში არ არის წარმომადგენლობით რწმუნებულებასთან, რომლის თანახმად რწმუნებული მარწმუნებლის სახელით ასრულებს იმ მოქმედებებს, რისი უფლებაც მინიჭებული აქვს რწმუნებულებით, ხოლო წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებულია, რომ მოსარჩელის სრულად უთმობს მოთხოვნას მეორე აპელანტს იმ ნაწილში, რომ ცნობილ იქნას შპს-ს კუთვნილი უძრავი ქონების მესაკუთრედ შპს-ს იმდროინდელ დირექტორთან კანონის სრული დაცვით გაფორმებული 2017 წლის 7 თებერვლის შეთანხმების პირობების შესაბამისად. მხარემ მიიჩნია, რომ აღნიშნულ შინაარსთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება გაურკვეველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

21. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

22. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც სააპელაციო პალატას წარუდგინა, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლების მეორე აპელანტისათვის დათმობის შესახებ ხელშეკრულება.

23. სააპელაციო პალატამ ხარვეზი დაუდგინა აპელანტ მხარეს და დაავალა კონკრეტულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და კანონით დადგენილი წესით შედგენილი უფლების დათმობის თაობაზე ხელშეკრულების წარმოდგენა.

24. აპელანტმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა სანოტარო წესით შედგენილი ზემოაღნიშნული ხელშეკრულება, ასევე, 2018 წლის 15 ოქტომბერს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ბეჭდით დამოწმებული ამონაწერი, რომელიც მოწმობს, რომ მეორე აპელანტს გააჩნდა შრომისუუნარობის (ინვალიდობის) სტატუსი ბავშვობიდან უვადოდ (ს.ფ. 103-104).

25. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების საფუძველს წარმოადგენს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობა.

26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ არსებობდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტი მხარის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში ნათლადაა გამოხატული მოსარჩელის ნება, სადავო უფლების მეორე აპელანტისათვის დათმობის შესახებ, შესაბამისად, მის შინაარსში ეჭვის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნდა.

28. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყველა სარჩელზე.

29. როგორც ზემოთ უკვე აღნიშნა, საქმეში წარმოდგენილია მეორე აპელანტის სახელზე გაცემული საპენსიო მოწმობა და ამონაწერები, რომელთა თანახმად სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტომ“ 2018 წლის 15 ოქტომბერს დაადასტურა ამონაწერის ასელის დედანთან სისწორე, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის გათავისუფლების საკმარისი საფუძველია.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. შ-ისა და ა. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე