საქმე №ას-1236-2018 25 იანვარი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „თ.ს.კ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა (შემდეგში: მოსარჩელე, მენარდე, მოწინააღმდეგე მხარე) და შპს „თ.ს.კ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, შემკვეთი, აპელანტი, კასატორი) შორის, 2015 წლის 10 თებერვალს, გაფორმდა საექსპერტო მომსახურების შესახებ ე.წ ,,ჩარჩო“ ხელშეკრულება (იხ. ხელშეკრულება - ტ. 1, ს.ფ 23-28; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 629-ე მუხლი).
2. მენარდემ იკისრა ვალდებულება, შეეფასებინა მოპასუხის (შემკვეთის) საკუთრებაში არსებული ე.წ ,,მეორადი“ სასაქონლო მატერიალური ქონება და განესაზღვრა მათი საბაზრო ღირებულება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 22).
3. მოსარჩელემ (მენარდემ), 2015 წლის 14 აპრილის წერილით, მოპასუხეს (შემკვეთს) აცნობა, რომ საქმის მოცულობისა და სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ხელშეკრულების ვადა 20 (ორი) სამუშაო დღით გადაიწევდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 29).
4. მოსარჩელემ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ვადა დაარღვია. ექსპერტიზის დასკვნა (შემდეგში: დასკვნა), ნაცვლად 2015 წლის 15 მაისისა, 2015 წლის 17 ივლისს, 2 (ორი) თვის დაგვიანებით მომზადდა (იხ. გადაწყვეტილება - ტ. 1, ს.ფ. 98).
5. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
5.1. მოსარჩელემ (მენარდემ) 2017 წლის 22 თებერვალს სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის (შემკვეთისათვის) დასკვნის საფასურის - 7090 ლარის დაკისრება;
5.2. მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ დასკვნა, ობიექტური მიზეზების გამო, 2015 წლის 17 ივლისს მომზადდა, თუმცა, მოპასუხეს ამ პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელისთვის არ მიუმართავს. ექსპერტიზის ღირებულება განისაზღვრა 7090 ლარით, რომლის გადახდაზეც მოპასუხე (დამკვეთი) უარს აცხადებს.
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1 მოპასუხემ (შემკვეთმა) არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელემ (მენარდემ) მომსახურების შესრულების ვადა დაარღვია, რის შესახებაც მას არ შეატყობინა სათანადოდ. ამასთან, გაწეულ მომსახურებაზე ანგარიშფაქტურის გამოწერის ფაქტი არ დგინდება, რაც, ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სავალდებულოა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის (მენარდის) სარჩელი დაკმაყოფილდა.
7.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 361-ე, 317-ე, 352-ე, 361-ე, 405-ე, 629-ე მუხლებით და დაადგინა, რომ უსაფუძვლოა მოპასუხის (შემკვეთის) არგუმენტი, მენარდის მიერ ვადის დარღვევის გამო, ვალდებულების არარსებობასთან დაკავშირებით.
7.3. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომელიც შემკვეთის ინტერესის არარსებობას ხელშეკრულების საგნის მიმართ დაადასტურებდა. მენარდის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება სრულყოფილად შესრულდა - დასკვნა მომზადდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, მოპასუხის მიერ ნარდობის საზღაური არ იყო გადახდილი.
7.4. სასამართლომ სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას“ მითითებით განმარტა, რომ მოპასუხის (შემკვეთის) მიერ, მოსარჩელის (მენარდის) მიმართ, ნაკისრი ვალდებულება, ნარდობის საზღაურის გადახდა, არ შესრულებულა, რაც შემკეთისათვის თანხის დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.
8. მენარდის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (შემკვეთმა), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:
8.2. აპელანტის მტკიცებით, შემკვეთსა და მენარდეს შორის მრავალწლიანი ურთიერთობა არსებობდა. აქედან გამომდინარე, მათ შორის ურთიერთობები რეგულირდებოდა ზეპირი ფორმით. კონკრეტულ შემთხვევაშიც, მენარდის მიერ ვადის დარღვევით მომზადებულმა დასკვნამ მოპასუხე კომპანიისთვის აზრი რომ დაკარგა, რაც მოსარჩელეს ზეპირი ფორმით შეატყობინეს.
8.3 აპელანტი მიუთითებს, რომ მხარეთა შორის მომსახურების ღირებულება 10 000 ლარით განისაზღვრა, რომლის ზღვრული ლიმიტი, მოსარჩელის მიერ დასკვნის მომზადების პერიოდისთვის ამოწურული იყო. ამის შესახებ იცოდა მოსარჩელემ (მენარდემ) ან უნდა სცოდნოდა. ეს კომპანიის მიერ თანხის აუნაზღაურებლობის ერთ-ერთი საფუძველი გახდა და მენარდის მიერ პროგრამულად გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა თანხის ანაზღაურების შესახებ, შემკვეთმა კომპანიამ პროგრამაში შესაბამისი ღილაკის მონიშვნით უარყო და გამომგზავნს დაუბრუნა, თუმცა, სულ სხვა სტატუსით (არა უარყოფილი, არამედ წაშლილი).
8.4 აპელანტის მტკიცებით, მათ მიერ სასამართლო სხდომაზე როგორც ზეპირად, ასევე - წერილობით განიმარტა, რომ კომპანიას მხოლოდ თანხმობის ან უარყოფის ფუნქცია ჰქონდა, ხოლო წაშლა გამომგზავნს შეეძლო. სასამართლომ არ შეისწავლა, რატომ წაშალა მოსარჩელემ, პროგრამიდან ანგარიშფაქტურა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ შემკვეთმა კომპანიამ როგორც პროგრამულად, ისე ზეპირად, უარი განაცხადა აღნიშნული დასკვნის მიღებაზე.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით შემკვეთის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.2 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის შემდეგი მითითება - მხარეთა შორის ურთიერთობები ზეპირი ფორმით რეგულირდებოდა და, კონკრეტულ შემთხვევაშიც, მოსარჩელის (მენარდის) მიერ ვადის დარღვევით მომზადებულმა ექსპერტიზის დასკვნამ კომპანიისათვის ინტერესი რომ დაკარგა, ზეპირი ფორმით შეატყობინეს მენარდეს.
9.3 სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ხაზი გაესვა ამ მიმართულებით მოპასუხის მტკიცების ნაკლზე და განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელსა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ,,affirmanti, non negate, incumbit probatio’’- ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა იმას, ვინც უარყოფს’’ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას, გასათვალისწინებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლომ მოიხმო სსსკ-ის 105-ე მუხლი და განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ ეს მტკიცებულება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებები შეფასება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში, უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება, უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება, წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
9.4 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე უნდა გადანაწილებულიყო, რომელმაც სასამართლოს სათანადო მტკიცებულებები ვერ წარუდგინა იმის შესახებ, რომ მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით მენარდის მიერ მომზადებულმა დასკვნამ ინტერესი დაკარგა, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც მენარდემ შემკვეთს შეატყობინა, ვადის დაცვით დასკვნის მომზადების შეუძლებლობის შესახებ.
9.5 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ანგარიშფაქტურა დასკვნის მომზადების შემდეგ გამოიწერა. მართალია, მენარდის მიერ პროგრამულად გაგზავნილი თანხის ანაზღაურების შესახებ საგადასახადო ანგარიშფაქტურა კომპანიამ პროგრამულად უარყო, მაგრამ - 2015 წლის 30 ივლისს, ექსპერტის დასკვნის მომზადების შემდეგ.
9.6 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ამოწურვა არ ქმნიდა გაწეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების გადახდაზე უარის თქმის საფუძველს. მითითებული ხელშეკრულებისა და შემკვეთის 2015 წლის 20 თებერვლის #01/1431 წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, კომპანიის საკუთრებაში არსებული ე.წ „მეორადი“ სასაქონლო-მატერიალური ქონების შეფასებასთან და მათი საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით მოთხოვნა, მხარეთა შორის სანარდო ურთიერთობების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა, რაც ორივე მხარეს შესაბამის უფლებებსა და მოვალეობებს აკისრებდა.
9.7 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოწინააღმდეგე მხარის (მენარდის) მიერ დასკვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით მომზადდა, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის (მენარდისათვის) უცნობი იყო შემკვეთის პოზიცია ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დასკვნის მომზადების იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ (მენარდემ) აპელანტს (შემკვეთს) ვადის დაცვით დასკვნის მომზადების შეუძლებლობის შესახებ შეატყობინა და ამ უკანასკნელმა პასუხი არ გასცა, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მენარდის მოთხოვნა, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გაწეული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე.
10. შემკვეთის საკასაციო საჩივარი
10.1. შემკვეთმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სარჩელის უარყოფა.
10.2. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები სააპელაციო საჩივრის იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების 7.2-7.3 ქვეპუნქტები). ამასთან, კასატორმა დამატებით მიუთითა, რომ ზღვრული ლიმიტი მოსარჩელის მიერ დასკვნის მომზადების პერიოდისათვის ამოწურული იყო. რაც კომპანიის მხრიდან თანხის აუნაზღაურებლობის ერთ-ერთი საფუძველი (ასევე აუდიტის დასკვნა არ იყო წარდგენილი) გახდა და არა ერთადერთი, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიუთითა.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შემკვეთის საკასაცო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, შემკვეთის საკასაციო განაცხადის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე დაყრდნობით სწორად გადაანაწილა. მენარდის მიერ ვადის დარღვევით მომზადებულმა ექსპერტიზის დასკვნამ, შემკვეთისათვის (კომპანიისათვის) აზრი რომ დაკარგა აღნიშნულის მტკიცების ტვირთი ამ უკანასკნელს ეკისრებოდა, რაც მან სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ შეძლო. მით უფრო, იმ პირობებში, როცა მოწინააღმდგე მხარემ (მენარდემ) კასატორს (შემკვეთს) დასკვნის ვადაში მომზადების შეუძლებლობის შესახებ შეატყობინა.
18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, საქმეში არსებულ, მოწინააღმდეგე მხარის (მენარდის) მიერ შემკვეთისათვის გაგზავნილ საგადასახადო ანგარიშფაქტურის თარიღზე და მიუთითებს, რომ ანგარიშფაქტურა მომზადდა 2015 წლის 30 ივლისს - დასკვნის მომზადების შემდეგ, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოწინააღმეგე მხარის (მენარდის) საგასახადადო ანგარიშფაქტურის პროგრამულად წაშლის ფაქტი არ შეისწავლეს. ანგარიშფაქტურის მომზადების თარიღიდან გამომდინარე, აღნიშნულს საქმისათვის სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს.
19. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომელშიც მითითებულია (იხ. საქმე # ას 1226-1146-2017, 17.11.2017წ.) ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება. ზოგადად, ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება იმ განსაზღვრული მომენტის დადგომა, როდესაც ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს. ის ჩვეულებრივ განისაზღვრება ხელშეკრულებით (თუმცა შესაძლებელია შესრულების დრო განსაზღვრული იყოს სასამართლო გადაწყვეტილებით, კანონით ან ცალმხრივი გარიგებითაც). ყველაზე მეტად გავრცელებულია ვალდებულების შესრულების გარიგებით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული ვადები. ამ შემთხვევაში შესრულების დროის შეთანხმება შეიძლება აშკარად გამოხატული ან დუმილით ნაგულისხმევი იყოს. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების დრო შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტური, ისე რელატიური ბუნების. აბსოლუტურია ვადა, როდესაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულება კარგავს ყოველგვარ ინტერესს. რელატიური ვადის შემთხვევაში ვადის გადაცილება აზრს არ უკარგავს ვალდებულების შესრულებას, მხოლოდ ართულებს მას ანუ შესრულება გამოსწორებადია. ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა შეიძლება განსაზღვრონ არა მხოლოდ სამუშაოთა დასრულების ვადები, არამედ სამუშაოთა დაწყებისა და შუალედური ვადებიც. იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ ნარდობის ხელშეკრულებით, შესრულების დრო განისაზღვრება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა -time is of the essence. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთ გავრცელებულ შემთხვევას წარმადგენს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან შემკვეთის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. თუ შემკვეთის მოთხოვნის მიუხედავად მენარდე არ ასრულებს სამუშაოს, იგი არღვევს ვალდებულებას სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მნიშვნელობით. გაფრთხილება ვალდებულების შესრულების უპირობო და არაორაზროვან მოთხოვნას წარმოადგენს. გაფრთხილება იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ გამორიცხავდეს ყოველგვარ ეჭვს კრედიტორის ინტერესში მიიღოს დროული შესრულება“ და აღნიშნავს, რომ შემკვეთს (კომპანიას) სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა მენარდეს შეატყობინა, რომ ვადის დარღვევით შედგენილმა დასკვნამ მისთვის ინტერესი დაკარგა, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
20. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კასატორის პრეტენზიის მიმართ ე.წ. ,,ჩარჩო“ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ამოწურვასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ კასატორის (შემკვეთის) 2015 წლის 20 თებერვლის #01/1431 წერილი სასაქონლო-მატერიალური ქონების შეფასებასა და მათი საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით, მხარეთა შორის ნარდობის ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს, რაც შემკევთს და მენარდეს შესაბამის უფლებებსა და მოვალეობებს აკისრებს.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "თ.ს.კ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "თ.ს.კ–ას" (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 354,50 ლარის (საგადასახადო დავალება N206, გადახდის თარიღი 2018 წლის 13 ივლისი), 70% – 248,15 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე